ავტორი:

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - სააკაშვილის გეგმები უკრაინასა და საქართველოში

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - სააკაშვილის გეგმები უკრაინასა და საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სამომავლო გეგმები ერთნაირადაა დაკავშირებული როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან და ორივე ქვეყანაში გამარჯვებას აპირებს, რადგან გამარჯვებისთვისაა დაბადებული. ამის შესახებ ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"რამდენიმე დღის წინ, ჩემს ცხოვრებაში ერთმა მნიშვნელოვანმა ადამიანმა მკითხა, ზუსტად ვიცი თუ არა ჩემი გზა, ხომ არ ვხელმძღვანელობ მხოლოდ ემოციებითა და პირადი ამბიციებით, რევანშის წყურვილით, საერთოდ, საით მივემართები და როგორია ჩემი გეგმები. მინდა მას და ყველა სხვას ვუპასუხო:

ხშირად მეკითხებიან, რას ვსაქმიანობთ და რისი მიღწევა გვსურს. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რეზულტატზე ვიყავი ორიენტირებული, ყველგან, სადაც მიმუშავია, ვმუშაობდი შედეგისთვის - რომ შემეცვალა ადამიანების ცხოვრება, შემეცვალა ცხოვრება ჩემს ირგვლივ და შემეცვალა ქვეყნის ან ქვეყნების ცხოვრება.

პრეზიდენტ ზელენსკის შემოთავაზება, გავმხდარიყავი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, მივიღე იმიტომ, რომ მინდა მას და უკრაინას დავეხმარო. ამიტომ, ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმები გვაქვს.

ჩვენ იდეების გენერატორები ვართ. შევკრიბეთ ძალიან კარგი ხალხი და წინ მივიწევთ. ამ კვირაში სასამართლო რეფორმის კონცეფციაზე მუშაობას ვასრულებ და შეთავაზებას წარვუდგენ პრეზიდენტსა და რადას, ასევე საზოგადოებას ფართო განხილვისთვის.

მოვამზადეთ კოდექსი, რომ ბოლო მოვუღოთ კორუფციას; ვმუშაობთ ბიზნესთან; შევთავაზებთ უკრაინის არქიტექტურული ინსპექციის ძირეულ რეფორმას, რაც სრულიად გამორიცხავს კორუფციის რისკებს სამშენებლო სფეროში და შექმნის გაუმჯობესებულ სისტემას, ისეთს. როგორიც თავის დროზე საქართველოში შევქმენი. პრეზიდენტის თხოვნით, მოვამზადეთ საბაჟოს რეფორმის პროგრამაც.

საერთო ჯამში, უნდა იცოდეთ, რომ მე დიდი გეგმები მაქვს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. მე დიდი ტრანსფორმაციის მხარეს ვარ.

ამ შემოდგომაზე, საქართველოში გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ვემზადები. ჩვენ დავასრულებთ ჩემი ერის დამცირებას და განადგურებას ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფი განვითარების რელსებზე, თუნდაც ამის გამო მე პირადად მომიხდეს მაღალი საფასურის გადახდა.

დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოშიც. დიახ, მე არც ერთ ქვეყანაში არ მაქვს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პრეტენზია, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ბევრისთვის რეგიონული ლიდერი ვარ და ბევრისთვის ვუკავშირდები იმედს -, ამ ადამიანებს კი არ ვუღალატებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს.

როგორი სირთულეებიც არ უნდა შემხვდეს, მე არასოდეს ვნებდები, არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფრონტზე დიდი საქმეები და დიდი წარმატებები გველის, ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ხალხისთვის, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელთათვისაც ვცხოვრობ და ვიცხოვრებ მთელი დარჩენილი ცხოვრება.

მჯერა, რომ არამხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველო არიან დაბადებული გამარჯვებისთვის! ჩემი მომხრეები და ახლობელი ადამიანები არიან დაბადებული გამარჯვებისთვის! აი, ეს არის ჩემი გზა. ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - ნათქვამია სააკაშვილის ვრცელ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი  საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

"ივანიშვილი არის შესაჩერებელი... არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას გასაჭირში" - მიხეილ სააკაშვილი