ავტორი:

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა

ჩინეთში შავი ჭირით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევა ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში დაფიქსირდა. ინფიცირებულია ერთი ადამიანი, მწყემსი, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია. უცნობია ინფიცირების წყარო.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გააძლიერეს სიფრთხილის ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალა ნადირობა იმ ცხოველებზე, რომლებიც შესაძლოა შავი ჭირის მატარებელნი იყონ, აიკრძალა მათი ხორცის ჭამაც.

შავი ჭირის შემთხვევა გასულ წელს მონღოლეთში დაფიქსირდა და მისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების წყარო მღრღნელის უმი ხორცი იყო.

ამ ვერაგმა დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, თუმცა შავი ჭირი ჩვენს დროში აღარაა ისეთი სახიფათო, როგორც ადრე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა. ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან და როდის დაფიქსირდა ბოლოს შავი ჭირის შემთხვევა საქართველოში? - ამის შესახებ ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ზახაშვილის თქმით, შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოში არ არის უცნაური მოვლენა, ყოველწლიურად ხდება და ამ შემთხვევების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

"შავი ჭირი არ არის ბოლომდე დავიწყებული დაავადება და პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს თავს. საქართველოში ბოლოს დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. ზოგადად, შავი ჭირის ვირუსის გადამტანები არიან გარეული მღრღნელების სხვადასხვა სახეობები. ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსხვავებულია გადამტანების სახეობა. ძირითადად ისინი ავადდებიან და შემდეგ ადამიანზე გადაცემა რწყილების საშუალებით ხდება. რწყილის გარეშე ეს დაავადება მღრღნელიდან ადამიანზე ვერ გადავა" - გვეუბნება გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.

- თითქოს მსოფლიომ დაამარცხა შავი ჭირი...

- არ არის დამარცხებული რეალურად, შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ყოველ წელიწადს თავს იჩენს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, მადაგასკარში ყოველ წელიწადს აქვთ ეპიდემიის აფეთქება. ეს არის, როგორც გითხარით, მღრღნელების დაავადება, როდესაც მათი რაოდენობა იზრდება, მათში იფეთქებს ხოლმე ეპიდემია.

ეს არის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი და ეპიდემიის შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მცირდება, ხდება ერთგვარი შესვენება. გამრავლების შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები, სადაც საუკუნეებია ვერ აღმოფხვრეს დაავადების შემთხვევები. ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ერთ გარემოში ხვდებიან დაავადებული მღრღნელი, ინფიცირებული რწყილი და ადამიანი.

- თავის არიდების გზები როგორია?

- დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, ჩატარებულ ყოველდღიურ სამუშაოებზე, ჰიგიენის ნორმებზე.... ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად, ჰიგიენის ნორმებიც უმჯობესდება, ადამიანის საცხოვრებელში მღრღნელები იმ რაოდენობით აღარ გვხვდება და აქ წყდება კავშირი.

თორემ შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ამერიკაში, საქართველოში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საბერძნეთში... თითქმის ყველა ქვეყანაში.

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა, რომელთაგან ერთ-ერთი მეტნაკლებად აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება.

- განკურნების ალბათობა როგორია?

- ძალიან მაღალია, ეს გახლავთ ბაქტერიული ინფექცია და თუ დროულად მოხდა ამოცნობა, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუბონური. საშიში დაავადებაა რეალურად, უბრალოდ დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა. დღეს იმდენად იშვიათია, რომ თითქმის დაავიწყდათ ექიმებს.

- გადადების საფრთხე რამდენად მაღალია?

- ბუბონური ფორმის გადადება ძალიან რთულია, მექანიკურად უნდა მოხდეს დაზიანება კერის და შემდეგ შესუნთქვა ჯანმრთელი ადამიანის მიერ. რაც შეეხება ფილტვისმიერ ფორმას, მისი გადადება უფრო მარტივია და ფატალურ შედეგს ვიღებთ.

რაც შეეხება სიმპტომებს, დაინფიცირებიდან მალევე ვლინდება - მაღალი ცხელებით, ძლიერი ინტოქსიკაციითა და სუნთქვის გართულებით მიმდინარეობს.

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა

ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში