ავტორი:

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მადლობას გამოხატავს აშშ-ში საქართველოს საელჩოს ელჩისა და ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებმაც მძიმედ დაავადებულ ამერიკელ ახალგაზრდას უკანასკნელი სურვილი აუსრულეს და სახლში ქართული სუფრა მიართვეს.

სამადლობელ წერილს აშშ-ს საელჩო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მადლიერებას გამოხატავს ამერიკაში მცხოვრები ქართული თემისა და ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს მიმართ, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ოჰაიოს მკვიდრი, ლეიკემიით დაავადებული პაციენტის სურვილის ასასრულებლად, როდესაც მან ნამდვილი ქართული კერძები ინატრა.

ავადმყოფობამდე ახალგაზრდა კაცი საქართველოს სტუმრობდა, სადაც შეიყვარა ქართველი ხალხი და ქართული სამზარეულო. მკურნალობის დაწყებამდე იგი საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. მისი თხოვნის საპასუხოდ, ქართული თემის წარმომადგენლები გაემგზავრნენ მასთან სახლში, დეიტონში, ოჰაიოს შტატში, რათა მოემზადებინათ და პირადად გამასპინძლებოდნენ მას ნამდვილი ქართული სუფრით.

ასეთი კეთილშობილური და გულწრფელი ჟესტი, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში, ქართული დიდსულოვნების ჭეშმარიტი გამოხატულება და იმ ურთიერთობების ძლიერი პატივისცემაა, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხებს აკავშირებს. უღრმესი მადლობა ქართულ თემს ამერიკაში, საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში და ელჩ დავით ბაქრაძეს" - ნათქვამია მადლობის წერილში.

შეგახსენებთ, ეს ემოციური ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო - "ფეისბუქის" ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia, უცხოელმა მამაკაცმა ფილიპ კოვალსკიმ თხოვნით მიმართა ქართველებს - მას მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული სუფრის გაკეთება სურდა და ელოდა, რომ რჩევებს მიიღებდა ინტერნეტმომხმარებლებისგან.

მეთიუს, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობს, ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ექიმებმა მას სიცოცხლის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განუსაზღვრეს. მეთიუს ერთ-ერთი ბოლო სურვილიც სწორედ ეს არის - საქართველოზე შეყვარებულს, კიდევ ერთხელ გაესინჯა გემრიელი ქართული კერძები.

მეგობრის თხოვნა და მეთიუს უკანასკნელი სურვილი ახდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით - ელჩმა, დავით ბაქრაძემ მეთიუს სახლში მზარეულები გაუგზავნა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებულისთვის გემრიელი ქართული კერძები მოამზადეს.