ავტორი:

სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."

სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."

კორონავირუსის პანდემიის გამო სომხეთის საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის. გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც კლინიკაში ვერ გადაიყვანეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ამ ფონზე კი, ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იმატებს და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს.

მანვე შოკისმომგვრელი ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ ადამიანი მხოლოდ იმის გამო გარდაიცვალა ვირუსით, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში ვერ შეძლეს:

"სამწუხაროდ, დღეისათვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეა გადატვირთული, რომ საავადმყოფოებში ვერ იღებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.

მეტსაც გეტყვით, უკვე ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დაგვიანების გამო, ადამიანი დაიღუპა. ამას ორმაგი მიზეზი ჰქონდა - ერთი ის, რომ ოჯახმა გვიან შეატყობინა სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მდგომარეობის შესახებ და შემდეგ, სამწუხაროდ, რეაქციამაც დაიგვიანა" - აღნიშნა პრემიერმა.

კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ინტენსიური თერაპიული მკურნალობა, თუმცა ექიმებმა დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან რეანიმაციები სრულიად გადატვირთულია.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ქვეყანა უკვე კრიტიკულ სიტუაციამდე მივიდა.

"ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ. პრობლემის გადაწყვეტა კი ერთადერთია - მთელ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ანტიპანდემიური მოძრაობა და ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ პირობებში, როცა საავადმყოფოებში ადგილი არ არის, ის ან მისი ახლობელი შეიძლება ემსხვერპლოს ვირუსს.

დღეს ჩვენ ახლოს ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება ტოტალური კარანტინის შემოღების თაობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს" - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს შემოიღეს და ორჯერ გააგრძელეს, ბოლოს 13 ივნისამდე. თუმცა, 18 მაისის შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა დაწესებულება მუშაობს, მოძრაობს ტრანსპორტი და მუშაობს საბავშო ბაღებიც კი.

დღეის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი 13 500-მდე ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 4 000 გამოჯანმრთელდა, 200-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამასთან, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები, რომელთაც ვირუსი 31 მაისს დაუდასტურდათ. პრემიერმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა