ავტორი:

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

15 ივნისიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა და შესაბამისად, სამთვიანი "დარჩი სახლში"-ს შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მონატრებული ადგილების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი ხნით ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, თანაც იაფი და სასიამოვნო განტვირთვა სურს შაბათ-კვირას, სალაშქრო ტურები საუკეთესო გამოსავალია

AMBEBI.GE გამოცდილ მოლაშქრეებს ესაუბრა და მათ ჰკითხა, რომელ მიმართულებებს ურჩევენ ისინი დედაქალაქთან ახლოს ლაშქრობაში წასვლის მსურველებს. მოლაშქრეთა კლუბი "იეტის" დამფუძნებელი, დავით ცაბოშვილი გვეუბნება, რომ ყველა ადგილი თბილისიდან მაქსიმუმ 30-45 წუთის სავალზეა.

- ლაშქრობის მსურველებს შეუძლიათ, მარშრუტი ვაკის პარკიდან მთაწმინდის პარკამდე გაიარონ, ჭილის ტბაზე წავიდნენ, ასევე, ზედაზენზე, სადაც ძალიან კარგი საბავშვო ცენტრია გაკეთებული. ვარიანტებად შეუძლიათ, განიხილონ არმაზის ციხე, კოჯორში კოჯრის ციხე და ა.შ. ძალიან ბევრი მარშრუტია, რომელიც ძვირი არ ჯდება, ყველაფერი თითქმის უფასოა და ტრანსპორტირების და სხვა მინიმალური ხარჯია.

ეს ადგილები იმით გამოირჩევა, რომ უმეტესად, ისტორიულია, კარგი ბუნებაა, სიგრილე, შესაბამისად, ადამიანები თბილისის სიცხეს გასცდებიან და განიტვირთებიან.

  • საბავშვო ქალაქი ზედაზენზე (თბილისიდან მაქსიმუმ 45 წუთის სავალზე)

უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, ზედაზენზე გაკეთებულია "მოკოლენდი", რომელიც ძირითადად, ბავშვებზეა გათვლილი, არის საქანელები და ა.შ. იქვე - მცირე ზომის თავშესაფარია, წყალი, საბანაკე ადგილი, გზასთან ძალიან ახლოსაა, ასე რომ, ფეხით სავალიც არ არის ბევრი და იქ წასვლა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანს შეუძლია. ამას გარდა, ადგილზე სიგრილეა და ბავშვებისთვის ძალიან კარგადაა მოწყობილი, რაც თბილისში გვაკლია.

  • არმაზის ციხე (თბილისიდან მაქსიმუმ 45 წუთის სავალზე)

არმაზის ციხის ბილიკზე ორი ისტორიული ძეგლია - ღვთისმშობლის დედათა მონასტერი და თავად არმაზის ციხე. ეს ისტორიულად ძალიან საინტერესო მონაკვეთია, რადგან სწორედ ამ ადგილას იდგა კერპები - გაცი და გა (გაიმი). არის პატარა მდინარე, სიგრილე, საავტომობილო გზიდან ძალიან ახლოსაა, ფეხით სავალი სულ რაღაც 4 კილომეტრია, შესაბამისად, დამწყებ მოლაშქრეებს სწორედ აქ შეუძლიათ წასვლა.

მდინარესთან ახლოს ძალიან კარგი საბანაკე ადგილებია, გაშლილი ველები, მოწყობილია საცეცხლურები, არც შეშის პრობლემაა. ერთი სიტყვით, შაბათ-კვირის განტვირთვისთვის, პიკნიკის მოწყობისა თუ დაბანაკებისთვის, ძალიან კარგი ადგილია.

  • ჭილის ტბა (თბილისიდან 20 კილომეტრში)

ეს ტბა თბილისთან ახლოსაა, მუხათგვერდის სასაფლაოს ზემოთ. მდებარეობს ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, გამოირჩევა ძალიან კარგი ხედით. საოცარი ბუნებაა, ულამაზესი ხედი თბილისზე, რითიც ეს ადგილი ამით დიდ პლუსს იწერს. ერთადერთი პრობლემა მწერებია - ძალიან ბევრ მწერს შეხვდებით, რადგან ტბა ჭაობის სახითაა.

კითხვაზე, როგორ უნდა მოემზადონ ლაშქრობისთვის ადამიანები, ვისთვისაც ეს არაკომფორტულ დასვენებასთან ასოცირდება, დავით ცაბოშვილი გვასუხობს:

- ის, რომ, ლაშქრობა პრობლემური და არაკომფორტულია, მითია. შეიძლება, ადამიანი ლაშქრობაში ძალიან კომფორტულადაც იყოს, კარავში დაძინება საკმაოდ კომფორტულია და თუ საჭირო და კარგი აღჭურვილობა გვექნება, დღეებს საკმაოდ მოსვენებულად გავატარებთ.

პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ კომფორტული აღჭურვილობა, შესაბამისი კარავი და გასაბერი ლეიბი გვქონდეს - ეს უკანასკნელი რბილად დაძინებაში დაგვეხმარება. სხვა დანარჩენი წვრილმანია, რადგან ლაშქრობაში იმიტომ მივდივართ, რომ ბუნებასთან ახლოს ვიყოთ, კარავი კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს.

მოლაშქრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გიდი და საფეხმავლო გამყოლი, ნუცა ცქიმანაური თავის რჩეულ ადგილებზე ესაუბრება AMBEBI.GE-ს:

- ახლო-მახლო ბევრი ისეთი საინტერესო ადგილია, რომელსაც ყველაზე ზარმაცი ან დამწყები მოლაშქრის დაინტერესებაც შეუძლია. თბილისში გვაქვს ეროვნული პარკი, სადაც შესაძლებელია როგორც აქტიური, ისე - პასიური დასვენება, უფროსებთან თუ პატარა ბავშვებთან ერთად.

ერთ-ერთი საინტერესო მარშრუტია მამკოდა-ზედაზნის ბილიკი, რომელიც მარკირებულია და გზის არევის შანსი ნულის ტოლია. (ბილიკი იწყება სოფ. მამკოდიდან, გაივლის ვეჯინის ხეობას და მიემართება დიდველისაკენ (ზ.დ.1440 მ), სადაც მრავალფეროვანი ხედები და თვალწარმტაცი მცენარეული საფარი გვხვდება. დიდველიდან იშლება თბილისის შემოგარენის, მდ. მტკვრის კალაპოტისა და ტყის პანორამული ხედები, ავტ)

პლანეტა ჯავახეთი - ასე შევარქვით აბულ-სამსარის ვულკანურ პლატოს, რომელიც მარსს უფრო ჰგავს, ვიდრე დედამიწას.

ამ მიმართულებას ნაკლებად სწყალობენ მოლაშქრეები, არადა, აქ უამრავი საკვირველი ამბის მოსმენა და აღმოჩენაა შესაძლებელი, დაწყებული ციკლოპური (მეგალითური) ციხეებითა და მენჰირებით (ვერტიკალურად მდგარი ლოდი, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. საქართველოში მაქსიმუმ 4 მ. სიმაღლის გვხვდება), გამორჩეული და უნიკალური სამზარეულოთი დასრულებული.

ჭიქიანის მენჰირი
შაორის ციკლოპური ციხე - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარასთან ახლოს
მცირე აბულის მეგალითი

ეგზოტიკური გემოების მოყვარულებს აქ ლოკოკინას კერძი და აპოხტის ხინკალი დახვდებათ, ხოლო ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ, თავით გადაეშვან თმოგვის ციხის და დიდი აბულის ლეგენდებში. მოკლედ, ჯავახეთი ამოუწურავი მხარეა.

კიდევ ერთი კარგი მიმართულებაა არატრადიციული მანგლისი. ალგეთის ეროვნული პარკის ბილიკები, სადაც ასევე მარკირებული ბილიკები, სიმწვანე და სიგრილე დაგხვდებათ, ხედების ნაკლებობას არც აქაურობა უჩივის.

ნუცა ცქიმანაური ახალგაზრდა დედაა და მათაც აძლევს რჩევებს, ვისაც მოგზაურობა ოჯახებთან და ბავშვებთან ერთად ურჩევნიათ:

- ჩემი პროფესიისა და ოჯახური მდგომარებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს 4 წლის შვილთან ერთად აქტიური დასვენება, მსუბუქი ლაშქრობები მცირე მანძილსა და სხვადასხვა რელიეფზე. ჩემი გამოცდილებით, წელიწადის ნებისმიერ დროს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოსანახულებლად ძალიან კომფორტული და ლამაზი ბილიკებია:

თბილისის ეროვნული პარკი - აქ კომფორტული საპიკნიკე ადგილია მოწყობილი, გზიდან შორი არაა, რელიეფი ძალიან მარტივია სასიარულოდ და შუაგულ ტყეშია. ბილიკის ერთ-ერთი დასაწყისი ზედაზნის მონასტრის გზაზე მდებარეობს, მისასვლელი კი საგურამოდანაა;

სამშვილდის კომპლექსი - ქვემო ქართლში მდებარე ეს კომპლექსი წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს არამარტო პატარებზე, უფროსებსაც არ დატოვებს გულგრილს. ტერიტორიაზე შეხვდებით პრექრისტიანულ მენჰირებს, ვერძებს, ციხეს და გალავნის ნაშთებს, რამდენიმე ტაძარსა და ნატაძრალს, ეს ყველაფერი კი სიმწვანით გვირგვინდება.

ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 6 კმ-მდეა, რა გზასაც ბავშვები ისე გადიან, დაღლას ვერც კი გრძნობენ. აუცილებლად გირჩევთ, გზად შეჩერდეთ და დაათვალიეროთ სოფელი ასურეთი, იგივე ელიზაბეტტალი. ამ პატარა სოფელში ლაშქრობით წამის მეათედში გერმანიის სამხრეთში ამოჰყოფთ თავს, ვინაიდან აქაურობა 1817 წლიდან ვიუტენბერგელი გერმანელებით იყო დასახლებული, მათ ამბავს კი სოფლის ცენტრალური ქუჩის ბოლოში მდებარე კირხე და ფახვერკის სტილის სახლები მოგაგონებთ;

"ბულბულების ჭალა" კუს ტბის მიმდებარედ - აქ შეხვდებით მარტივ და საინტერესო რელიეფს, ხედებს თბილისზე და ბიომრავალფეროვან შერეულ ტყეს. ფაქტობრივად, თბილისიდან გადიხარ, მაგრამ ამავე დროს თბილისში რჩები. ჯამში, გასავლელი მანძილი 4 კმ-ია;

ერთდღიანი ლაშქრობისთვის კარგი მიმართულებაა საქართველოს სამხედრო გზა, კერძოდ, არაგვის ხეობა, მთიულეთი. სოფელ ჩინთთან შეიძლება კარგი საჭყუმპალაო ადგილების მოძებნა მდინარეზე, საღამოს კი გემრიელი მთიულური ხინკლის გასინჯვა;

ფშავის არაგვის ხეობა - ასევე საინტერესო იქნება პატარებისთვის. თბილისიდან 100 კმ-ითაა დაშორებული. კარგი საბანაკე ადგილების გარდა, სოფელ კორშაში სანახავია არაბულების საოჯახო სასტუმრო, სადაც უგემრიელესი კეცეულები და ხინკალი აქვთ, მის მოხვევაში კი ბავშვებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. იქვეა კოშკში მდებარე პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც სავსეა ათასნაირი იარაღით და ხევსურული ტრადიციული სამოსითა და ნივთებით.

მოლაშქრე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუცა ცქიმანაური ფასების საკითხსაც ეხება და ხაზს უსვამს, რომ პანდემიის შემდეგ ხარჯები შესაძლოა, წინა პერიოდთან შედარებით, გაზრდილი იყოს.

- რასაც დავაკვირდი, ფასები 20-30%-ით გაზრდილია კვების ობიექტებზე, რაც მოგზაურობის ბიუჯეტს ზრდის. საშუალოდ კი, ერთი ზრდასრული ადამიანი ღამისთევით, კვებითა და აქტივობებით 70-120 ლარი ჯდება, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მანძილი, ღამის გასათევი, ადამიანების რაოდენობა, ტრანსპორტი და ა.შ.

მოთხოვნა გაიზარდა ეკოტურიზმზე, უმეტესად კი ე.წ. სოფლის ტურიზმზე, სადაც ადამიანებს სრულიად ჩვეულებრივ, არაგაპრანჭულ სოფლის გარემოში შეეძლებათ ბავშვებთან ერთად დასვენება და ჯანსაღი საკვების მირთმევა. უფრო აქტიურებსა და ექსტრემალური განცდების მოყვარულებს შეუძლიათ, ცხენოსნობით, ჯომარდობით ან პარაგლაიდინგითაც დაკავდნენ.

პანდემიამ ყველას ბიუჯეტს მოუჭირა ხელი, მოსახლეობის დიდ ნაწილს მოგზაურობის სურვილი აქვს, თუმცა ფინანსური საშუალება - ნაკლებად, მაგრამ აქაც შეიძლება გამოსავლის მოძებნა. ერთ-ერთი ვარიანტი კარვით მოგზაურობაა, რაც ჩემ გარშემო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეორე ვარიანტი, ორგანიზებულ საბანაკე ადგილებზე არსებული პატარა კეთილმოწყობილი კოტეჯებია, სადაც სადილის შეკვეთაცაა შესაძლებელი" - გვეუბნება გიდი.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

იმოგზაურე საქართველოში - "პალიტრა მედია" შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!

ფოტოები: georgiantravelguide; ნუცა ცქიმანაური

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია