ავტორი:

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამჯერად ჩვენი საუბრის თემაა კომპანია "სფეის იქსი" (SpaceX) და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაშვებული პილოტირებული ეკიპაჟი, ისტორიული ფრენის მნიშვნელობა და კოსმოსური პროგრამების სიახლეები.

  • რატომ არის ეს პილოტირებული მისია მნიშვნელოვანი ამერიკისთვის?!

კოსმოსის ისტორიაში პირველი პილოტირებული მისია შედგა, რომელიც კერძო კომპანია "სფეის იქსმა" განახორციელა. აქამდე ამას აკეთებდნენ მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციები, როგორიც არის "ნასა" და "როსკოსმოსი" და არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე კომერციულ კომპანიას ადამიანები კოსმოსში გაემგზავრებინა.

პირველად კოსმოსის ისტორიაში ილონ მასკის კომერციულ კომპანიას ხვდა წილად, განეხორციელებინა პილოტირებული მისია. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ცივი ომის პერიოდში, ამერიკასა და სსრკ-ს შორის კოსმოსის ათვისების პროგრამებში მუდმივი შეჯიბრება იყო. ამ სფეროში საბჭოთა კავშირს ბევრი მიღწევა ჰქონდა, მაგრამ არც ამერიკელები ჩამოუვარდებოდნენ, განსაკუთრებით - მთვარის პროგრამებით. "ნასას" ძალიან ცნობილი პროგრამა "სფეის შათლი" (მრავალჯერადი გამოყენების პილოტირებული სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი), რომელიც 80-იან წლებში შეიქმნა, 2011 წელს დაიხურა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - ძალიან ძვირი იყო; "სფეის შათლის" თითოეული გაშვება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდებოდა და მეორე, უფრო მთავარი - "სფეის შათლი" სათანადოდ ვერ იცავდა ასტრონავტების უსაფრთხოებას, გარანტია დაახლოებით 30% იყო, რაც ძალიან დაბალია.

"სფეის შათლის" "კოლუმბიის" ტრაგედიის შემდეგ ეს პროგრამა დაიხურა და 2011 წლიდან ამერიკელები რუსეთის კოსმოსურ სააგენტოზე - "როსკოსმოსზე" გახდნენ დამოკიდებული. 2011 წლიდან დღემდე მსოფლიოს ყველა კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, ჩინელი ტაიკონავტების (ასე უწოდებენ ჩინელები ასტრონავტებს) გარდა, კოსმოსში მიემგზავრება რუსეთის მეშვეობით და რუსული, 1966 წელს სერგეი კარალიოვის მიერ შექმნილი "სოიუზ-კაფსულით", რომელიც "სოიუზ" რაკეტაში თავსდება და უკანაც იმავე კაფსულით ბრუნდებიან.

გარდა ამისა, "სოიუზ" კაფსულით ერთი არარუსი ასტრონავტის გამგზავრების ღირებულება 2011 წლიდან დღემდე 30 მილიონიდან დაახლოებით 90 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამერიკის, ევროპის, იაპონიის, კანადის კოსმოსური სააგენტოები ამ თანხას უხდიდნენ "როსკოსმოსს" მათი ასტრონავტის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებასა და უკან მშვიდობიანად დაბრუნებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უნიკალური "სოიუზ" კაფსულა დღემდე ითვლება კოსმოსის პილოტირებული მისიებისთვის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად. ცხადია, ამერიკის კოსმოსური სააგენტო "ნასა" ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთზე დამოკიდებულებისა, განაგრძობდა ინტენსიურ მუშაობას საკუთარი პილოტირებული მისიების აღსადგენად.

