ავტორი:

რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე

რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე

დროული ახალშობილი ნიშნავს, როდესაც ის იბადება ორსულობის 37-დან - 42 კვირამდე, ხოლო დღენაკლი ახალშობილი ნიშნავს, როდესაც ის იბადება 22 დან-37 კვირამდე. თავის მხრივ, დღენაკლულობა იყოფა ორ ნაწილად, ადრეული (22-34კვ) და გვიანი დღენაკლულობა (34 -37კვ).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად იბადება 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილი და ეს რიცხვი წლიდან-წლამდე მატულობს.

როგორც "გაგუას კლინიკის" მეან-გინეკოლოგი გიორგი ბიჭიაშვილი განმარტავს, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით, პროცენტულად ეს მაჩვენებელი შეადგენს მთლიანად ახალშობილების 5%- 18%-ს.

მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებსა და ბავშვთა ინტენსიურ თერაპიასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრება.

- უმეტესად რით არის გამოწვეული ნაადრევი მშობიარობა?

- უმეტესწილად ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზი რჩება უცნობი. თუმცა არსებობს რიგი მდგომარეობები, რომლის დროსაც ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მაღალია, ესენია: მრავალნაყოფიანი ორსულობა, ინფექცია, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და გენეტიკური ფაქტორები.

არსებობს ასევე მდგომარეობები, როდესაც ნაყოფის ინტერესებიდან ან ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საჭირო ხდება ორსულობის ნაადრევ ვადაზე დასრულება, იქნება ეს ფიზიოლოგიური მშობიარობით თუ საკეისრო კვეთის გზით. როდესაც ორსულობის დროს წარმოიშობა ნაადრევი მშობიარობის რისკები, აუცილებელია ორსულის კლინიკაში მოთავსება და სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ნაადრევად დაბადებული ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

- დღენაკლული ბავშვების გადარჩენა არის თუ არა დღეს პრობლემატური საკითხი?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გლობალურად დღენაკლულობით გამოწვეული გართულებები, 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. 2019 წელს მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვებში, დღენაკლულობის გართულებებით გამოწვეულმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 1 მილიონი შემთხვევა.

რაც უფრო მიახლოებულია მშობიარობა ორსულობის დროულ ვადასთან, მით უფრო კლებულობს გართულებების და მათ შორის, ლეტალური გამოსავლის ალბათობა.

- რას ნიშნავს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება?

- ახალშობილები, რომლებიც დაბადების შემდეგ საჭიროებენ ინტენსიურ სამედიცინო პატრონაჟს, მოთავსდებიან და მკურნალობის კურსს გადიან „ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“. აღნიშნული განყოფილება აღჭურვილია მოწინავე სამედიცინო აპარატურით და სპეციფიურად დატრეინინგებული სამედიცინო პერსონალით, რაც აუცილებელია ახალშობილთა პატრონაჟისთვის.

- უმეტესად, რა პრობლემებით ხვდებიან ჩვილები ინტენსიურ თერაპიაში?

- ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შეიძლება მოხვდეს ახალშობილი, რომელიც საჭიროებს მცირე სამედიცინო პატრონაჟს, რაც გამოიხატება პაციენტზე დაკვირვებაში და მის გამოზრდაში, ესეთი შეიძლება იყოს მცირე წონის ახალშობილი ან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომი, სუსტი წოვა და სხვა.

გარდა ამისა, არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს ახალშობილს მკურნალობის კურსის გავლა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ეს შეიძლება იყოს ფილტვების მოუმწიფებლობა, რაც გვხვდება ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში და გამოიხატება სუნთქვითი პრობლემებით, ასევე ინფექცია, ჰიპოგლიკემია, პოლიციტემია, ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები, გულყრები და სხვა.

- რა სახის მკურნალობა უტარდებათ მათ ინტენსიურ თერაპიაში?

- ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განოფილებაში ახალშობილთა მკურნალობა ძალიან კომპლექსური და ფართო საკითხია, ის შეიძლება მოიცავდეს დაკვირვების რეჟიმს ან ისეთ სამედიცინო პატრონაჟს როგორიცაა: ინვაზიური ან არაინვაზიური რესპირატორული დახმარება, ენტერალური ან სუბპარენტერალური კვება, გულყრების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ფოტოთერაპია და სხვა.

- როგორც წესი, მშობიარეებმა იციან ხოლმე, რომ მათი ბავშვი პრობლემით იბადება და ინტენსიური თერაპია დასჭირდება თუ ეს მშობიარობის დროს ირკვევა?

- როგორც წესი, არსებობს მდგომარეობები, როდესაც გარკვეული დიაგნოზი დასმულია ორსულობისას, რა დროსაც სამედიციონო პერსონალმა და მშობიარემ წინასწარ იციან, რომ ახალშობილი იბადება გარკვეული პათოლოგიით და მშობიარობის პროცესს ხვდებიან მომზადებულად.

იშვიათად, მაგრამ შეიძლება მოხდეს, რომ პრობლემა წარმოიშვას მშობიარობის პროცესში, ან მშობიარობის შემდგომ, რისი პროგნოზირებაც წარმოუდგენლად რთულია და ამ დროსაც ახალშობილს შესაძლოა დასჭირდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

- როგორ ხდება დღენაკლული ბავშვების კვება? შეუძლიათ თუ არა მათ დედის რძის მიღება?

- ნაადრევ ახალშობილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ დღენაკლულობის გამო არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული წოვა-ყლაპვის რეფლექსი, საჭიროებენ კვებას სპეციალური ნასოგასტრალური ზონდით.

ჩვენგან ყოველთვის ხაზი ესმევა დედის რძის უნიკალურობას და შეუცვლელობას. ყოველთვის ვცდილობთ, ახალშობილთა მშობლები დავარწმუნოთ და დავითანხმოთ ახალშობილების დედის ბუნებრივი რძით კვებაზე, თუნდაც ხსენის რამოდენიმე წვეთი ახალშობილის ჯანმრთელობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ის ახდენს ისეთი მდგომარეობების პრევენციას როგორიცაა ბრონქ-ფილტვის დისპლაზია, იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმს უფრო ბრძოლისუნარიანს ხდის სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში.

- ამ მიმართულებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინები როგორია?

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს ისეთი სამედიცინო ცენტრების არსებობის აუცილებლობას, სადაც ერთ ჭერ ქვეშ გაერთიანებულია სამშობიარო სახლი და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ში არსებული „დედათა და ბავშვთა ცენტრები“, სადაც ისევე როგორც „გაგუას კლინიკაში“, აუცილებლობის შემთხვევაში მშობიარობის პროცესს ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა მთელი გუნდი, რომლებიც მზად არიან ახალშობილის დაბადებისთანავე, დროის კარგვის გარეშე დაიწყონ ახალშობილზე ზრუნვა და მკურნალობა.

- რა უპირატესობა აქვს სამშობიარო სახლში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის არსებობას?

- მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამშობიარო სახლის და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ერთ ჭერ ქვეშ არსებობა, წარმოადგენს ახალშობილების ჯანმრთელობის უფრო მეტი დაცულობის გარანტს.

სამეანო პრაქტიკაში და ზოგადად ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ზოგჯერ წარმოიქმნება სამეანო გადაუდებელი მდგომარეობები, რა დროსაც ახალშობილთა რეანიმატოლოგის დროულ და კვალიფიციურ ჩარევას, ახალშობილისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ორსული ირჩევს სამშობიარო სახლს, თუ სად უნდა იმშობიაროს, გამოცდილი სამეანო გუნდის გარდა, მათთვის ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს სამშობიარო სახლი, რომელიც აღჭურვილია ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტით.

2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