ავტორი:

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარ-მუზეუმს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. თუმცა, მედიის ცნობით, დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება მოზაიკებისა და ფრესკების ფარდებით დაფარვა მუსლიმური მსახურების დროს.

თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში, მუზეუმად ქცეულ ტაძარში, რომელსაც ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა, დამთვალიერებლების შეშვების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებული ინფორმაციით, ტურისტებისთვის სპეციალური დერეფნები მოეწყობა, რათა მათ ლოცვის დროს ფეხი არ დაადგან მლოცველების ხალიჩებს.

ასოცირებული პროფესორი, თურქოლოგი ზურაბ ბატიაშვილი AMBEBI.GE-სთან ტაძრის ისტორიაზე და მისი სტატუსის შეცვლის მნიშვნელობაზე საუბრობს:

- ტაძარი მე-6-საუკუნეში, 537 წელს აშენდა და მრავალი საუკუნის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ტაძარი იყო... რა შემიძლია ვთქვა მასზე? დედამიწაზე საკრალური ადგილები თუ არსებობს, ალბათ ერთ-ერთი აია-სოფიაა. იქ, ადგილზე ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს და სულ სხვა გრძნობები იღვიძებს. მზის სხივებიც კი არ შემოდის, ჯერ სანთელივით იღვენთება შიგნით, შემდეგ კი, მდინარეებად იქცევა და ავსებს ტაძარს. ამით კიდევ უფრო იდუმალი ხდება იქაურობა.

ხშირად მიფიქრია, რომ აია-სოფია ცოცხალია და საუკუნეების განმავლობაში სულ გვესაუბრება მოკვდავებს. ოღონდ ყველას ინდივიდუალურად მოგვიდგება ხოლმე - გააჩნია რაზე გსურს მასთან საუბარი. ჰოდა, რეალურად, აია-სოფია დღესაც ცოცხალია და ისევ ყველას გვესაუბრება.

ტაძარი თავისი უზარმაზარი გუმბათით, შთამბეჭდავი ინტერიერით, უნიკალური ელინისტური სვეტებითა და ბიზანტიური მოზაიკური ფრესკებით, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავდა.

უფრო დეტალურ ისტორიულ წიაღსვლებს თუ გავაკეთებთ, ვიდრე მუსლიმანური სარწმუნოება წარმოიქმნებოდა, იქამდე ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე პირველი იყო და სწორედ მისი განკარგულებით აშენდა აია-სოფია. მას შემდეგ, რაც ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებლურ რწმენებად გაიყო, 1054 წლიდან ის მსოფლიო საპატრიარქოს და მართლმადიდებლური მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია და მთავარი ტაძარი გახდა.

1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, კათოლიკურ ეკლესიად იქცა... 1453 წლის 29 მაისს კი, როდესაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, სულთან მეჰმედ II-ის დავალებით, ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა და ასე დარჩა მე-20 საუკუნემდე.

- ვიდრე ათათურქი გამოჩნდებოდა, არა?

- დიახ, პროგრესულად მოაზროვნე ქემალ ათათურქმა და მისმა გუნდმა ყველაფერი შეცვალეს თურქეთში... სხვათა შორის, არსებობს 1931 წელს გადაღებული უნიკალური ფოტო, სადაც ასახულია აია-სოფიაში ამერიკელი მეცნიერების მიერ დაწყებული სამუშაობის შედეგად გამოჩენილი უძვირფასესი ქრისტიანული მოზაიკები.

ათათურქმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი იყო, აია-სოფია მუზეუმად გადააკეთა. თუმცა, თურქეთის კონსერვატული ძალების ინტერესებში ყოველთვის იყო ის, რომ ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსი დაებრუნებინათ. ასე იყო მანამდეც და მერეც. ათათურქის დროს, ტაძრის ნაწილში გაიხსნა მეჩეთი მუსლიმი მლოცველებისთვის, შემდგომში მინარეთებიდან ხდებოდა მომლოცველთა მოხმობა.

- აია-სოფია ორ რელიგიურ სამყაროს შორის შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოდ იყო აღიარებული...

- ამ ტაძარს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ზოგისთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ნაწილისთვის - ოსმალეთის ბიზანტიაზე გამარჯვების სიმბოლო, ბევრისთვის, თურქეთის სეკულარიზმის სიმბოლო. ანუ ბევრნაირი ინტერპრეტაცია ჰქონდა, ყველასთვის სათავისო.

- რას შეცვლის მისი მეჩეთად გადაკეთება მსოფლიოში?

- აქ პოლიტიკა და ტურიზმი უნდა გავმიჯნოთ, თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, მუზეუმს, ცხადია, ბევრად მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა, ვიდრე მეჩეთს ეყოლება. ამიტომ, თურქეთში სურთ მოაწყონ სპეციალური კორიდორი ტურისტებისთვის, სადაც ხალიჩა არ იქნება და დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ტაძარში შევიდეს. ასევე, ბილეთები აღარ იქნება, აქამდე 100 ლირა ღირდა შესვლა.

ამასთან, მუსლიმური ლოცვის დროს, გამოსახულებები დაფარული უნდა იყოს და შესაბამისად, სურთ, ფრესკების ნაწილს ფარდა ჩამოაფარონ, ან სპეციალური განათება გააკეთონ, რათა ლოცვის დროს ისინი აღარ გამოჩნდეს.

პოლიტიკურ მხარესაც ვერ ავუვლით გვერდს და მოკლედ ვიტყვი: ამით თურქეთმა დანარჩენ სამყაროს აჩვენა, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საგარეო მიმართულებას თავად განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და მხოლოდ თურქეთს კი არა, მთელ მსოფლიოს ეკუთვნის, ერდოღანი მაინც ჯიუტად ამბობს, რომ შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი არ გაითვალისწინოს" - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

აია-სოფიას ბიზანტიური მოზაიკა

თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნატა აფაქიძე AMBEBI.GE-ს ადგილობრივების განწყობაზე უამბობს.

- წლებია თურქეთში ვცხოვრობ და ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობ, ჩემს თურქ კოლეგებთან ერთად. ასეთი დაბნეული და გაღიზიანებული თურქები არასდროს მინახავს. მათი თქმით, ერდოღანის და მის მიერ დაქვემდებარებული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, მათი ღირსება შელახა. მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ, თურქეთი სეკულარული სახელმწიფო აღარ არის და ძალიან მალე, ქვეყანა ამას ინანებს, რადგან ბევრი რამის გამო ერდოღანის ხუშტური ძვირად დაუჯდებათ...

ამ გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ ერდოღანის კონსერვატიული მხარდამჭერები გაახარა. მათი თქმით. თურქმა ერმა ძველი დიდება დაიბრუნა. აქ სიტყვის თავისუფლება თანდათან იზღუდება და შესაბამისად, მოწინააღმდეგების ხმა მკაფიოდ არ ისმის...

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?