ავტორი:

დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა

დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა

დღეს ძალიან ბევრი იწერება დასავლურ პრესაში, რომ აზერბაიჯანში, თურქეთის მეშვეობით, ბევრი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი-ჯიჰადისტი (ძირითადად სირიიდან) იმყოფება. ბაქო და ანკარა ასეთ "ბრალდებას" უარყოფენ და პირიქით, ერევანს იგივეს აბრალებენ... არსებობს აზრი, რომ დაქირავებულებით სარგებლობა "სირცხვილია" და ქვეყნის სისუსტეზე მეტყველებს.

მართლაც ასეა? მართლაც სასირცხვილოა დაქირავებულებით სარგებლობა, რომლის ხსენებასაც ასე უფრთხიან ანკარა, ბაქო და ერევანი?

თავდაპირველად გავარკვიოთ, რას ამბობს საერთაშორისო სამართალი დაქირავებულ მეომრებზე, ანუ როგორც მათ ხშირად უწოდებენ - "იღბლიან ჯარისკაცებზე", "ველურ ბატებზე" თუ "ომის ქოფაკებზე".

  • "იღბლიან ჯარისკაცთა" სამართლებრივი სტატუსი

ჟენევის 1977 წლის კონვენციის მიხედვით დაქირავებულის განმარტება მოცემულია დამატებითი ოქმის 47-ე მუხლში:

"დაქირავებულად ითვლება პირი, რომელიც:

ა) სპეციალურად არის გადაბირებულ-დაქირავებული იმ მიზნით, რომ ომში ჩაბმული მხარის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტში იბრძოლოს;

ბ) ფაქტობრივად, იღებს უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში;

გ) იბრძვის უმთავრესად პირადი გამორჩენისთვის, რომელიც დამქირავებელმა მხარემ აღუთქვა - იმაზე მეტი, რასაც იღებს დამქირავებელი ქვეყნის ოფიციალური შეიარაღებული ძალების შემადგენლობა;

დ) არ ითვლება იმ მხარის მოქალაქედ, რომელიც კონფლიქტშია ჩაბმული და არც იმ პირად, რომელიც მუდმივად ცხოვრობს დამქირავებელი მხარის ტერიტორიაზე;

ე) არ შედის კონფლიქტში მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში (არ ითვლება კომბატანდად);

ვ) გაგზავნილი არ არის იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც კონფლიქტის მხარეა და რომლის შეიარაღებულ ძალებში დაქირავებული ირიცხება.

შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სამართალი არ კრძალავს ცოცხალი ძალის დაქირავებასა და მათ მონაწილეობას კონფლიქტებში. "დაქირავება" უფრო მეტად ცალკეული სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობითაა აკრძალული და დასჯადია. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითაც (410-ე მუხლი), რომელშიც ჩაწერილია, რომ დაქირავებულების შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ხოლო დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში - სამიდან შვიდ წლამდე.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზე არის მცდელობები, რომ დაქირავება თუ მთლიანად არ აიკრძალება, შეიზღუდოს მაინც, მაგრამ მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელია.

ალბათ, საბოლოო ჯამში დაქირავებული ბევრად ჩამოუვარდება საკუთარი სამშობლოს დამცველ მეომარს, რომელიც, დაქირავებულთან შედარებით, ბევრად არის მოტივირებული გულწრფელი გრძნობით, პატრიოტული შემართებით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა დროში და ეპოქაში დაქირავებულებზე მოთხოვნილება ყოველთვის იყო და არის.

  • "შავი რაინდები", კონდოტიერები და ლანდსკნეხტები

ცოცხალი ძალის (ჯარისკაცების) დაქირავება ომებისა და კონფლიქტების დროს უხსოვარი დროიდან არის ცნობილი, დაწყებული ძველი საბერძნეთის ეპოქიდან. ბერძენი მებრძოლები იყვნენ როგორც სპარსეთის ჯარში, ასევე ეგვიპტის ფარაონებთან და კართაგენში. მაგალითად, გავგამელასთან ბრძოლის დროს სპარსელების მხარეზე 2000 ბერძენი მეომარი იბრძოდა. საერთოდ, ისინი ემსახურებოდნენ იმას, ვინც მეტს იხდიდა.

შუა საუკუნეებში დაქირავებულთა შორის ყველაზე კლასიკური წარმომადგენლები იყვნენ ვიკინგები. ბიზანტიის იმპერატორის პირადი დაცვის უფროსი იყო ნორვეგიის მომავალი მეფე ჰერალდ მესამე. გაჩნდნენ აგრეთვე ე.წ. "შავი რაინდები" - მეომრები, რომლებსაც დიდი საბრძოლო გამოცდილებას ფლობდნენ, არავის ოფიციალურად არ ექვემდებარებოდნენ და ხშირად მიექირავებოდნენ მხოლოდ იმას, ვინც მათ ყველაზე მეტს უხდიდა. მოკლედ, "ფული - შენი, ძალა - ჩემი... ყველა პრობლემა მოგვარებული გექნება".

გვიანი შუასაუკუნეების იტალიაში გაჩნდა დაქირავებულების კიდევ ერთი "სახეობა" - კონდოტიერები. იმის გამო, რომ იმდროინდელი იტალია პატარა თუ დიდ უამრავ სამთავროდ იყო დაქუცმაცებული და რომლებიც მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს, ადგილობრივად დაქირავებულ მეომრებს და მათ წინამძღოლებს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ტერიტორია, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ. კონდოტიერთა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო მუციო ატენდოლა, მეტსახელად "სფორცა" (ანუ "ძალით დამმორჩილებელი"). მუციო წარმოშობით გლეხი იყო, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა მილანელი ჰერცოგების - სფორცების დინასტიას.

მე-15 - მე-17 საუკუნეებში ომის თითქმის ყველა ევროპულ თეატრში წამყვანი როლი ენიჭებოდათ ლანდსკნეხტებს - დაქირავებულთა თვითმოქმედ რაზმებს, ძირითადად გერმანული სამთავროებიდან. ყოველ ოთხას დაქირავებულს რაზმში ერთი ისეთი მეომარი მაინც იყო, რომელმაც რამდენიმე ენა იცოდა (თარჯიმნის სახით), ხოლო რაზმის მეთაური ვალდებული იყო რამდენიმე ენაზე ლაპარაკი შეძლებოდა.1474 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI შეუთანხმდა რამდენიმე შვეიცარიულ დასახლებას მეომრების დაქირავების მიზნით, რომლებსაც 20 ათას ფრანკს უხდიდა. შვეიცარიელები ვალდებულები იყვნენ, ომის დროს, მეფისთვის მეომრები მიეშველებინათ. ასე დაიწყო შვეიცარიელი დაქირავებულების "ეპოპეა" ევროპაში.

მე-17 საუკუნის ბოლოს ევროპული ქვეყნები თანდათან გადავიდნენ მუდმივი ჯარის პრინციპზე, რომლებიც ქვეშევრდომთა არმიაში გაწვევის პრიციპს ემყარებოდა. მაგრამ დაქირავებულების არსად გამქრალან - მათი როლის შესრულება უკვე ოფიცრებმა დაიწყეს, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული:

ა) ყველა ოფიცრისთვის არ აღმოჩნდა ადგილი ახალ საარმიო სტრუქტურებში;

ბ) ანაზღაურება ყოველთვის არ შეესაბამებოდა ოფიცრის კომპეტენციას;

გ) ბევრი შერისხული აღმოჩნდა სამეფო კარზე - პოლიტიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით;

დ) ყოველთვის მოიძებნებოდა ავანტიურის მოყვარული პიროვნება;

  • "უცხოური ლეგიონის" გმირები: ვოლონტერები თუ დაქირავებულები?

1831 წლისათვის საფრანგეთში საკმაოდ გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა, იმავდროულად კი ქვეყნის მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა ალჟირის კოლონიზაცია, რისთვისაც ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო საჭირო. 1831 წლის 9 მარტს დაარსდა "საფრანგეთის უცხოური ლეგიონი" (Légion étrangère), რომელიც უმეტესად უცხოელებისა და იმ ფრანგებისაგან შედგებოდა (თავდაპირველად), რომლებსაც კანონთან პრობლემები ჰქონდათ. ეს ქვედანყოფი სამხედრო ოპერაციებს კონტინენტური საფრანგეთის ტერიტორიის მიღმა ახორციელებდა. სხვათა შორის, "უცხოური ლეგიონი" დღესაც განაგრძობს არსებობას. ბევრი იურისტი თვლის, რომ "უცხოურ ლეგიონს" დაქირავებულების სტატუსი არ აქვს, მაგრამ გარკვეულწილად მის ნიშნებს ატარებს. ასევე შეიძლება ითქვას ბრიტანეთის არმიის ნეპალელი გურკხებით დაკომპლექტებულ სამხედრო ქვედანაყოფზეც.

ცნობისათვის:

საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში სხვადასხვა დროს ქართველებიც მსახურებდნენ. მათაგან ერთ-ერთია დიმიტრი ამილახვარი, პოლკოვნიკის წოდებით. 1921 წელს მამამისი გიორგი ამილახვარი, საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. 1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.

დიმიტრი ამილახვარი

გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას შეუერთდა. აქ მსახურისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის "გათავისუფლების ჯვრით" დაჯილდოვდა. დიმიტრი ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, გერმანელებთან ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის" უმაღლესი ორდენით.

მე-19 საუკუნის შუახანებში დაქირავებულებმა ევროპიდან თითქმის მთლიანად აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადაინაცვლეს. მათი იმდროინდელი ერთ-ერთი წარმომადგენელია ფრედერიკ უორდი, რომელიც 1860 წელს ჩინეთის საიმპერატორო მთავრობის სამსახურში შევიდა. მისი, რაზმი, ევროპელების შემადგენლობით, წარმატებით ებრძოდა აჯანყებულებს.

გარკვეულწილად ასევე დაქირავებულები იყვნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში (1936-39 წ.წ.) მონაწილე ვოლონტერებიც (მოხალისეები), თუმცა მათ უფრო იდეოლოგიური მოტივაცია ჰქონდათ, ვიდრე ფინანსურ-მატერიალური მიზანი.

დაქირავებულთა დიდი რაოდენობა გაჩნდა მსოფლიო ომების შემდეგ, როცა ბევრი პროფესიონალი სამხედრო პირი, არმიების შემცირების გამო, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. გარდა ამისა, ბევრი იმდენად იყო მიჩვეული ბრძოლას და სხვადასხვა ავანტიურას, რომ ცხოვრება სხვაგვარად ვერ წარმოედგინათ, მათთვის მყუდრო, მშვიდობიანი ცხოვრება წამების ტოლფასი იყო.

კლასიკური დაქირავებულების ბოლო "აფეთქება" აფრიკის დეკოლონიზაციის ეპოქაში მოხდა: დაქირავებულთა ყოფნა ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ ხშირად წყვეტდა ომების ბედს, მით უმეტეს ისეთ შემთხვევებში, როცა ადგილობრივი არმიების სამხედრო მომზადების დონე დაბალი იყო. იმ დროისთვის დაქირავებულები იბრძოდნენ კონგოში, ანგოლაში, სუდანში, ეთიოპიაში და სხვა ქვეყნებში.

იუგოსლავიის დაშლის პერიოდში, 1990-იან წლებში ქვეყნის ყოფილ ტერიტორიაზე დაქირავებულთა აქტივიზირება მოხდა. მაგალითად, ხორვატეთში და ბოსნიაში იბრძოდნენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებისგანაც შეიქმნა საერთაშორისო სამხედრო დაჯგუფება "ველური ბატები" - ინგლისელების, ფრანგების, ამერიკელების, ჩეჩნებისა და სხვათა შემადგენლობით. იგივე შეინიშნებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - ჩეჩნეთში (არაბი დაქირავებულები) და აფხაზეთში, სადაც დაქირავებულებმა ძალიან ნეგატიური როლი შეასრულეს.

  • კერძო სამხედრო კომპანიები

1990-იანი წლების შუახანებიდან ფართოდ გავრცელდა კერძო სამხედრო კომპანიების (PMC - Private military company) მომსახურება. მაგალითად, 1995 წელს სიერა-ლეონეს მთავრობამ წელიწადში 60 მილიონ დოლარად დაიქირავა PMC Executive Outcomes-ის მეომრები იმ მიზნით, რომ მათ ამბოხებულებთან ებრძოლათ. სულ რაღაც ორ თვეში პრობლემა მოგვარდა - დაქირავებულებმა ყველა ამბოხებული ან გაწყვიტეს, ან დაატყვევეს.

რასაკვირველია, კერძო სამხედრო კომპანიებს აქვთ როგორც პლუსები, ასევე მინუსები.

პლუსები:

ა) მათი გამოყენება არ იწვევს მოსახლეობაში იმ ნეგატიურ რეაქციას, რომელიც თან ახლავს ამა თუ იმ მოწინააღმდეგე მხარის რეგულარული შეირაღებული ძალების ყოფნას დაკავებულ ტერიტორიაზე ან ბრძოლაში მონაწილეობას.

ბ) კერძო სამხედრო კომპანიების სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება გამოყენებული იქნეს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ალტერნატივად, როცა ამა თუ იმ ქვეყანას სუსტი სახელმწიფო-პოლიტიკური ინსტიტუტები აქვს;

გ) PMC-ებს აქვთ სწრაფად განთავსებისა და დისლოცირების უნარი;

დ) PMC-ების დანაკარგები გამოქვეყნება არ არის გათვალისწინებული დამქირავებელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ მონაცემებში;

ე) PMC-ების მართვა უფრო მოქნილად და ოპერატიულად ხორციელდება;

ვ) PMC-ებში არ არსებობს სამხედრო ბიუროკრატია;

ზ) PMC-ები ხშირად მეტი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ვიდრე რეგულარული ჯარების სამხედრო მოსამსახურეები;

მინუსები:

ა) პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური მოტივაციის არარსებობა;

ბ) რადგანაც კონტრაქტის დადების დროს ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, ამიტომ მოვლენების განვითარებისა და არასაშტატო სიტუაციების დროს შეიძლება მათი გამოყენება ჩიხში შევიდეს;

გ) რთული ხდება PMC-ებისა და რეგულარული არმიის ურთიერთქმედება.

ალბათ, ჩვენს მკითხველს ემახსოვრება ბოლო დროს მომხდარი სკანდალური ისტორიები რუსულ კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებით, რომელთა სამხედრო მოსამსახურეები სირიაში და ლიბიაში იბრძოდნენ. ისინი რთულ სამხედრო სიტუაციაში მოხვდნენ და მათგან ბევრი დაიღუპა. სირიაში მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ირანელი დაქირავებულებიც. როგორც დასავლური პრესა იტყობინებოდა, თავის დროზე, მათ კოორდინაციას უწევდა აწ უკვე დაღუპული ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი.

  • დასკვნის მაგიერ...

შეიძლება ითქვას, რომ დაქირავებულობის თემის გაუბრალოება არც მომგებიანია და არც წამგებიანი. ამ მოვლენას დიდი ისტორია აქვს, თავისი ნათელი და ჩრდილოვანი მხარეებით. ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, როცა დაქირავებულები მამაცობის მაგალითებს აჩვენებდნენ. ბევრია იმის ფაქტებიც, რომ დაქირავებულებმა ვერ შეძლეს კონტრაქტის პირობების შესრულება. თანამედროვე კერძო სამხედრო კომპანიების სტატუსის საკითხიც ზოგჯერ სადაოა და კითხვებს აჩენს. უპირველესად წინა პლანზე იწევს ეთიკური საკითხი, რომელიც ხშირად საკმაოდ მწვავეა და საერთაშორისო სამართლებრივი სკანდალების ობიექტი ხდება, ვთქვათ, მათი დატყვევების შემთხვევაში. ასევე სკანდალურია, ეთიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთი კონფლიქტის ზონიდან თუ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნიდან დაქირავებულთა გადაყვანა სხვა კონფლიქტის ზონაში, მით უმეტეს ისეთი პირებისა, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.

ავტორი: სიმონ კილაძე

"სომხეთი ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს" - რა ცნობებს ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"აზერბაიჯანმა უპილოტო დრონები იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე" - სომხური მედია

"აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო" - სომხეთის თავდაცვის უწყება