"ბითუმად" დაჭერილი ბიჭები უდანაშაულონი არიან!"

 "ბითუმად" დაჭერილი ბიჭები უდანაშაულონი არიან!"

2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ჩვენი საზოგადოებისათვის ავბედითი წიგნის, "საიდუმლო სირობის" განხილვა უნდა გამართულიყო.

დებატები ჩხუბში გადაიზარდა. პოლიციელებმა რვა ახალგაზრდა დააკავეს - შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი.

თუ მოწმეთა ჩვენებებს და ადვოკატთა მტკიცებას დავეყრდნობით, ეს ახალგაზრდები სრულიად შემთხვევით მოჰყვნენ გაუგებრობაში და დანაშაული არ ჩაუდენიათ.

გვესაუბრება დაკავებულთა ადვოკატი მანანა კობახიძე:

- დაკავებულებს ბრალი ედებათ ხულიგნობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლაში. პროკურატურა ამ რვა ადამიანს ადანაშაულებს, რომ თითქოს მათ ჩაშალეს გადაცემა და აიძულეს ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი შეეწყვიტა თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მათ განუსაზღვრეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

- ქალბატონო მანანა, როდის უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი?

- პროცესი 12 აგვისტოს გაიმართება, ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. 

ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურამ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები არ გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ თვითონ ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელები - დავით აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი, აგრეთვე მათივე ოპერატორები ადრინდელ სასამართლო პროცესზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ, რომ ამ ხალხს მათთვის ხელი არ შეუშლია, არც ფიზიკურად შეურაცხუყვიათ.

პირიქით, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, გადაცემა ჩაიშალა იმიტომ, რომ თვითონ დატოვა ეთერი და თავისი ოპერატორებიც გარეთ გაიყვანა. დავით აქუბარდიამ კი განაცხადა, რომ მას ვიღაცები სცემდნენ, მაგრამ ესენი არ არიან ის პირები, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან, ანუ ტელეკომპანია "კავკასიის" წარმომადგენლებს განსასჯელთა მიმართ პრეტენზია არა აქვთ.

ეს ყველაფერი პროკურატურამ სულ სხვაგვარად წარმოადგინა და პირდაპირ მიუთითა სასამართლოს, რომ ამ პირებმა "კავკასიის" თანამშრომლები ფიზიკურად შეურაცხყვეს.

- თუ გაარკვიეს, ვინ წამოიწყო "კავკასიის" ეზოში ჩხუბი?

- ტელეკომპანიის ეზოში ორმოცამდე ადამიანი იყო და იქ ვინ რას სჩადიოდა, დაუდგენელი დარჩა.

ფაქტია, რომ რვა განსასჯელიდან 6 იმყოფებოდა სტუდიაში, 2 მოგვიანებით მოვიდა და მათ მოქმედებაშიც დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. რაც შეეხება თეო ხატიაშვილს, ბექა მინდიაშვილსა და მერაბ რატიანს, ესენი ე.წ. ლიბერალების წარმომადგენლები არიან, რომლებიც იმ მომენტში სტუდიაში იმყოფებოდნენ, ვერც ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავებულებმა დანაშაული ჩაიდინეს.

რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ის არ სცდება სამოქალაქო სამართლებრივი დავის ნორმებს და არ შეიძლება სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ადამიანს წაუყენო სისხლის სამართლებრივი ბრალდება. გაუგებარია, რა მოტივით მისცეს ეს ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები, რომელზეც არ ჩანს, რომ ეს ადამიანები რამეს აშავებენ.

- საინტერესოა, ვინ დაგეგმა ეს პროვოკაცია?

- ალბათ, იმან, ვისაც სურდა, თითი გაეშვირა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისაკენ", როგორც რაღაც ექსტრემისტულ-რეაქციული ორგანიზაციისაკენ. რაც მოხდა, ნამდვილად სირცხვილია. ამ ადამიანებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ დაუშვებელია მართლმადიდებლურ ქვეყანაში ისეთი წიგნების პროპაგანდა, რომელიც ლახავს მართლმადიდებლების რწმენას, შეურაცხყოფს ღვთისმშობელსა და ქრისტიანულ სიწმინდეებს. ისინი სულ მალე შეიძლება რელიგიური ნიშნით დევნილებად ჩაითვალონ.

- როგორ ფიქრობთ, გამართლდებიან ისინი?

- ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყო, რომ მათი გამართლების იმედი მქონდეს. ამ ქვეყანაში სასამართლოს ობიექტურობის იმედი ნამდვილად არ მაქვს. არც პროკურორებისა და მოსამართლეების მიუკერძოებლობისა მჯერა.

კომენტარი ვთხოვეთ ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორს, ქალბატონ ნინო ჯანგირაშვილს, რომელმაც გვითხრა:

- ჩვენ სასამართლო პროცესზე განვაცხადეთ, რომ დაკავებულ ბიჭებს ხელი არავისთვის შეუშლიათ. თუმცა აბსურდული სიტუაცია იქმნება: აქეთ არის ჩვენი ჩვენებები, იქით კი - 4 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ამ ხალხს ადანაშაულებენ. ეტყობა სურთ, ისინი ციხეში დატოვონ.

ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ამ ინციდენტის ირგვლივ: თუ პოლიციელები იქ იყვნენ, რატომ არ აღკვეთეს უკანონობა და რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მაგრამ პოლიცია გვიან მოვიდა, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. "საბითუმო" დაჭერა ჩაატარეს და თავი არ შეუწუხებიათ იმის გარკვევით, არა მოხდა, ვინ იყო დამნაშავე და ვინ - არა. სასამართლოც დიდი ხარვეზებით ჩატარდა. მთელი "კავკასიის" კოლექტივი იმეორებს, რომ ისინი სტუდიაში იყვნენ.

მეტი რა გავაკეთოთ, არ ვიცით. თუ ამ ბიჭებს მაინცდამაინც პოლიციის ჩვენების საფუძველზე აღუკვეთენ თავისუფლებას, იძულებული გავხდებით, პოლიციას და სახელმწიფოს ვუჩივლოთ სტრასბურის სასამართლოში. ლევან ჩაჩუა, რატი მაისურაძე და შოთა აფხაიძე ადგილიდან არ დაძრულან, პირიქით, აშველებდნენ ხალხს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