ავტორი:

"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში

"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ნებისმიერი დეტალი საზოგადოების ინტერესის საგანია. ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია - საქმის მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი, პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა გასცეს.

საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ რეზონანსული განცხადება გააკეთა - ალექსანდრე გეჯაძის თქმით, შაქარაშვილის დაზიანებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მას ბლაგვი საგნით აქვს დარტყმა მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს და უფრო ძლიერია.

რა დრო სჭირდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას და რა დროში შეიძლება გაეცეს სრულყოფილი პასუხები გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაგროვილ კითხვებს? - AMBEBI.GE დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

- რა დრო სჭირდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო პასუხებს საქართველოში?

- საერთოდ, ერთი სტანდარტი არ არსებობს. საქმის თავისებურებას გააჩნია. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა ვადები ცხადია არსებობს. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში სამედიცინო ექსპერტიზის საშუალო ვადა ერთ თვეს შეადგენს. ეს როდესაც საქმე გვამის ექსპერტიზას ეხება. ცოცხალი ადამიანის გამოკვლევა უფრო მარტივია.

კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც ახლა ასე არ უწოდებენ, თუმცა რეალურად მაინც ტარდება, საშუალოდ სამ თვეს მოითხოვს. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მაქსიმალურ ვადად ორი წელია განსაზღვრული. წარმოგიდგენიათ?! ეს სრულიად აბსურდული, არაგონივრული ვადაა.

გვამის ექსპერტიზას როდესაც ეხება საქმე, წესით ერთ თვეში დასკვნაც უნდა დაიწეროს და ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი უნდა მოვიდეს. ორ წელში რომ პასუხი მიუვა დაზარალებულს, რა უნდა გააკეთოს ორი წლის შემდეგ?! დაზარალებული ამის გამო ორმაგად ზარალდება.

- რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს. რა დროში შეიძლება იყოს ექსპერტიზის სრულყოფილი პასუხები და რა სირთულისაა გარდაცვალების მიზეზის დადგენა ამ შემთხვევაში?

- ამ საქმეზე ბევრს და კონკრეტულად არ ვისაუბრებ, რადგან არ ვარ მიწვეული და არაკორექტული იქნება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან მტკივა გული ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების გამო. ეს საქმე სამედიცინო ექსპერტიზის თავალსაზრისით საკმაოდ რთულია. სტანდარტი არ არსებობს. აქ უნდა გაიაზროს ექსპერტმა, რა და რა განაცალკევოს ერთმანეთისგან.

საქმეში უპირველესად სამი გარემოებაა ერთმანეთისგან გასამიჯნი: პირველი - ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ზემოქმედებას, ანუ ჩხუბს? მეორე გარემოებაა ვარდნის შესაძლებლობა. როგორც ვიცი, იქ არის ხიდიც და ხევიც. ორივე ვერსია უნდა იქნას გამოკვლეული - ვარდნის და ხევიდან გადაჩეხვის.

მესამე რიგის კითხვა უკვე ისაა, ახალგაზრდა ბიჭი წყალში ცოცხალი მოხვდა თუ გარდაცვლილი. ეს სამი მომენტი უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ხევია, ხევზეც უნდა იფიქრო, ხიდია - სიმაღლიდან ვარდნაზეც უნდა იფიქრო, ცემაზეც უნდა იფიქრო.

მე რომ მივდიოდე ასეთ ექსპერტიზაზე, ამდენ შესაძლებლობას დავუშვებდი. თითეულს სჭირდება სხვადასხვა კვლევა და მიდგომა. ბევრი შესაძლებლობა უნდა დაუშვა, რომ არ გამოგრჩეს არაფერი და თუ კარგი ექსპერტი ხარ, ყველა შესაძლებლობა უნდა გქონდეს დამუშავებული და პასუხგაცემული.

ამ საქმეში გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა. ცოცხალი მოხვდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი წყალში და რამ გამოიწვია მისი ბიოლოგიური სიკვდილი - ამის დადგენა შესაძლებელია და რთულიც არ ჩანს. მაგრამ, აუცილებლად დადგება საკითხი, როდის და რით მიიღო დაზიანებები და ვინ მიაყენა კონკრეტულად მას ეს დაზიანებები. ეს კი მე, როგორც ექსპერტს, რთულად დასადგენი მეჩვენება.

ხაზგასმით ვამბობ - ძალიან ძნელი გასარჩევი იქნება ამ საქმეში სხვადასხვა ეტაპზე მიღებული დაზიანებები, როდის რა დაზიანება მიიღო შაქარაშვილმა.

- ამ საქმის და სხვა საქმეების გამოც, კრიტიკა ისმის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მისამართით. ამ სტრუქტურას ყველაზე ხშირად დროში გაჭიანურებული დასკვნების გამო საყვედურობენ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა ეს გაჭიანურებული ვადები და აქ მიზეზები კომპლექსურია. მე მინახავს პროცესები, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ იღებს პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას. ეს წარმოუდგენელი რამ არის!

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი ახლა არის საჯარო სამართლის პირი და იგი პრემიერს ექვემდებარება. 2000-იან წლებში მე ვხელმძღვანელობდი ამ ბიუროს და მთავარი სტრუქტურული ცვლილებები სწორედ მაშინ განხორციელდა. ჩემი იდეა იყო, ყველაფერი ერთი ქოლგის ქვეშ ყოფილიყო, ჩამოყალიბებულიყო ძლიერი საექსპერტო ცენტრი. ასეც მოხდა, თუმცა ამ რეფორმამ გარკვეული ხარვეზები მოიტანა. დაიღვა და უკონტროლო გახდა ექსპერტიზის ვადები.

მიზეზები კომპლექსურია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამხელა უწყებაში ბორდი არ არსებობობს. შეუძლებელია ამხელა მონსტრი იმართოს ერთპიროვნულად. საჭიროა სათათბირო ორგანოს არსებობა, რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე, სტრუქტურას სხვანაირი განვითარება სჭირდება. წესით, ექსპერტი წელიწადში ერთხელ უნდა იმაღლებდეს კვალიფიკაციას. უნდა უტარდებოდეს ტრენინგები, ეცნობოდნენ უცხოურ ტენდენციებს.

ბევრჯერ შემხვედრია ჩემი კოლეგების ისეთი შეცდომები, რომლებიც აშკარად მიუთითებს კვალიფიკაციის პრობლემაზე

ბიურო ექსპერტების სიმცირესაც განიცდის. უნდა იყოს იმდენი ექსპერტი, რამდენიც საქმეს გასწვდება. ახლა მათ ძალიან მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვთ. წესით, ექსპერტს უნდა ჰქონდეს ისეთივე სამუშაო გრაფიკი, როგორც ექიმს - ნახევარი დღე. ისინი კი მუშაობენ სრული განაკვეთით. ადრე ექსპერტს 45 დღე ჰქონდა შვებულება და მისი შრომა მავნე სამუშაოდ ითვლებოდა. ხელფასიც ყველა ექიმზე მაღალი ჰქონდა. ახლა ასე არ არის. ძალიან მენანებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი შრომის პირობები და იწვებიან პროფესიულად.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებელი, ალტერნატიული ექსპერტიზა. წარმოიდგინეთ რამხელა გარღვევა იყო ეს. მაგრამ მას შემდეგ, მუდმივად სჭირდებოდა განახლება და განვითარება ამ სისტემას. ბიურო ჯერ კიდევ ადეიშვილის დროს მიღებული საკანონმდებლო რეგულაციებით ხელმძღვანელობს.

ყველაფერი შესაცვლელია საკანონმდებლო კუთხითაც. ძალიან მწყდება გული, რომ ისეთი მაღალი კლასის იურისტებმა, როგორებიც არიან - შალვა შავგულიძე, ეკა ბესელია, დავით უსუფაშვილი, არ დააყენეს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი ამ მიმართულებით. შავგულიძეს და ბესელიას ჰქონდათ მაღალი თანამდებობები, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არცერთმა არ იფიქრა ადეიშვილის შემოღებული რეგულაციების შეცვლაზე. მათ არ იზრუნეს დაზარალებულის უფლებებზე.

სააკაშვილის დროს თუ ადამიანს კლავდნენ, ექსპერტიზის ჩატარება ძალიან რთულდებოდა, რადგან არ აძლევდნენ დაზარალებულს არანაირ დოკუმენტებს, საქმეში არ ახედებდნენ. მთავრობის შეცვლის შემდეგ ამ კუთხით უკეთესობისკენ შეიცვალა ვითარება. ახლა დაზარალებულს აქვს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს. თუმცა, გარდა ამისა, ვერაფერს აკეთებს დაზარალებული, რადგან მის ადვოკატს არანაირი უფლებები არ გააჩნია, უუფლებოა. სასამართლო პროცესზე მისი დამცველი მხოლოდ პროკურორია და ეს სახელმწიფოს პრობლემაა.

"ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე ეს ჩვენებაში თქვა" - რა აჩვენა სატელეფონო ანძების ჩანაწერებმა

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე