კომპანია Toyota-მ ირანში ავტომობილების ექსპორტის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, რისი მიზეზიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ აშშ-ისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებია.
როგორც იაპონური ავტოკომპანიის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, ირანში ავტომობილების შეტანის შეწყვეტის თაობაზე Toyota-ში ჯერ კიდევ ივნისში ფიქრობდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის სანქციების შემდეგ მიიღეს.
Toyota-ში გააანალიზეს, რომ თუკი ირანში ავტომობილების ექსპორტს არ შეწყვეტდნენ, ამერიკისთვის "არასასურველი" კომპანიების სიაში აღმოჩნდებოდნენ. თუმცა, ექსპერტთა თქმით, იურიდიულად Toyota-ს ამერიკული სანქციებით გათვალისწინებული აკრძალვა არ ეხებოდა.
იაპონური ავტოკონცერნის გადაწყვეტილება ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ივლისის მონაცემებით, Toyota-მ აშშ-ში 169,2 ათასი ავტომობილი გაყიდა, მაშინ როცა, წელს ირანში ამ ფირმის სულ 220 ავტომობილი გაიყიდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.