ამერიკიდან ამერიკული ხომალდით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება "ამერიკული ოცნება" იყო. დროის ახალი გამოწვევებისადმი ახლებური მიდგომით "ნასამ" ამ საქმეში კომერციული ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვიტა და ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობდა რამდენიმე კომერციული ორგანიზაცია, მათ შორის - "სფეის იქსი" ილონ მასკის ხელმძღვანელობით და სწორედ ის გახდა "ნასას" კონტრაქტორი, რაც ნიშნავს, რომ სწორედ "სფეის იქსმა" მიიღო "ნასას" ლიცენზია პილოტირებული მისიების განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ "სფეის იქსი" არის მენეჯერულად უპრეცედენტოდ კარგად აწყობილი ახალგაზრდა კომპანია. მას არ გააჩნდა ათწლეულობით მიმდინარე კვლევებისა და კოსმოსურ პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, თუმცა 2002 წლიდან მოყოლებული, დაარსების 18-წლიანი ისტორიის მანძილზე არნახული სიჩქარით შეძლო კოსმოსური პროექტებისთვის საჭირო პროფესიონალების შემოკრება, მუშაობის სტილის ახალი სტანდარტების დანერგვა, კოსმოსური პროგრამებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის - ტექნოლოგიური სიახლეებით უძვირესი პროგრამების უალტერნატივოდ დაბალ ფასად შესრულება და შთამბეჭდავი შედეგების მიღება. 2008 წლიდან "სფეის იქსი", როგორც "ნასას" კონტრაქტორი, ემსახურება მის არაპილოტირებულ მისიებს და კოსმოსურ სადგურზე ტვირთი გადააქვს. მისი სატვირთო ხომალდი Dragon-ი ერთ-ერთი საუკეთესო არაპილოტირებული გადამზიდია დედამიწიდან კოსმოსურ სადგურამდე და მას ავტომატური რეჟიმით უერთდება.

ამ ცოტა ხნის წინ "სფეის იქსის" კიდევ ერთი, ფინანსურად და ტექნიკურად უფრო რთული პრემიერა გაიმართა - 30 მაისს კენედის კოსმოსური ცენტრის ლეგენდარული 39A პლატფორმიდან (სწორედ ამ პლატფორმიდან იღებდა გეზს ამერიკული მთვარის მისიები) ორი ამერიკელი ასტრონავტი - რობერტ ბენკენი და დუგლას ჰარლი "სფეის იქსის" რაკეტა "ფალკონ 9"-ით და მასში განთავსებული "ქრუ დრეგონ" კაფსულით დაიძრნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და 31 მაისს მას წარმატებით მიუერთდნენ. "ქრუ დრეგონ" კაფსულა, ისევე, როგორც მისი გადამზიდი რაკეტა "ფალკონ-9" კონცეპტუალურად და დიზაინით წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებული პროექტებია და ისინი განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. "სფეის იქსის" რაკეტების 80% ხელახლა გამოიყენება, რაც ფინანსურ ენაზე კოსმოსური პროგრამების შედარებით გაიაფებას ნიშნავს. "ქრუ დრეგონიც" ასევე მრავალჯერადია. მისი შიდა სივრცე, სადაც ადამიანები არიან განთავსებული, თითქმის სამჯერ მეტია და, შესაბამისად, უფრო კომფორტულიც, ვიდრე ისტორიული "სოიუზ" კაფსულა. გარდა ამისა, "სფეის იქსის" პროექტები გამოირჩევა ახალი სტილის, მინიმალისტური, შთამბეჭდავი დიზაინით, რომელიც, ცხადია, აკმაყოფილებს აეროდინამიკის პრინციპებს. როგორც ცნობილია, პილოტირებული მისიებისთვის ყველაზე რთული და საშიში ფაზა უკან, დედამიწაზე დაბრუნების, კონკრეტულად კი - ატმოსფეროში შემოსვლის პროცესია. ეს ურთულესი გამოცდა "ქრუ დრეგონის" ასტრონავტებს ჯერ წინ აქვთ. ისინი რამდენიმე თვეში ამერიკული კოსმონავტიკისთვის ტრადიციულად, წყალზე, ატლანტის ოკეანეზე დაეშვებიან. წაიკითხეთ სრულად

"ირაკლი ორი-სამი წლის წინ სამუშაოდ წავიდა..." - პოლონეთში მომხდარ ავარიას 27 წლის სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"მეორე ტალღაზე საუბარი ადრეა... თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს" - იმნაძე

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა