ავტორი:

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე ახერხებს კორონავირუსის პანდემიასთან მეტ-ნაკლებად გამკლავებას და არის ქვეყნები, რომელთა წარმატებაზეც საერთაშორისო არენაზე საუბრობენ, აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მკვეთრად იზრდება და ეპიდვითარება ფაქტობრივად უკონტროლოა.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მას არ გაუკვირდება, თუკი შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსი განსაკუთრებით სწრაფად 4 შტატში - ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში ვრცელდება.

ის ვირუსის ასე გავრცელებას სხვადასხვა ფაქტორებით ხსნის. ფაუჩი ამბობს, რომ ამერიკელების დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და პირბადეს არ ატარებს.

ფაუჩის აზრით, ყოველივე ზოგიერთ შტატში შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამაც გამოიწვია. ის აკრიტიკებს იმ შტატებს, რომლებმაც გამოტოვეს "სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები“, გახსნეს სკოლები და გააგრძელეს ბიზნესი. ფაუჩის თქმით, შედეგი უკვე სახეზეა და ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"საჭიროა ერთობლივი მოქმედება. მაშინ, როდესაც ერთ შტატში სიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობა წესებს იცავს, თუ მისმა მეზობელმა შტატებმაც არ დაიცვეს აუცილებელი ნორმები, მაშინ ვირუსი მარტივად შეძლებს გავრცელებას ყველა მიმართულებით. ჩვენ მთავარი ყურადღება ამ 4 შტატის მიმართ არ უნდა მივაპყროთ, რადგან ამჟამად რისკის ქვეშ მთელი ქვეყანა დგას,“ - განაცხადა ფაუჩიმ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე 45 ათასს აჭარბებს, გასულ დღე-ღამეში კი 47 ათასი ახალი ინფიცირებული გამოავლინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

"ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს იქნება შემაშფოთებელი“, - ამბობს ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი.

საერთო ჯამში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,7 მილიონს აჭარბებს, ვირუსით გარდაცვლილია 130 000 პაციენტი და ამ მაჩვენებლებით ამერიკა მსოფლიოს პირველი ქვეყანაა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1.1 მილიონია.

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე