ზოგიერთ მამაკაცს გამელოტება არ ემუქრება, ზოგს კი მისი ნიშნები ჭაბუკობიდანვე გამოაჩნდება ხოლმე. მედიკოსთა აზრით, სიქაჩლე უმთავრესად მემკვიდრეობით გადაეცემა, თუმცა თმის ცვენაზე უამრავი გარეგანი ფაქტორიც მოქმედებს - სტრესი, გამოსხივება, საკვები და სხვა.
არსებობს მრავალი ნაცადი ხერხი, რომელიც გამელოტების პროცესს შეაჩერებს, მაგრამ მანამდე თმის ცვენის რამდენიმე მიზეზზე შევჩერდეთ.
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა აბდუშელიშვილი:
- ადამიანი ყოველდღე 50-დან 150-მდე თმის ღერს კარგავს, რაც ნორმალურია, თმის ცვენის გაძლიერებამ კი შესაძლოა გამელოტება გამოიწვიოს. სიმელოტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ანდროგენული ალოპეცია, რომელიც გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
გამელოტების ეს ფორმა დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანის თმის ფოლიკულის (ორგანიზმის სხვადასხვაგვარი წარმონაქმნი პარკის ან ბუშტის სახით) ინდივიდუალურ მგრძობელობასთან სისხლში არსებული ანდროგენების - მამაკაცის ჰორმონების - მიმართ. ასეთი ფოლიკულები ქალებს მთელ თავზე აქვთ, მამაკაცებს კი თავის შუაგულში. ამით აიხსნება, რომ მამაკაცს გამელოტება თხემიდან ეწყება.
არსებობს საპირისპირო მოვლენაც, როდესაც ესტროგენები - ქალის ჰორმონები, ზრდიან თმის ღერის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ორსულობისას, როდესაც ქალის ორგანიზმი გადატვირთულია ამ ჰორმონებით, თმა ხშირდება.
სიმელოტის შემთხვევათა თითქმის 30% გენეტიკურია. გარდა გენეტიკური განწყობისა, განსაზღვრულ როლს ასრულებს სტრესი, ინფექცია, ფიზიკური ტრავმა, ჰორმონული დარღვევები, ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითება, თავის კანის დაავადებები, თავის კანისა და თმის ფესვების სისხლმომარაგების მოშლა, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.
- კონკრეტულად, რა იწვევს ადრეულ გამელოტებას?
- არსებობს გამელოტების რამდენიმე სახე და მრავალი მიზეზი. მაგალითად, ადრეული გამელოტება ვითარდება სებორეის ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღინიშნება სებორეული დერმატიტი. ასეთ შემთხვევაში ადამიანს თმის ცვენა შესაძლოა 20 წლის ასაკში დაეწყოს. მართალია, შემდეგ თმა ხელახლა იზრდება, მაგრამ ყოველი ჩამოცვენის შემდეგ უფრო და უფრო თხელდება, ბოლოს კი საერთოდ ცვივა. დაავადების ასეთი ფორმა აღენიშნებათ მხოლოდ მამაკაცებს, ქალებში კი თმის გამეჩხერება - განლევა ხდება - პროცესი შუბლ-თხემის მიდამოდან და კეფიდან იწყება.
თმის ცვენას ხშირად თავის კანში აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობაც იწვევს. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენის შეჩერება კიდევ შეიძლება, მაგრამ ამისათვის ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც საჭირო რჩევებს მოგცემთ და სამკურნალო საშუალებებსაც გამოგიწერთ.
რაც შეეხება ბუდობრივ ცვენას, ის მძიმე განცდების, თავის ტრავმის, მწვავე ინფექციური დავადებების, ენდოკრინული დარღვევების შედეგად ვითარდება. გამელოტება იწყება ერთბაშად, მცირე ზომის მრგვალი სიქაჩლის კერების გაჩენით, რომლებიც თანდათან იზრდება.
ზოგადად, თმის მდგომარეობა, ანუ მისი ელასტიკურობა, ბზინვარება და მოცულობა, ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მიგვანიშნებს.
- მაშასადამე, გამელოტებას შინაგანი ორგანოების დაავადებებიც იწვევს?
