ავტორი:

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გამოძიება არაერთ ვერსიას განიხილავს, 50 მოწმეა გამოკითხული, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება.

24 ივნისს რამდენიმე პირს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ აქვთ თუ არა მათ სხეულზე დაზიანებები და რითია ეს დაზიანებები გამოწვეული. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი გოგონა უამბობს, რომ თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც ავტობანზე შეხვდნენ ბიჭებს, რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები.

ერთ-ერთი ვერსიით, ისინი თავს დაესხნენ ავტომაგისტრალზე მიმავალი ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთს - ვახო ახვლედიანს, რის შემდეგაც დანარჩენი ახალგაზრდები გაიქცნენ. როგორც ახვლედიანის ადვოკატი ამბობს, ბიჭს სხეულზე დაზიანებები აქვს.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია "ნახალოვკელ" ბიჭებს იცავს, რომელთა მანქანაც შემთხვევის ადგილზე ნახეს. ადვოკატი ადასტურებს, რომ ექსპერტიზა მისი დაცვის ქვეშ მყოფებსაც ჩაუტარდათ და ამტკიცებს, რომ ისინი აგარაკზე საერთოდ არ ყოფილან, არც ავტობანზე მიუღიათ ჩხუბში მონაწილეობა. ახლა იკვეთება, რომ სამი ავტომანქანა ფიგურირებს ავტობანზე და სამივე ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდები "ნახალოვკელები" იყვნენ.

ადვოკატის ინფორმაციით, "ნახალოვკელი" ჯგუფის სამი მანქანაა ამოღებული და დალუქული - "ერთი "ტოიოტა ქამრი" და კიდევ ორი ვერცხლისფერი "მერსედესი" - ერთი ორკარიანი და ერთიც 4-კარიანი.

"კურიერის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა. ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. დღეს მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ დაზიანდა ავტომობილი.

"კურიერთან" საუბარში სანდო წყარო ყვება, რომ შავი ფერის "ტოიოტაში", ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარეკვავში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.

"კურიერის" ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანი აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.

მისი ადვოკატის მტკიცებით, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატი მზია ქასრაშვილი ამტკიცებს, რომ ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია.

ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო ღამეს, მათ წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. შავი ფერის "ტოიტა" და ვერცხლისფერი "მერსედესი". ადვოკატის თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და ახვლედიანს რკინის ხელკეტით გაუსწორდნენ.

ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

დღეს კი აღიარა, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო. ადვოკატი არ ადასტურებს რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.

"კისრის არეში ჭრილობა მძინარეს მიაყენა..." - პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა