ავტორი:

ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას და მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.

"დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ. დღესასწაულს მომლოცველები მთელი საქართველოდან ესწრებიან,“ - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა