ავტორი:

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოსახლეობა და ე.წ. სოციალურ დახმარებებსა და პენსიებზე დამოკიდებული ადამიანები ხელფასებსა და შესაბამის ფულად დახმარებებს დღემდე უშედეგოდ ელოდებიან. ასევე, არ არსებობს პასუხი, როდისთვის უნდა ელოდონ თანხას.

ამასთან, ე.წ. მაღალჩინოსნები და სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ წლევანდელი წელი რეგიონისთვის ბევრად მძიმე იქნება, ვიდრე ოდესმე იყო, რადგან რუსეთთნ ჩაკეტილია საზღვარი, არ ჰყავთ ტურისტები. ამის კვალდაკვალ არ მუშაობს არცერთი ის დაწესებულება, რომელიც ტურიზმზე იყო მიბმული, ეს ეხება კვების ობიექტებს, კაფე-ბარებს, საოჯახო და დიდ სასტუმროებს, სასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, უმძიმეს დღეშია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საბანკო კრედიტი ჰქონდათ აღებული და ასეთი ადგილობრივი მოსახლეობის 75 %-ია. ეს კი ნიშნავს, რომ საბანკო სექტორიც მძიმე დღეშია, რადგან ბანკის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თუ ფულის ბრუნვა არ იქნება, ხელფასებსაც ვერ გასცემენ...

ცნობისთვის, ადგილობრივი ბანკები, სადაც, ცხადია, ფული, ძირითადად რუსი და სომეხი ბიზნესმენების მიერ არის დაბანდებული, კრედიტს 36 %-ში იძლევა, თუმცა არასტაბილური გარემოს გამო, კრედიტის გაცემა საკმაოდ რთულად ხდება.

ახლა რგიონში ორი მთავარი კითხვა ტრიალებს - დაეხმარება თუ არა რუსეთი ფინანსურად მათ ხელფასებისა და პენსიების დარიგებაში და მეორე - გაიხსნება თუ არა ფსოუს საზღვარი თუნდაც 2 ივლისს და იქნება თუ არა აფხაზეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც რუსეთი მიმოსვლას აღადგენს?

თუმცა, დამაიმედებელ პროგნოზს ვერც აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი ალექსეი დვინიანი იძლევა. მისი თქმით, ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

ტურისტების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საზღვრის ჩაკეტვის კიდევ ერთი დიდი მინუსი ის არის, რომ რუსეთში დასაქმებული აფხაზების ნაწილი, ვინც დაბრუნება მოახერხა, რეგიონში ჩაიკეტა და შემოსავლის გარეშე დარჩა, ნაწილი კი დღემდე რუსეთშია, ოღონდ უმუშევარი.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებსა და კომენატრებში წერენ, რომ უიმედო მდგომარეობაში არიან...

"ამ მძიმე სიტუაციაში უამრავი ქვეყნის ლიდერმა თავი შეიკავა რუსეთში ჩასვლისგან, სადაც ვირუსი მძვინვარებს. ჩვენი პრეზიდენტი კი უყოყმანოდ ჩავიდა საკმაოდ ხალხმრავალ დელეგაციასთან ერთად. არადა, მკურნალობა კი არა, საკარანტინო სივრცის მოწყობასაც კი ვერ ვახერხებთ... ისიც მესმის, რომ არ წასულიყო, ვითარება როგორ გამწვავდებოდა. რა ცუდ დღეში ვართ ყველაფრით რუსეთზე მიბმული, ანუ თუ ისინი დაიღუპებიან, ჩვენც გადაგვაყოლებენ ან ჩვენით უნდა გადავყვეთ", - წერს ინტერნეტმომხმარებელი მირიან ჯოპუა.

"ზუსტად ერთ კვირაში სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა. თუ არ გინდა, არ იყიდოო, გვეუბნებიან. სოფელში მაინც ვცხოვრობდეთ, ვალით ავიღებდით პროდუქტს და ოდესმე გავისტუმრებდით ან ადგილობრივ პროდუქტზე გადავუცვლიდით, მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, რა გავაკეთო, რით ვიარსებოთ მე და ჩემმა მეზობლებმა, რომლებიც ჩემსავით უმუშევრები არიან?!. სკოლის მოსწავლეებს ვამეცადინებდით, არავინ მოდის, ყველას ეშინია, მეც მეშინია... ასეთი უმწეობა 90-იან წლებშიც არ მახსოვს", - წერს ირინა შარია.

“ჰოდა, რომ მიადექით ახლა რაულ ხაჯიმბას კლანის წევრებს, ჯოპუებს, ბასარიებსა და მელკონიანებს, ვინც პირდაპირ იჯდა ნარკორეალიზაციის ბიზნესის წილში და არც ხაჯიმბას ტოვებდა უყურადღებოდ, მოატანინონ ახლა ის ადამიანების ხოცვითა და უბედურებით ნაშოვნი, წლობით ნაგროვები ფული და ხალხი ორმაგად ამოისუნთქებს, მაგრამ როგორ? როდესაც ხაჯიმბა და ანქვაბი ყველაზე შეძლებულთა სიაში გვერდიგვერდ ადგილებს იკავებენ?!" - კითხულობს ელმირა ბგანბა.

ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის სახლი აფხაზეთში - ფოტო: დავით ჟვანია

არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ აფხაზეთი სუბტროპიკული რეგიონია, სადაც უამრავი რამ ხარობს და შიმშილით არ დაიხოცებიან, თუმცა, მათ ოპტიმიზმს აგრესია მოჰყვა...

"ამ ზღაპრებს, თითქოს მანდარინით და ხილით თავს გავიტანთ, ის ცინიკოსები წერენ, რომელთაც სახლში დალაგებული ფული აქვთ და სარდაფში რამდენიმე წლის მარაგი უდევთ".

"აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს" - რას წერს ადგილობრივი მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს