ავტორი:

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

ერთ გასაოცარ ქალბატონზე მინდა, გიამბოთ. ადამიანზე, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ დადგა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. იგი დღესაც კვლავ ამ ზღვარზე აღმოჩნდა და საზოგადოების თანადგომა სჭირდება...

ქეთევან შარმიაშვილი დაბა სიონიდან არის, წლების წინ ერთმანეთს სიმღერამ შეგვახვედრა და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით. სიმღერამ შეგვახვედრა-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს, რადგან სწორედ ქეთევანმა ჩამოაყალიბა სიონში პირველი ბავშვთა ანსამბლი "სიონის ზარები" და მას შემდეგ ამ ანსამბლმა ის ულამაზესი კუთხე მხოლოდ ტბითა და ჰაერით კი არა, ფშაური ფოლკლორითაც პოპულარული გახადა.

სხვათა შორის, სწორედ იმ პირველი თაობის მომღერალი, ქეთევანის აღზრდილი იყო ბევრისთვის საყვარელი შემსრულებელი და ადამიანი, ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილი. სწორედ ამ ანსამბლის ერთ-ერთი თაობის და შემდეგ უკვე თიანეთის სხვადასხვა სკოლების ბავშვები მონაწილეობდნენ საქართველოს რადიოს პირველ არხზე ჩემს მეგობრებთან ერთად დაარსებული ბავშვთა ქართული სიმღერის პირველ ფესტივალში.

ქეთევან შარმიაშვილს თეატრალური ინსტიტუტის (დღევანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სცენაზეც ხშირად მღეროდა. თუმცა მომღერლობას მაინც თავისი კუთხისთვის - ფშავისთვის და ფშაველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კარგი საქმეების კეთება ამჯობინა.

მოსწავლეთა შესანიშნავი ანსამბლი ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესებამ ძალიან შეაფერხა ბავშვებთან მეცადინეობები, ამას პანდემიაც დაერთო და...

ბავშვები და მათი მშობლები მაინც მოუთმენლად ელიან საყვარელ ქეთევან მასწავლებელს და სხვა მასწავლებელზე კატეგორიულად არ თანხმდებიან. არც არის გასაკვირი, რადგან ქეთევანს სწორედ ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული აძლიერებს - საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, არც შვილები ჰყავს და თავისი თიანეთელი მოსწავლეები, ლამის, შვილებივით მიიღო. ამას ბავშვებიც გრძნობენ და იმიტომაც არიან ასე მიჯაჭვულები მასზე, მაგრამ... ქეთევანმა მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში დაბრუნება რომ შეძლოს, უპირველესად, ჯანმრთელობამ უნდა შეუწყოს ხელი.

ჯანმრთელობის პრობლემები კი მას 2005 წელს, უბედური შემთხვევით გამოწვეული მუხლის ტრავმით და დილეტანტის მიერ სპონტანურად ჩატარებული ე.წ. ოპერაციით დაიწყო. მას კიდევ რამდენიმე მძიმე ოპერაცია, ტკივილი, ტანჯვა და უძილო ღამე მოჰყვა, მერე კი... ქეთევანი ყოველთვის იმოწმებდა მუხლის მდგომარეობას, რადგან შიგადაშიგ ტკივილებიც აწუხებდა და სიარულიც უჭირდა. 2015 წელს, ექიმთან რომ მივიდა, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტარა და სარკომის დიაგნოზი დაუსვეს, მეტიც, ფეხის მოჭრას უპირებდნენ.

აქედან სარკომასთან ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. ფეხის მოჭრაზე კატეგორიულად წინააღმდეგი წავედით და ალტერნატიული გზის ძებნა დავიწყეთ. ანკარაში მცხოვრები სამედიცინო ინჟინერი და მეცნიერი, თბილისელი ნიკოლაი ვისკუშენკო და მისი შესანიშნავი დედა - ირინა დაეხმარნენ ქეთევანს, როცა ის თურქეთში გაემგზავრა სამკურნალოდ.

