ავტორი:

ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი

ასათიანი, გურიელი, მაყაშვილი - როგორია თავად-აზნაურთა ცნობილი გვარების ისტორია და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი

საკუთარი გვარ-სახელები, წარმომავლობა ნებისმიერი ადამიანის მუდმივი ინტერესის სფეროა. ამ თემაზე უამრავ მეცნიერსა და მკვლევარს უმუშავია. გარდა ამისა, არსებობენ უბრალოდ დაინტერესებული პირებიც, რომლებიც ამ თემის შესწავლას დიდ დროს უთმობენ.

ასეთი გახლავთ ლევან ბერაია, ერთ-ერთი აგროკონსორციუმის დამფუძნებელთაგანი, დირექტორის მოადგილე, რომლის ავტორობით გამოსულია წიგნი „ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერა“, სადაც არაერთი ქართული გვარია განხილული.

"2 წიგნისა და 800 სტატიისა თუ ნაშრომის ავტორი გახლავართ. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს თემა. ჩემი სტიქაროსნობის დროს (სიონის საკათედრო ტაძარში 1980-1984 წლებში სტიქაროსანი ვიყავი) გავიცანი ქალბატონი ბაბო დადიანი, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება და კარგი მთხრობელი გახლდათ. სწორედ ქალბატონი ბაბო მიყვებოდა თავისი და არამარტო თავისი გვარის ისტორიას. ჰქონდა უამრავი სურათი და თითქმის ყველა მათგანის ისტორია იცოდა. იმ ადამიანმა ეს ყველაფერი მეც შემაყვარა.

გარდა ამისა, ოჯახში ბავშვობიდან მუდმივად მესმოდა მითები და ლეგენდები ჩემი გვარის შესახებ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ სურვილი გამიჩნდა, გვარების წარმომავლობის საკითხებს ჩავრღმავებოდი, გამომეკვლია და შემესწავლა“ - გვეუბნება ბატონი ლევანი, რომელიც წიგნის შედგენისას ეყრდნობოდა ძველ ისტორიულ წყაროებს, საარქივო მასალებს, ხელნაწერთა ინსტიტუტის შრომებსა და ცნობილი მეცნიერების წიგნებს.

- რატომ მაინცდამაინც თავად-აზნაურთა გვარები?

- ბავშვობიდან მაინტერესებდა ამბები თავად-აზნაურთა შესახებ... ჩემს მეგობართან, ვალერიან ხიმშიაშვილთან ერთად, ვგეგმავთ ახალი კრებული გამოცემას, რომელიც ისტორიულ გვარებს შეეხება, თუმცა საქართველოში ყველა გვარი ისტორიულია.

სანამ ახალი ნაშრომს დაასრულებს ჩვენი რესპონდენტი, მანამდე გთავაზობთ მის მიერ შეკრებილი მასალიდან რამდენიმე თავად-აზნაურთა გვარის ისტორიას:

  • ავალიშვილი - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XV-XVII საუკუნეებში ძველი თორის (ახლანდელი ბორჯომის ხეობა) მხარეში დაწინაურდა და იქ 1535-1555 წლებში ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო) ჩამოყალიბდა. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. XVI ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწაზე დარჩენილები კი გამაჰმადიადნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში გადასული ავალიშვილები ტაშისკარში, სურამსა და მიმდებარედ დამკვიდრდნენ. კახეთში გადასულები - კაკაბეთში, კალაურში, თელავში და ჩუმლაყში. იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ქართლ-კახეთის ავალიშვილებს მოურავთა თანამდებობები ეკავათ, იყვნენ ეპისკოპოსები...
  • ასათიანი - აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073 და მისი შვილი მოვიდა იმერეთსა და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“. ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავათ, კერძოდ, ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადსხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაესი სასამართლოს მდივანი. ალექსანდრე მეფემ ყმისა და მამულის წყალობის წიგნი 1736 წელს მისცა ხახურტა ასათიანს - „ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვაიაჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ პატრიქეთს... სასახლე თუ გლეხები მათის ცოლშვილით, სახლკარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყოთ, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა არასოდეს არ მოგიშალოთ“. 1736-1937 წლებში ოტია დადიანმა ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა-მამული ცხუკუშვერში.
  • ალადაშვილი - აზნაურთა გვარი ქართლში, ციციშვილების აზნაურები იყვნენ. 1782 წლის 5 სექტემბერის არზაში წერია, რომელიც გოგია ალადაშვილმა გაუგზავნა ერეკლე მეფეს: „ღმერთმა ბედნიერის ხელმწიფების ჭირი მისცეს ციციშვილის მანუჩარის აზნაურიშვილს ალადაშვილის გოგიას. ჩემი მოხსენება არის ესე“.
  • ალექსიშვილი - აზნაურული გვარია, ქსნის საერისთავოს, საამილახვროს აზნაურები იყვნენი. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები იყვნენ. მოიხსენიებიან 1795 წელს ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის სახელზე გაცემულ წყალობის წიგნში. 1738 წელს ალექსიშვილი მოიხსენიება ყმისა და ნასყიდობის წიგნშიც. ალექსიშვილების საგვარეულოს დამაარსებელი იყო ანჩისხატის დეკანოზი ალექსი, მღვდლის გრიგოლ მხატვრის ძე.
  • ამაშუკელი - აზნაურული გვარი იმერეთისა და ქართლის ტახტის აზნაურები. ჰქონდათ მამულები ამაშუკეთში. ბეჟინა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწრში ვკითხულობთ: „მამეკელ, რომ მამივიდა, ამაშუკელის ყმა არის, 17 წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შეირთო, დავასახლე“. ამ გვარის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ სოკრატეს ძე 1853 წელს პორუჩიკის წოდებით ნოვოროსისკის დრაგუნთა პოლკში ჩარიცხეს. 1856 წელს პერიასლავის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს.
  • ბერიძე - ფეოდალური საგვარეულოა გურიაში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს გურულ თავადებად ასახელებს. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები, ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ბერიძეთა წოდების დამცირება. ვიცით მხოლოდ, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან 1664 წლამდე. მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა ბერიძეების ხელში იყო, ხოლო შემდეგ ნაკაშიძეთა ხელში გადავიდა. XVIII სუკუნეში მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძე და მიწაწყალი, ყმა, მამული მას დაუმტკიცა. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე სათავადო აზნაურებიც.
  • გარსევანიშვილი - ფეოდალური საგვარეულოა საქართველოსა და რუსეთში. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდნენ XVIII საუკუნეში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI-ის კულტურულ-მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღზრდილ-მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ივნენ ვახტანგ VI-ის შვილების ვახუშტის ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები, იესე იყო სამეფო კარისა და ოქინის კარის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 წელს გარსევანიშვილები ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში გადასახლდნენ. იქ მათმა შთამომავლობამ გარსევანოვების გვარი განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიიღო. რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
  • გურიელი - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ-ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში იყო. საგვარეულო საძვალე მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფელ შემოქმედში. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად 1830 წელს გააუქმა. მას შემდეგ „გურიელი“ მათ გვარად გადაიქცა.
  • გველესიანი - საგვარეულო საქართველოში. სვანური წარმომავლობის გვარია, რომელმაც მიგრაცია მთელს საქართველოში განიცადა. გველესიანები გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთსა და კახეთში. იმერელი გველესიანების ნაწილი გლეხის კატეგორიას განეკუთვნება, ნაწილი - სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო აზნაურის ტიტულს. 1950 წელს მათი გვარი რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ შეიტანეს, პეტერგენების გენეალოგიურ საიტზე, განთავსებულ სიაში, სადაც ის გვარებია დასახელებული, რომლებმაც 1800 წლიდან 1917 წლამდე რაიმე სახის ტიტული - აზნაურობა და თავადობა მიიღეს... ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ როგორც თბილისში, ისე ზესტაფონსა და ჭიათურაში.
  • მიქაძე - ფეოდალური საგვარეულოა, მეგრელი თავადები. სათავადოს ფლობდნენ დღევანდელი ხობის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, XIX საუკუნეში მხეიძეები, ქოჩაკიძეები და მიქაძეები ხე-ტყის წარმოებას მისდვდნენ. მიქაძეები მემკვიდრეობით ფლობდნენ ჭალადიდისა და ნოქალაქევის მოურავობას, ბეჯა და კაცია მიქაძეები ერთ-ერთ დოკუმენტში მოიხსენიებიან, როგორც ჭალადიდისა და ფოთს მოურავები, ასევე ფოთისა და ანაკლიის თავადებად. მიქაძეების გვარი პირველად მოიხსენიება XVI ს. პეტრე მიქაძე გიორგი III დადიანის დროს ქართლში გადავიდა და ქართლელი მიქაძეების შტოს დამფუძნებელი გახდა.
  • მაყაშვილი - ფეოდალური საგვრეულო საქართველოში. კახელი თავადები, ვახუშტის ცნობით: „ხოლო კახთის ჩოლოყაშვილნი და მაყაშვილნი იტყვიან ირუფაქიძეობას“. იყალთოს სიძველეთა მიხედვით, მაყაშვილთა საგვარეულოს ტრადიციებით, არსენ იყალთოელი, წმინდანთა რიცხვში ჩარიცხულა. გვარად თითქოს მაყაშვილი ყოფილა, არსენ იყალთოელი მოღვაწეობდა XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. მაყაშვილები იყვნენ უჯარმის, თელავის, ძველი გალავნის, აღდგომისა და ყარაჯალის მოურავები. კახეთის სამეფო კარზე ეშიკაბაშის თანამდებობები ეკავათ. 1460 წლის სიგელში მოხსენიებულია ზაალ მაყაშვილი ნაზირი.

ამრიგად, ფეოდალურ საქართველოში თავადი სახელმწიფოს საყრდენს წარმოადგენდა. რამდენად ძლიერიც იყო სათავადო, იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო. იურიდიულად თავადი მეფის ყმა იყო და მეფისადმი ერთგული სამსახური მართებდა. ამ ყმობა-სამსახურის საფუძველი მამული იყო, რომელიც სწორად ამ ერთგული სამსახურისთვის ებოძებოდა თავადს მეფისგან.

თავადების შემდეგ ამ იერარქიის კიბეზე აზნაურები იდგნენ, რომლებიც თავის მხრივ სამეფო საეკლესიო და სათავადო აზნაურებად იყოფოდნენ. აზნაურთა შორის უკეთეს ეკონომიურ პირობებში ტახტის აზნაურები გახლდნენ, მათ უშუალო მბრძანებელს, მეფე წარმოადგენდა. უფრო დაბლა საეკლესიო აზნაურები იდგნენ... აქ წარმოდგენილი თავადაზნაურული გვარების ისტორიებში ეს ყველაფერი ნათლად იკვეთება.

"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე