ავტორი:

"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა

"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი ხელისუფლების რეფორმები და "საკადრო ცვლილებები" ადგილობრივებისთვის მორიგი დიდი იმედგაცრუებით დაიწყო - იანვრის სოხუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ახრა ავიძბა, რომელიც ე.წ. მთავრობის სახლში მხარდამჭერებთან ერთად იარაღით შევარდა, "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მრჩევლად დაინიშნა საერთაშორისო საკითხებში.

მის სახელს უკავშირდება, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იარაღის არსენალის დაკარგვა და იქაურობის ძარცვა... კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში საცხოვრებლად 2011 წელს ჩავიდა, აფხაზურ მედიაში იანვრის დასაწყისში, აფხაზეთის "რევოლუციამდე" გამოჩნდა.

ავიძბა, მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბიძაშვილია და მის მკვლელობასთან დაკავშირებით, აფხაზურ ტელევიზიას შეიარაღებული აძლევდა ინტერვიუს.

"უკრაინაში, სადაც ომია, ერთი რევოლვერით დავდიოდი, აფხაზეთში კი, ვითომ მშვიდობაა, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულს მიწევდა გადაადგილება, რადგან თავს უსაფრთხოდ არ ვგძნობ..." - ამბობდა ავიძბა, რომლის გამოჩენასაც აფხაზურ მოსახლეობაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

"სისხლზე დაგეშილი, ყველგან წავა, სადაც ომია, ოღონდ კი სიკვდილი ნახოს, ხელში იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს..."

ავიძბას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიაში კომანდირის წოდება ჰქონდა

"დავიღალეთ ამ შეიარაღებული, აგრესიული და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, რომლისთვისაც მთავარია, სადმე იბრძოლოს და ფული იშოვოს. ბჟანია-ანქვაბის გუნდო, მოაშორეთ ეს სისხლიანი ადამიანები თქვენი გარემოცვიდან!" - წერდნენ მაშინ აფხაზები სოციალურ ქსელში, თუმცა, ასეთი განწყობების კვალდაკვალ, ავიძბას გულშემატკივრებიც ჰყავდა...

მაშინ ბჟანიას გუნდმა ჭკუა იხმარა და ავიძბა ცოტა ხნით გადამალა. არსებობს ვერსიაც, რომ ანქვაბი-ბჟანია არც განიხილავდნენ მის "თანამდებობაზე" დანიშვნას, მოსახლეობის განწყობის გამო, თუმცა მოარული ხმებით, ავიძბაზე, რომელსაც არათუ შესაბამისი განათლება, არავითარი საჭირო მონაცემი არ აქვს, "რუსეთმა მკაცრი რეკომენდაცია გასცა, რომ სამთავრობო გუნდს ის დაეფასებინა..."

ამასთან, ანქვაბი-ბჟანია ვალში არიან ავიძბას წინაშე, სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდების, ალხას ავიძბასა და ასტამურ შამბას საქმესთან დაკავშირებით, საპროტესტო ტალღას მთავარი მუხტი ახრა ავიძბამ და მისმა თანამებრძოლებმა შესძინეს. ის "ყოფილ პრეზიდენტს", რაულ ხაჯიმბას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა და მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ძალოვანი უწყების "მაღალჩინოსნები", მათ შორის, “შს მინისტრი” და მისი მოადგილეები გადააყენეს.

ავიძბა ოჯახით

ავიძბა წლების განმავლობაში, უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. აფხაზები ამბობენ, რომ იქიდან წამოღებული ფულით, აფხაზეთში ბიზნესიც წამოიწყო და გააფართოვა კიდეც, როდესაც მისი კრიმინალი ბიძაშვილი, სოხუმში მოკლული ალხას ავიძბა ცოცხალი იყო. ცნობისთვის, ალხაზ ავიძბა გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდის, რაულ ბარცბას "მარჯვენა ხელი" იყო. სწორედ მათი ძალაუფლების შესაკვეცად მოაშორეს ავიძბა და შამბა, რადგან კრიმინალების “სამეული” ე.წ. ხელისუფლებას ტურიზმის ბიუჯეტის წილში ჩაჯდომას იმ “სტაბილურობის სანაცვლოდ სთხოვდა, რასაც რეგიონში მიაღწიეს".

ახრა ავიძბას "თანამდებობაზე" დანიშვნამ აფხაზი მოსახლეობის ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათი მოსაზრებით, იმედი, რომ რეგიონში რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, აღარ არსებობს.

"გმადლობთ, ბატონო ანქვაბ, ბჟანია! უკვე საბოლოოდ დავიჯერე, რომ აფხაზეთი ვეღარასდროს განვითარდება. იარაღის, კრიმინალური გარჩევების, ნარკოტიკის, უკანონობის, ჩახოცილი ახალგაზრდების, წართმეული ბიზნესისა და დანგრეული ქალაქების გარეშე ვეღარასდროს ვიცხოვრებთ. ახრა ავიძბა არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი კეთილდღეობისთვის. ვისთვის იბრძოდა უკრიანაში, რა ღირებულებებისთვის?! რა ცოდვა გვაქვს ასეთი, რომ ლამის ნახევარი საუკუნეა ჭაობიდან ვერ ამოვედით?!" - წერს ანია ცარგუში.

"დიდი იმედი არ მქონდა, რომ ანქვაბი და ბჟანია კრიმინალს რეალურ ბრძოლას გამოუცხადებდნენ, მაგრამ პირდაპირ კრიმინალის კლანს თუ დანიშნავდნენ, არ მეგონა... ქვეყანა არასდროს გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება. წადით ახალგაზრდებო აქედან! თავს უშველეთ, ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება" - წერს ალექს აჟიბა.

“რა დამსახურებისთვის დანიშნეს ავიძბა ამ პოსტზე, ან რა განათლება აქვს, ფანჯრიდან ხტება კარგად? პირდაპირ გვითხრან, რომ ამისთვის დაიბარეს ბჟანია მოსკოვში... ახლახან გვაცნობეს, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებებს განაგრძობს, ახლა უკვე ვიცით რატომაც - ავიძბას მოგვარებული საგარეო ურთიერთობები აუცილებლად მაღალი დიპლომატიური კლასის იქნება. ჯერ იქნებ ხალხთან მოქცევა გესწავლებინათ მისთვის" - წერს ინტერნეტმომხმარებელი "აფხაზ აფხაზი".

ავიძბას დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც წერენ, რომ "პრეზიდენტის მრჩეველს" ორი დიპლომი აქვს, თუმცა რისი, არ დააკონკრეტეს.