იქ დასმული დიაგნოზი კი ასეთი გახლდათ - მუხლის სახსრის რბილი ქსოვილების მულტირეციდივული და მეტასტაზური დაბალხარისხიანი სარკომა, მეტასტაზი არსებობდა ბარძაყის ლიმფურ კვანძებშიც. რადგან ქეთევანი ფეხის მოჭრის წინააღმდეგი იყო, თურქმა ონკოლოგმა და ქირურგმმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა იუსუპ ილდიზმა ორი უნიკალური ოპერაცია დანიშნა - პირველი მუხლზე, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და ორი კვირის შემდეგ მეორე, ბარძაყის მეტასტაზების ამოკვეთისას - 4-საათიანი.

ამას მოჰყვა თბილისში რადიოსხივური თერაპია, რომელმაც პროცესი კი შეაჩერა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამწვრობა გამოიწვია. ქეთევანი ყოველწლიურად ჩადის თურქეთში და ფეხის მდგომარეობას იმოწმებს. ერთი წლის წინ მუხლის ნაჭრილობევთან, დამწვრობის ადგილას ინფექცია განვითარდა და ფეხის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. ის ისევ თურქეთში გაემგზავრა, სადაც სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთდა.

იმასაც გეტყვით, რომ ამ ოპერაციებს და მას შემდეგ თურქეთში ე.წ. პეტის ყოველწლიურ კვლევას მხოლოდ საკუთარი ფინანსებით ქეთევანი ვერაფრით შეძლებდა, რომ არა სიონელებისა და თიანეთელების, ადგილობრივი თუ ქვეყნის ხელისუფლების, მისი მეგობრების დახმარება, შემწეობა, თანადგომა. რადგან ეს ადამიანი ძალიან უყვარს თიანეთს, ყველა მეგობარს, დიდს თუ პატარას, ვინც კი მას იცნობს.

იქიდან ჩამოსულ ქეთევანს ზედიზედ კიდევ ორი სამწუხარო ამბავი დაემართა: ზაფხულშივე თავისი სახლის ეზოში წაიქცა და ნაოპერაციევი ფეხი მოტყდა. კვლავ სასწრაფო ოპერაცია და ლითონის ჩადგმა დასჭირდა, რასაც ისევ და ისევ განცდები და ტკივილები მოჰყვა. ნაჭრილობევი კვლავ გაურთულდა, ლითონის ფირფიტა ვერ მიიღო სხეულმა და კიდევ ერთი ოპერაცია დაინიშნა - ამჯერადაც ლითონით, ოღონდ სხვა მეთოდით უნდა დაეფიქსირებიათ მუხლი.

ჭრილობამ ნელ-ნელა შეხორცება დაიწყო და ქეთევანმაც უკვე მერამდენედ, ხელახლა "აიდგა" ფეხი, ოღონდ ორი ყავარჯნით. თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, თვითონაც იმედი ჩაესახა, რომ ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და გაუსაძლისი ტკივილები, მაგრამ... ერთი თვის წინ კიდევ მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ - ჰემორაგიული ინსულტი!

მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რასაც მისი ფეხის პრობლემაც ამძიმებს, თუმცა ქეთი კვლავ მედგრად აგრძელებს ბრძოლას...

ასეთი ძლიერი და შეუპოვარი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. საკუთარ დარდსა და ტკივილს არაფრით გახვევს თავს და მუდამ უფლის იმედად არის, მისი შემწეობა აძლიერებს და უკეთეს ხვალინდელ დღეზე საფიქრელად, საბრძოლველად განაწყობს... ამჯერადაც მზადაა სიცოცხლისთვის იბრძოლოს, დანებებას არ აპირებს, მაგრამ უკვე ყველა რესურსი ამოიწურა - გასაყიდი აღარაფერი დარჩა, გარდა სიონის სახლისა, სადაც ცხოვრობს.

თავად დახმარების თხოვნით ვინმეს შეწუხებას მუდამ თავს არიდებს, მაგრამ ამჯერად მეგობრებმა დავარწმუნეთ, რომ ეს აუცილებელია და როგორც თვითონ იზიარებს ყველას ამგვარ თხოვნას და ეხმარება, სირცხვილი სულაც არ არის, თავადაც ითხოვოს!

გთხოვთ, ვისაც როგორ შეგეძლებათ, შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ ამ ძალიან ნიჭიერი და გულიანი ადამიანის სიცოცხლე.

ანგარიშის რეკვიზიტებია:

სს "ლიბერთიბანკი"

GE16LB0711102978645140

მიმღები ქეთევან შარმიაშვილი

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური აქცია გრძელდება