- რა თქმა უნდა. ასეთი ფაქტორებია შაქრიანი დიაბეტი, რკინადეფიციტური ანემია და სხვა. თმის ცვენა შეიძლება დაიწყოს სამკურნალო ჩარევის შემდეგაც. მაგალითად, ჰორმონული პრეპარატების მიღება, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ოპერაცია ზოგადი გაუტკივარებით ხშირად იწვევს თმის დროებით ცვენას. ქალებს ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ მშობიარობის შემდეგ, რაც ორსულობის პერიოდში ჰორმონული ბალანსის ცვლილების გამო ხდება. ქალებში თმის ცვენას იწვევს ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებაც, როგორიც არის თმის ხშირი ღებვა, ქიმიური დახვევა. აღსანიშნავია, ეკოლოგიური ფაქტორების, არასწორი კვებისა და ცხოვრების დაძაბული რიტმის როლიც.
- თუ თმის ცვენა დროებითია?..
- ეს იმას ნიშნავს, რომ ფოლიკული არ არის მკვდარი და ახალი თმის წარმოქმნა შეუძლია. ამ შემთხვევაში საჭიროა დროული მკურნალობა, რათა ფოლიკული გაჯანსაღდეს. თმის პათოლოგიური ცვენისას მდგომარეობა გაცილებით სერიოზულია, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
მამაკაცებს ეს პრობლემა ქალებზე ხშირად აწუხებთ. მამაკაცებში თმის ცვენას უპირატესად გენეტიკური ფესვები აქვს, თუმცა უშუალო მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, უამრავია. გარეგანი ფაქტორებიდან ასევე დავასახელებდი გარემოს ტემპერატურის ცვლილებას, თავსაბურავის ხშირად ტარებას. დროებითი თმის ცვენა და გამელოტება განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას საჭიროებს.
რეცეპტი, რომელიც თმის ცვენას შეგიჩერებთ
აიღეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 კვერცხის გული, კარგად აურიეთ და წაისვით თავზე. კარგად შემოიხვიეთ პოლიეთილენის ნაჭერი და 20 წუთს დაიტოვეთ. შემდეგ თავი შამპუნით ჩამოიბანეთ და ჭინჭრის ნაყენი გადაივლეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
რჩევები მამაკაცებისთვის
დაბანის შემდეგ თმა რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ - უხეშმა პირსახოცმა შესაძლოა თმის ძირები გააღიზიანოს და ისედაც სუსტი თმა მალე ჩამოგცვივდეთ.
ნუ გამოიყენებთ წმინდაკბილებიან სავარცხელს, ეცადეთ, თმა რბილი ჯაგრისიანი სავარცხლით დაივარცხნოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სველი ან ნოტიოა.
აშეიჭერით თმა. როდესაც მოკლე თმა გაქვთ, სიმელოტე ნაკლებად შესამჩნევია. თმის შეჭრა თმის ცვენას რამდენადმე აფერხებს კიდეც.
ქუდის ან კეპის ხანგრძლივად ტარება, განსაკუთრებით - სიცხეში, თმის ცვენას აძლიერებს.
რჩევები ქალებისთვის
სწორი დაბანა თმის მოვლის მთავარი მეთოდია.
სწორად შეარჩიეთ შამპუნი თქვენი ტიპის თმისთვის.
ნუ დაიბანთ თავს საპნით. ნუ დაივარცხნით სველ თმას, მით უმეტეს, გრძელს.
ქიმიური დახვევა თმის ძირებს აზიანებს. ეცადეთ, ასეთი ვარცხნილობისგან თავი შეიკავოთ.
ზამთარში, როდესაც თერმომეტრი მინუს 2 გრადუსს მაინც აჩვენებს, ქუდი ან თავსაბურავი ატარეთ.
თუ დიდი ხანია გრძელი თმა გაქვთ და შეამჩნიეთ, რომ თმის ცვენამ იმატა, შეიჭერით. შეიჭერით იმ შემთხვევაშიც, თუ ე.წ. ბოლოჭამიები გაგიჩნდათ.
დაბანის შემდეგ დროდადრო თმაზე დაფნის ფოთლების, მუხის ქერქის ან გვირილის ნაყენი გადაივლეთ. ეს ამაგრებს თმის ძირებს. გარდა ამისა, ცხიმიან თმას ბზინვარებას სძენს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)