ავტორი:

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სარალიძის მკვლელობის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება.

„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა, აქაც ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს არა მხოლოდ ოჯახს. ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძიებაც არ მისულიყო ამაზე და უფრო ღრმადაც ჩავლენ ალბათ. ჩემთვის გულსატკენია, რომ აქეთაც ახალგზარდები არიან. იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა. ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა „ახალგაზრდებს ბოლომდე ვერ გავწირავთ“.

„ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა? ვიღაცას ხომ ჰქონდა ასეთი აზრი? იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ ამდენი ახალგაზრდა. ამათზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ბოლომდე ხომ ვერ გავწირავთ. დააშავა? პასუხი უნდა აგოს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდებს დღეს ისე არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვიდნენ და უარესები იყვნენ. ახალგაზრდები არიან ისინიც. იჩხუბეს, დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

712 თბილისში, 305 - იმერეთში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"23 გარდაცვლილიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში და 2 - იმერეთში მკურნალობდა" - ბერდია სიჭინავა