ავტორი:

"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტი მაკო გომური ერთი წლის წინანდელ მძიმე ღამეს იხსენებს. ვრცელ პოსტში 19 წლის გოგონა წერს, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება და მომავალი ერთი წლის წინანდელმა მძიმე ღამემ, მიმართავს საზოგადოებას, ხელისუფლებას და პირადად გიორგი გახარიას:

"20 ივნისი

20 ივნისი

20 ივნისი

მთელი ერთი წელია, ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში. ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება.

ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?

ბავშვობაში, მახსოვს, მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა, რაც გამოშვერილი იყო, ამტვრევდა - თვალი არ იტკინოო. უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა, მოტრიალდა, თვალებზე მაკოცა, წავიდა, გავეკიდე, თან ხელში ნაფოტი მეჭირა, წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი. შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერთად.

მაშინ გადავრჩი. გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო, თავისი ცხოვრებით, უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით, თუ დრო დარჩებოდა. ცოტა არეული გოგო, მაგრამ წყნარი ცხოვრებით.

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

"ეს ის გოგოა, აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს" - გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია? არა არ იცით, მარტო იმათმა ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს. და რის გამო? ან ვის გამო? ან ვინ? ან რატომ? რას ვუშავებდი? რას ვაშავებდი?

კითხვები, მხოლოდ კითხვები. პასუხების გარეშე. კითხვები, რომელიც გჭამს, ტვინს გიჭამს, ქაოსს ქმნის. ქაოსს, რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ - ლაღი, კარგი, მხიარული, ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში, გონებაში. რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო. რადგან გინდა იყვირო, ისე იყვირო, როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე, როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე, შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა. ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე. გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები. როდესაც ვინმე მაკვირდება, მასაც ვემალები ჰოლმე. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ სადაც აქამდე მოხვედი, ცოტაც რა, დაიკიდე რას გეტყვიან. ხო, აქამდე მოვედი, ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ, ისიც ვიცი, ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ ვინ მართალია, რომელია სწორი გზა და ა.შ. იმ ქალისაც მესმის, პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა. შეიძლება, ჩვენი ბრალიცაა. საკმარისად ვერ ვაჩვენეთ, ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა, არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება, როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ. რადგან ასე არაა. და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ, რომ არავისტი არ ვარ. მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს. რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი.

ისიც ვიცი, ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან, ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს.

რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან, ხმა რომ არ ამოაღებინეს. რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს. რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისინი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

და როდემდე? ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას? მე არ ვაპირებ. თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე, ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს, რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო.

არ ვიცი, როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში. სად ვიქნები ან რას გავაკეთებ. ერთი ვიცი, ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.

აქციის დაშლის დროს მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს

ეს ფოტო იცით ალბათ, ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს. ის ხელი ჩემი დისაა, რომ ჩამკიდა, აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ.

გახარია რამდენიც არ უნდა იძახო, რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება, რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში, ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლოვებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ, ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო.

ხვალ მივალ ისევ იქ, ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით.

მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ, უფრო კარგად, ვიდრე აქამდე" - წერს მაკო გომური.

როგორ გამოიყურებოდა 23 წლის წინ ნანიკო ხაზარაძე - ტელეწამყვანის ფოტოები გაგაოცებთ

"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

ნინო კუზანოვა გახარიასა და ტიკარაძესთან ერთად - რა კომენტარი დატოვა ია ფარულავამ კარდიოლოგის ფოტოზე