ავტორი:

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

13 ივნისის სტიქიიდან ხუთი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

წლების შემდეგ, ვერეს ხეობაში დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა, სასულიერო პირი მამა გიორგი (ჯიბუტი) "შაბათის კურიერთან" ერთად მივიდა იმ ადგილას, სადაც ერთ დროს მისი სახლი იდგა და სადაც მისი ქალიშვილი მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად დაიღუპა.

მამა გიორგიმ გაიხსენა ის მოვლენები, რაც სტიქიის ღამეს განვითარდა:

"ყველაფერი ერთ საათში დამთავრდა... დაახლოებით, ღამის 12-ის ნახევარზე დამირეკა ჩემმა სიძემ, სახურავზე ვართო. 00:35 საათზე უკვე ვიყავი ამ ფერდობზე, ჩამოვდიოდი და - ჩქარა მამა, წყალი დიდდება და მალე მოდითო - ივლიტა მირეკავს. მოვდივარ, ნუ გეშინიამეთქი, 6 მაშველი მომყვებამეთქი... ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სანამ ჩამოვედი, უკვე წაიღო სახლი...

ჩემს სახლს ჯებირი უვლიდა მთლიანად და იმდენად ძლიერი იყო წყლის ნაკადი, დაანგრია ჯებირი, ვერ შეაკავა. დიდი ტალღა მოვარდა და გადმოყარა სახურავიდან... ჩემს სახლთან დიდი თუთის ხე იდგა და როგორც ჩემი სიძე ყვება, ვიფიქრეთ ამ ხეზე გადავალთო, მაგრამ ხეც წაიღო წყალმა. ბავშვები წყალში რომ ჩაცვივდნენ, ჩემი სიძე იჭერდა ერთხანს, მაგრამ მერე უკნიდან რაღაც დაეჯახა, ჩაძირა წყალში და მაშინ გაექცა ხელიდან ივლიტა და მარიამი... თვითონ ბოძს მოეჭიდა და გადარჩა. მე რომ მოვედი ამ ადგილას, დათო ამოდიოდა წყლიდან, ტიროდა და ყვიროდა...

2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში - ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა, ჩემს გოგონასაც, თეკლას შეეძინა ივლიტა. ორივემ ივლიტა დაარქვეს შვილებს... სასიხარულო ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა მითხრა, შვილს ივლიტა დავარქვიო... ერთი ქალბატონი იყო გერმანიიდან, იქ გაიგო ეს ამბები, ესიზმრა კიდეც და მანაც ივლიტა დაარქვა შვილს, აქ მონათლეს და ნათლობასაც ვესწრებოდი... ასე რომ, ივლიტას ხსოვნა გრძელდება" - ყვება მამა გიორგი (ჯიბუტი) "შაბათის კურიერთან" საუბარში.

მისივე თქმით, ივლიტას და სხვა გარდაცვლილების სახელზე საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, მართავს ლიტერატურულ ღონისძიებებს, გასცემს სტიპენდიებს მოსწავლეებისთვის

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება" - ანდრია ჯაღმაიძე

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება