ავტორი:

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა კარგა ხანია გადააჭარბა ნახევარ მილიონს, აქედან ნახევარი გამოჯანმრთელდა, თუმცა ვირუსმა 9 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ქირურგი - 32 წლის ნაუმ ოდიშარია, წლებია რუსეთში ცხოვრობს და ალექსანდრე ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში მუშაობს.

როგორც ოდიშარია AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ყვება, თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულება ინფექციურ მიმართულებაზე გადაერთო, თუმცა, ქვეყანაში სამედიცინო მიმართულებით პრობლემები მაინც არის.

ქართველ ქირურგს მოსკოვში დავუკავშირდით და საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე, პროფესიასა და რუსეთში პანდემიის დროს არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ:

- ბუნდოვნად მახსოვს აფხაზეთი, რადგან ბავშვობის ასაკში მომიწია მისი დატოვება და რუსეთში საცხოვრებლად გადმოსვლა. სამწუხაროდ, ქართული განათლება ვერ მივიღე, მაგრამ ჩემი მშობლები ძალისხმევას არ იშურებდნენ რომ, მშობლიურ ენაზე სრულფასოვნად მესაუბრა და მგონი გამოუვიდათ.

სასკოლო განათლების შემდეგ, მოსკოვის სამედიცინო აკადემია დავამთავრე, პოსტდიპლომური განათლება (ზოგადი ქირურგია, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის რეზიდენტურა, რომლის ფარგლებშიც შემდგომ სამეცნიერო ხარისხი დავიცავი) ალექსანდრე ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში მივიღე, რომლის საპატიო პრეზიდენტიც ამჟამად, ლეო ბოკერია გახლავთ.

- კრემლიდან მართული მედია წერს, რომ რუსეთი ღირსეულად ართმევს თავს პანდემიას, თუმცა, არის ვარაუდები, რომ ვითარება გაცილებით მძიმეა. თქვენი დანახული პანდემია როგორია, რა ხდება რუსეთში კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით?

- სამედიცინო დაწესებულებების დიდმა ნაწილმა სამუშაო პროფილი შეიცვალა და ინფექციურ ხაზზე გადავიდა, რადგან უცხოეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ საჭიროდ ჩათვალა, რომ კლინიკების დიდი ნაწილი მზად უნდა ყოფილიყო პაციენტების მისაღებად, შესაბამისად, 80% ინფექციურ პროფილზე გადავიდა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის მუშაობას, მე ყოველთვის ვცდილობ ობიექტური ვიყო - რუსეთი დიდი ქვეყანაა და სრული კონტროლი ძნელია, ეს ეხება განსაკუთრებით რეგიონებს, მაგრამ რაც შეეხება დედაქალაქს, აქ საკმაოდ სწორი სამუშაოები ჩატარდა. თუნდაც გულ-სისხლძარღვთა კლინიკის ინფექციურ დაწესებულებად გარდაქმნა, ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები, სასწრაფოდ გაიხსნა საწარმოები და დაიწყეს იმ სამედიცინო საშუალებების წარმოება, რისი დეფიციტიც ბაზარზე იყო...

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთი ზომების გატარებას, რადგან რუსეთის ჯანდაცვას, ზოგადად ამ ქვეყანას, ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ცოტა სპეციფიკური მიდგომა აქვს. თუმცა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გაართვეს თავი...

- ადგილობრივების თქმით, საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა, იყო ჯარიმები.

- დიახ, ბევრი ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ეკონომიკისთვის სერიოზული ზარალი იქნებოდა. თუმცა, ბევრნი, მოწოდებულ რეკომენდაციებსაც ასრულებდნენ. დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეების დაჯარიმებაც ხდებოდა. ვიღაც ითვალისწინებდა, ვიღაც - არა, ნაწილი არც სცნობდა ამ ვირუსის არსებობას და ჩვეული რიტმით აგრძელებდა ცხოვრებას. შედეგად, დაინფიცირდა კიდეც მრავალი ადამიანი.

მოსკოვი თავიდანვე ეპიცენტრი იყო, შემდეგ პეტერბურგი. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე მივიღეთ ასეთი სურათი. მათ, ვისაც პირადად არ შეხებია, არც ჩათვალეს საჭიროდ, რეკომენდაციების დაცვა. ამან გაართულა მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ძალიან მძიმე ვითარება იყო და დღემდე რჩება, რადგან მსოფლიო პანდემია არც კი აღიქვეს სერიოზულად, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დისტანცირებაზე არც უფიქრიათ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოფიციალური კრემლი დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას მალავს, საფუძველს მოკლებულია?

- როდესაც გადახედეს, ჩინეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში შექმნილ მდგომარეობას, სადაც ნამდვილი კოშმარი ტრიალებდა, დაიწყეს შესაბამისი მობილიზაცია და არ მგონია რეალური იყოს ის ინფორმაცია, თითქოს მოსკოვსა და ზოგადად რუსეთში, ორ-სამჯერ მეტი დაინფიცირებული, ან მსხვერპლია და ამას არ ასაჯაროებენ.

თუმცა, მცირე პროცენტი შესაძლოა იყოს კიდეც უცნობი, რადგან ვირუსი ბოლომდე არ არის შესწავლილი და ჩვენ, ექიმებმაც კი არ ვიცით მასზე ბევრი რამ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო ამ სიტუაციას ფინანსურად და პოლიტიკურად გამოიყენებდა. ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ხდება, თუმცა, გამოვრიცხავ, მსგავსი რამ საქართველოში მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, მონაცემთა 98% სიმართლეა, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ჩვენთან არაფერი იმალება, ვერც სტატისტიკა დაიმალებოდა.

ვიტყვი იმას, რომ ის რაც ხდებოდა მაგალითად იტალიაში, სადაც დღის შუქზე ცხედრებს მიასვენებდნენ და კატაფალკების საცობები იყო, რუსეთში ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ჩემს გარშემო ბევრი ექიმია, ისინი მუშაობენ როგორც მოსკოვში, ასევე პეტერბურგში, საახლობლოში მრავლად მყავს ექიმები და ასეთი კრიტიკული სურათი რომ ყოფილიყო, საქმის კურსში ვიქნებოდი.

პაციენტები დაყოფილნი იყვნენ სამ კატეგორიად: 1. თითქმის უსიმპტომონი, ანუ ისინი, ვინც იოლ ფორმებში გადაიტანა დაავადება; 2. ვისაც კლინიკური გამოვლენა ჰქონდა და 3. მძიმე კატეგორიად, რომელთა გადასარჩენადაც ექიმები ვიბრძოდით და ამ კატეგორიაში ხვდებოდნენ ასაკოვანი ადამიანები თანმხლები ქრონიკული დაავადებებით, ასევე, სოციალურად დაუცველები...

პირველი კატეგორიის პაციენტების მკურნალობა სახლის პირობებში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ისინი მაინც მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. მათი მკურნალობისთვის უამრავი სამედიცინო რესურსი იქნა გამოყენებული...

ასეთი რეალობისთვის, რუსეთი კი არა, ბევრი მოწინავე ქვეყანა არ არის მზად, თუმცა, ის პრობლემები, რაც ამერიკაში იყო, აქ არ ყოფილა. აქვე ვიტყვი, რომ აქაურ სამედიცინო სისტემას სხვა უამრავი ნაკლი აქვს, აშშ-სთან შედარებით არის მრავალი ხარვეზი, მაგრამ კონკრეტულად მოსკოვში, კოვიდ-19-ის პრობლემას ბევრად კარგად გაუმკლავდნენ, ვიდრე ველოდით.

- ქართველი პაციენტი გყოლიათ?

- დიახ, რა თქმა უნდა, ქართველიც, აფხაზიც, გვერდი-გვერდ პალატაში იწვნენ, მაგრამ ხომ გსმენიათ ჰიპოკრატეს სიტყვები, პაციენტს ექიმი მაშინ სჭირდება, როდესაც საწოლში წევსო. ახლახანსაც მყავდა აფხაზი პაციენტი - ასაკოვანი ქალი, დაახლოებით 6 თვის ჩამოსული იყო რუსეთში, ოჯახთან ერთად და მოსკოვში დაინფიცირდა კორონავირუსით.

არ ვიცი სხვები რას ამბობენ, მაგრამ ჩემთან აფხაზს ცუდი არასდროს არაფერი უთქვამს ქართველებზე. არასდროს დამიმალავს, რომ სოხუმელი ვარ, მით უფრო აფხაზებთან არ ვმალავ, როდესაც ვეუბნები, რომ ჩემს მშობლიურ მიწაზე ვერ ჩავდივარ, ერთგვარად თავის მართლებას იწყებენ - პოლიტიკამ აგვრია, თორემ გასაყოფი რა გვქონდაო...

- იმ კოლეგა ექიმებზეც გკითხავთ, რომლებიც რთულ დღეებში ფანჯრიდან გადახტნენ, ბევრმა უარი თქვა თავისი საქმის შესრულებაზე. რით იყო ეს განპირობებული?

- ინტერნეტიდან მსმენია მათ შესახებ, თუმცა, ჩემს ირგვლივ მსგავს მდგომარეობაში არავინ ყოფილა, არც ვინმე ყოფილა მსგავსი ფაქტის მომსწრე ჩემი გარემოცვიდან. თუმცა, ვაღიარებ, რომ ძალიან რთული დღეები გვქონდა, 20 აპრილამდე ჩვენი ცხოვრების რიტმი და დღის განრიგი აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ბოლო ორი თვე ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ ვიყავით, სერიოზული დაძაბულობაში გვიწევდა მუშაობა.

ვიცი შემთხვევები, რომ სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელებზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რადგან მიუხედავად დამცავი საშუალებების დეფიციტისა, მათგან მაინც მოითხოვდნენ მუშაობას. შესაძლოა ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა ამ ადამიანების ფსიქოლოგიური წნეხის ჩამოყალიბებაში.

ექიმობა გმირობაა, თუმცა ასეთ ვითარებაში მუშაობის გამოცდილება ნამდვილად არ გვქონდა. თუნდაც მხოლოდ ეკიპირებიდან გამომდინარე, ფიზიკურად მძიმე სამუშაოს შესრულება გვიწევდა, სათვალე გვეორთქლებოდა, მხედველობა გვქონდა შეზღუდული და ასეთ პირობებში ვმუშაობდით პაციენტებთან, საკმაოდ სტრესული ფონი იყო.

- აფხაზეთში თქვენს სახლზე იცით რამე?

- ვიცით, რომ ჩვენს სახლში გვერდით მცხოვრები აფხაზი ცხოვრობს, უვლის, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს იქაურობას... 5 წლამდე იქ ვცხოვრობდი და ჩემი სახლი, ეზო და ქუჩის პატარა მონაკვეთი მახსოვს. მეზობლები და ნაცნობები დაგვრჩა, ახლობლებიდან არავინ დარჩენილა. რამდენჯერმე მქონდა ჩასვლის შესაძლებლობა, მაგრამ საკუთარ სახლში სტუმრად ჩასვლაზე უარი ვთქვი...

საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვდივარ, ზაფხულსაც ჩემს სამშობლოში ვატარებ ხოლმე. განსაკუთრებული სიყვარული და მონატრება მაკავშირებს ჩემს ქვეყანასთან. უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, როდესაც საქართველოში ცხოვრების და საქმიანობის გაგრძელების საშუალება მომეცემა. ამის შემდეგ იქნება სრულყოფილი ის ბედნიერების განცდა, რომელსაც პაციენტებთან ურთიერთობით ვიღებ.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?