ავტორი:

"გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და..." - რა კითხვებს უჩენს შესაძლო დაკვეთილი მკვლელობა ქართველ ექსპერტებს

"გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და..." - რა კითხვებს უჩენს შესაძლო დაკვეთილი მკვლელობა ქართველ ექსპერტებს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგავდა და ეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პირადი დაკვეთით უნდა შესრულებულიყო.

უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს კადიროვისთვის ჩვეული ხელწერაა და მის სახელს არაერთი გახმაურებული მკვლელობა უკავშირდება როგორც რუსეთში, ისე ევროპის ქვეყნებში.

"გაბუნიას მკვლელობის მიმართ ინტერესი ექნებოდა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც პირად შეურაცხყოფად მიიღო პუტინის გინება. ამასთან დაკავშირებით კადიროვმა საჯარო განცხადებაც გააკეთა.

ცნობილია, რომ მას ყავს "სიკვდილის ბრიგადები", შეკვეთილი მკვლელობებით კადიროვი არის ცნობილი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის დიდ ქალაქებშიც

მსგავსი შემთხვევები იყო გერმანიაში, საფრანგეთში. ეს არის პუტინის რეჟიმის ხელწერა" - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, GSAC-ის თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია.

GIPA-ს პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა გაბუნიას ლიკვიდაცია მისი მხრიდან პუტინის გინების წლისთავზე იგეგმებოდა:

“მშვენივრად იმუშავა ჩვენმა სპეცსამსახურმა, დააკავა მკვლელი. მსგავს შეურაცხყოფას ასე მარტივად ბუნებრივია, არ ატარებენ. მე არ ვიცი, მსგავს რამეზე პუტინი იძლევა თუ არა პირადად სანქციას, მაგრამ მაგალითად დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ნემცოვი მოკლეს ჩეჩნებმა, რომ პუტინისთვის ესიამოვნებინათ და გაბუნიას პირდაპირ დაემუქრნენ. წლისთავი ახლოვდება გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი”, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით კი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უამრავ კითხვას აჩენს.

როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში „კარგად გრძნობენ თავს“.

"ასეთი პრაქტიკა კადიროვის ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს აქვთ, რომ მოახდინონ საზღვარგარეთ მათთვის მიუღებელი პირის ლიკვიდაცია. ეს ხდება ევროპაშიც, აზიაშიც და სადაც ხელი მიუწვდებათ, ყველგან. უამრავი ადამიანია ლიკვიდირებული კადიროვის სპეცსამსახურების მხრიდან. რაც შეეხება რუსულ სპეცსამსახურებს, ასეთებიც უამრავია წლების განმავლობაში.

ისეთი ფაქტებიც არსებობს, რომ კადიროვი პირად ინიციატივას იჩენს ხოლმე ზოგ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება არც იყოს შეთანხმებული მოსკოვთან. მაგალითად, იგივე ნემცოვის მკვლელობა, რომელმაც ოფიციალურ მოსკოვს უარყოფითის გარდა არაფერი არ მოუტანა

მაგრამ მე მაქვს კითხვები, რატომ უკრაინა? ეს მაწუხებს. პრაქტიკულად, რა გამოვიდა? იმდენი ხანი გრძელდებოდა ამ ლიკვიდაციისთვის მომზადება, რომ უკრაინული სპეცსამსახურებისთვის დიდი ხანია ეს ცნობილია თურმე და ამასთანავე, "ხმაურიანად“ მიმდინარეობდა მომზადება. გარდა ამისა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იდგა უკრაინაში ამ პიროვნების უკან.

გუშინ, ჩემი კავშირებით, უკრაინულ-ინგუშური დიასპორის მეშვეობით, შევეცადე გამერკვია რა ხდება ამასთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, ნულოვანი შედეგი მაქვს. გარდა ამისა, ისიც მინდა გითხრათ, რომ აქ საეჭვოდ ხდებოდა ამ პიროვნების მოძრაობა და გადაადგილება. ბევრი კითხვა მაქვს.

იმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს რა შეფასებას ვაძლევ გვარამიას გუშინდელ ტექსტს. ის გაუთავებლად ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის ხელისუფლების პარტნიორი და იმ ლოგიკას კი არ მისდევდა, რომ პირველ რიგში, თუ მართლა მოხდებოდა ასეთი ამბავი, საქართველოს ხელისუფლებაზე იქნებოდა მთავარი დარტყმა მიყენებული.

ბევრი რამეა, რაც დახვეწას და გამართულ ლოგიკას მოითხოვს. ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში კარგახანია კარგად გრძნობენ თავს. შეიძლება თუ არა განმეორდეს ასეთი რამ, ვერ გეტყვით. ისეთი რეზონანსი გამოიწვია უკვე, რომ თუ მოხდება თავდასხმა, გასაგები იქნება, რომ ეს არის ვიღაც უცხოს შეკვეთილი" - განაცხადა არეშიძემ.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია