ტელეკომპანია "კავკასიის" საქმესთან დაკავშირებით განაჩენს ეკა ბესელია უკანონოს უწოდებს

ტელეკომპანია "კავკასიის" საქმესთან დაკავშირებით განაჩენს ეკა ბესელია უკანონოს უწოდებს

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული რვა პირის მიმართ გუშინდელ სასამართლო განაჩენს ეკა ბესელია უკანონოს უწოდებს.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, გუშინდელი განაჩენის შედეგად, ქვეყანაში გაჩნდნენ რელიგიური, ანუ მრწამსის პატიმრები. მისი განცხადებით, ისინი იცავდნენ მართლმადიდებლობას, ქართულ ტრადიციებს, ეროვნულ ფასეულობებს.

"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მიიჩნევს, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც რელიგიური პატიმრები ჩნდებიან. ბესელიას თქმით, "თალიბანსაც" აღარ ჰყავს რელიგიური პატიმრები. ამ განაჩენს სერიოზული გაგრძელება ექნება. მისი თქმით, ხელისუფლებისათვის მძიმე იქნება ახსნას, თუ რა არგუმენტაციით მიუსაჯეს ამ ადამიანებს პატიმრობა.

მსჯავრდებულების ადვოკატის მანანა კობახიძის განცხადებით, ეს განაჩენი კიდევ ერთი უსუსური გადაწყვეტილებაა, სირცხვილია ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანები დასაჯო დანაშაულისათვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. კობახიძის განცხადებით, ისინი საკუთარი აზრისათვის და რწმენისათვის დააპატიმრეს და მიუსაჯეს პატიმრობა.

კობახიძის თქმით, სასამართლოზე ყველა განცხადების შეჩერება ხდებოდა, რომელიც საპატრიარქოს ხსენებით იწყებოდა. მისი თქმით, ეს განაჩენი მაგალითია რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში. საქმე შიდა რესურსების ამოწურვის შემდეგ, კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში წავა.

ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა სასამართლომ, "კავკასიის" ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირები აქცია მრწამსის პატიმრებად. მისი თქმით, რაიმე ტიპის პირობითი სასჯელი შეიძლებოდა სამართლიანი ყოფილიყო, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდებოდა მათ მიმართ დანაშაული. "უაღრესად უტვინო, მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ქართულმა სასამართლომ, რომელიც არის პოლიტიკური", - აღნიშნა მან. სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ სასამართლო მთლიანად პროკურატურის მძევალია.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მილერი ხარებავამ ტელეკომპანია "კავკასიის" ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს ზვიად ბლიაძეს, ავთანდილ დუმბაძეს, გიორგი შალამბერიძეს, ჯაბა გურჩიანს, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძეს, გიორგი გაბედავას და ლევან ჩაჩუას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათ მსჯავრი დაედოთ თაღლითობაში და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