6 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ბროსეს ქუჩაზე მდებარე რესტორან "ბროსეში" ყოფილი დეპუტატი და "კონსერვატიული პარტიის" წევრი ნიკა კვეზერელი დააკავეს. მას ბრალი სამხრეთკორეელი ინვესტორის, ჩელ ჰო პატისთვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომანქანის გამოძალვაში, აგრეთვე, პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვეზერელმა კორეელ ინვესტორს ჯერ - 10 ათასი, შემდეგ - 250 ათასი დოლარი, მოგვიანებით კი 40 ათას დოლარად შეფასებული "ინფინიტის" მოდელის ავტომანქანა გამოსძალა.
ბიზნესმენ ნიკა კვეზერელის კორეელმა პარტნიორმა ჩელ ჰო პატმა ჩვენებაში განაცხადა, როგორ ჩამოვიდა საქართველოში "მაკდონალდსის" პროექტის გასაცნობად, იყიდა 2100 კვმ მიწა, დაუახლოვდა ნიკოლოზ კვეზერელს, რომელმაც მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ 250 ათასი დოლარი გამოსძალა.
მოგვიანებით ავტომანქანა დასტყუა, ბოლოს კი, მისი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 10 ათასი დოლარიც წაართვა. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, კვეზერელს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყოფილ დეპუტატ ნიკა კვეზერელს წარსულშიც არაერთხელ მიუქცევია სამართალდამცველთა ყურადღება. 2004 წლის 15 ნოემბერს საპატრულო პოლიციამ იგი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.
ნასვამმა კვეზერელმა პოლიციელი სიტყვიერად შეურაცხყო და იარაღით დაემუქრა. 2009 წლის 17 აპრილს ნიკა კვეზერელმა მოქალაქე გულუა ფიზიკურად შურაცხყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. ტყვია სამგზავრო ავტობუსს მოხვდა. დაკავებულის მხარდასაჭერად "კონსერვატიული პარტიისა" და "ახალი მემერჯვენეების" ლიდერები მივიდნენ, თუმცა, თანაპარტიელები აზრის გამოთქმას რატომღაც გაურბიან იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მათი პარტიის არამარტო ფინანსურად გაძლიერების საქმეში.
ნიკა კვეზერელი იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობისას სპეცდანიშნულების რაზმ "ომეგას" მეთაური იყო. მას ბრალი ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში. კვეზერელი "მხედრიონის" რამდენიმე წევრთან ერთად გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით მას ეს ბრალდება მოუხსნეს და თავისუფლების აღკვეთა ერთ-ერთი მოქალაქის გატაცებისა და მისთვის სხეულის დაზიანებისთვის მიუსაჯეს. ნიკა კვეზერელი შეწყალების საფუძველზე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. იგი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
კვეზერელი ბოლო ხანს სამშენებლო ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული და კორეელ პარტნიორ ჩელ ჰო პატთან ერთად ერთ-ერთ უბანში საცხოვრებელ ბინას აშენებდა.
როგორც ადვოკატი ვაჟა არობელიძე ამბობს, ნიკა კვეზერელი მომხდარით გაოგნებულია და მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს:
"ნიკა კვეზერელს თანხის გამოძალვის მუხლი არ აქვს წაყენებული. სასამართლომ მას ბრალი თაღლითობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდო, რასაც იგი არ აღიარებს. კვეზერელს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ჩვენ მოვიძიეთ ცნობები კვეზერელის პარტნიორის, კორეელი ე. წ. ინვესტორის შესახებ, როგორც აღმოჩნდა, კორეაში მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, - ჩელ ჰო პატს ბანკიდან ოფიციალურად გამოტანილი აქვს 15 მილიონი დოლარი, საქართველოში სამშენებლო ბიზნესი უნდა ეწარმოებინა. თუმცა მას მხოლოდ 8 მილიონამდე აქვს ჩადებული საქართველოში.
ნიკა კვეზერელი ყველა ბრალდებას უარყოფს. ამბობს, რომ არც ავტომანქანა და არც ფული ჩელ ჰო პატისთვის არ გამოუძალავს. კორეელზე ამბობს, რომ თაღლითია, თბილისში მისი ქონება დაყადაღებულია და აუქციონზე უნდა გავიდეს გასაყიდად, რამდენჯერმე კორეიდან ხალხი ჩამოვიდა მისი საქმიანობის შესასწავლად, მაგრამ ის მათ დაემალა, ვერ იპოვეს. ცდილობს ნიკას გადააბრალოს ყველაფერი და შეცდომაში შეჰყავს სამართალდამცველები. იმედია, ყველაფერი გაირკვევა.
კვეზერელი უარყოფს პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევასაც. არის მოწმე, რესტორნის დირექტორი მეფარიძე, რომელიც დაკავებულია და მასაც ასევე ბრალად ედება წინააღმდეგობის გაწევა. ისიც უარყოფს, არავითარი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, ერთად ვიდექით, როცა შემოვიდნენ და დაგვაკავესო. იმას, თუ კვეზერელის ბრალეულობის დამადასტურებელი რა მტკიცებულებები აქვთ, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შევიტყობთ. მანამდე აღმკვეთ ღონისძიებას გავასაჩივრებთ. ჩვენ გვაქვს არგუმენტები და გვყავს მოწმეები".
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)