ავტორი:

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"ლევანი: - დეე, ჩვენ ხომ ერთნაირი ფერის თვალები გვაქვს და შენნაირად ვხედავ და აღვიქვავ სამყაროს. დედის გული შვილის ცხოვრების ყველა განწყობას ეხმიანება, იქნება ეს სიხარული თუ მწუხარება. ჯაჭვივით უწყვეტი რგოლი და გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომელსაც დედაშვილობას ვეძახით ხოლმე. შენ ახლა უკვე იქ დგახარ, სადაც ყოველთვის იყავი ჩემს წარმოდგენაში. ერთად გავიარეთ ის გზა და აქამდე მოგიყვანა, მაგრამ მაშინ ვერ დავუშვი, რომ ჩემს იქეთ და ჩემს გარეშე შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემგან ძალიან შორს, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა. რომ ვერ შევძლებდი რეპეტიციიდან ბუზღუნით დაბრუნებულს, შემომეხედა ზუსტად რომ "ჩემნაირ" თვალებში და ისინი მეტყოდნენ ყველაფერს.

ისიც კი არ შემიძლია, დილით პერანგი შეგისწორო, ასე უცებ უთოც გადამესვა და გამეცილებინე, თან ამ დროს ათას რამეს გაძახებ სანამ არ მოეფარები, შეღონებული რომ დამიქნევდი თავს: - გავიგეეეეეეეეეეეე!!! „მაპატიე, დეე!“ შენ ახლა შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადიხარ. მინდა, ვიამაყო და მჯეროდეს შენი... არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა უფრო კეთილი და ცრემლები უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე დედის“ - ეს იტალიაში მყოფი ქართველი დედის, ემიგრანტის, ეკა ყანდიაშვილის მიმართვაა შვილისადმი, ლევან ყანდიაშვილისადმი, რომელიც ამ ეტაპზე მეგაპროექტში „დიდი სცენა“ მონაწილეობს.

ლევანი გასული ლაივის გამარჯვებულია. ის მაყურებელს და ჟიურის მოსწონს. გარდა იმისა, რომ შოუს კონკურსანტია, აბიტურიენტიცაა. გამოცდებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აბარებს, მიუხედავად იმისა, რომ წელს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა. ლევან ყანდიაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე იწყებს: „ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა და ბავშვობიდან მუდმივად არის მუსიკით მოცული... კახეთიდან, გურჯაანიდან ვარ და კახური გულიანობა, ყველაფერი მახასიათებს. წელს „ჯავახიშვილში“ იურიდიუილ ფაკულტეტი დავამთავრე და ახლა კიდევ გამოცდებისთვის ვემზადები, კონსერვატორიაში ვაბარებ. ხვალ მაქვს გამოცდა“ - გვეუბნება ლევანი.

- რამ გადაგაწყვეტინა ასეთი რადიკალური ცვლილება პროფესიაში?

- სიმართლე გითხრათ, იურიდიულზე სწავლა მშობლების რჩევა იყო, ალბათ უფრო ზოგადი ორიენტირი, რომ ცოტა პრაგმატულ პროფესიას დავუფლებოდი. სხვათა შორის, წარჩინებით დავამთავრე... ახლა ვფიქრობ, რომ ამ ორი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება, კულტურის მენეჯმენტის მხრივ ან საავტორო უფლებების დაცვის კუთხით - ბევრი იდეა მაქვს. აბსოლუტურად ვუმადლი ამ ფაკულტეტს, რადგან კარგი ზოგადი განათლება მომცა. კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე უნდა ვისწავლო. უცხოეთში ძალიან პოპულარულია ეს ფაკულტეტი.

- სიმღერა როდის დაიწყე?

- ჩემთან მუსიკა უფრო ცეკვით დაიწყო - ბავშვობიდან ვცეკვავდი, სცენაზე ვიდექი, თან, რაღაც სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. ხელოვნების ყველა ჟანრში მინდოდა, რომ რაღაც მეკეთებინა. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი და ეს ჩემი მშობლებისთვის საშუალება იყო, რომ ყურადღება და ენერგია რაღაცაში ჩამედო, შედეგი მიმეღო. რომ წამოვიზარდე, ფეხის ტრავმა მივიღე და ცეკვა ვეღარ გავაგრძელე, დამრჩა სიმღერა და დავრჩი მუსიკაში. მოგვიანებით ინსტრუმენტსაც დავეუფლე.

- პირველ ლაივკონცერტზე საკუთარ თავს თვითონ გაუკეთე აკომპონიმენტი...

- კი, და ეს ერთ-ერთი ოცნება იყო „დიდ სცენაზე“ ჩემი ნამღერისთვის მუსიკალური თანხლება გამეწია. ამ პროექტში იმის გამო მივედი, რომ კორონავირუსის შემდეგ ენერგია რაღაცაში დამეხარჯა, დრო მეტად დავაფასე. მსურდა, რომ თვითიზოლაციის შემდეგ, ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ ღირებული და მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო ეს პროექტი და ჩემი გადაწყვეტილებისთვის კარგი საშუალება აღმოჩნდა. გარდა ამისა, პროექტია თავად მნიშვნელოვანი. ამასთან, მყავს ჩემი ბენდი, მისი ვოკალისტია ომა, ფერადკანიანი მომღერალი, რომელიც წინა სეზონზე, „დიდ სცენაში“ ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი იყო. ის რომ მონაწილეობდა, სიმღერის მომზადებაში ვეხმარებოდი, ქართული არ იცოდა და ბევრ რაღაცაში გვერდში ვედექი. იმ პერიოდში „დიდი სცენის“ სტაფი გავიცანი. კეთილგანწყობილი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის წარმატებას განსაზრვრავენ. ასევე მისი ყველაზე დიდი ღირსება ცოცხალი ბენდია. ამ პროექტში გაქვს საშუალება, გააკეთო ნებისმიერი სიმღერის შენეული ვერსია. ძალიან მაგარი ცოცხალი ბენდი გვყავს. ვიცოდი, რომ კონკურსანტების მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ, ვესწრებოდი ომას ყველა ლაივს. მოკლედ, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი.

- მაყურებელს მოსწონხარ, არც ჟიურია შენ მიმართ გულგრილი. თავად რა მოლოდინი გაქვს?

- ჟიურიმაც აღნიშნა, რომ ტურიდან ტურში ვვითარდები, სხვანაირი ვხდები... ერთადერთი მოლოდინი ისაა, რომ გავხდე ჩემს თავზე უკეთესი. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს კონკურსი, ახლა ისეთ საინტერესო გზას გავდივარ, ისეთ ხალხთან მაქვს შეხება და იმდენ რამეში მოვედი აზრზე, რომ ერთადერთი მოლოდინია, რაც უფრო დიდხანს ვიქნები პროექტში, თითოეული დღე ახლის მომცემი იქნება - ჩემი მუსიკა გამრავალფეროვნდება.

- აბიტურიენტობას, გამოცდებს და კონკურსანტობას როგორ ათავსებ?

- მეორე ლაივის დროს, დილით 8 საათზე გამოცდა მქონდა და თან, თელავში. იმიტომ, რომ კორონავირუსის დროს კახეთში ვიყავი და ჩაბარების ადგილად თელავი მივუთითე. ეს პროექტი რომ დაიწყო, დავრეკე, ვუთხარი, მაგრამ გამოცდის ჩაბარების ადგილი არავინ შემიცვალა. გასულ კვირას, ლაივის დღეს, ხომ ვამბობ, დილას გამოცდა მქონდა. დავწერე და თბილისში წამოვედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ აშკარაა, რომ ლაივი კარგად დამთავრდა. იმედი მაქვს, გამოცდებიც წარმატებით დასრულდება. პროექტში ყველა ხელს მიწყობს და მადლობა მათ... ადამიანები შუა ხნის ასაკშიც იცვლიან პროფესიას, თავს ხელახლა აღმოაჩენენ. მგონი, ჩემ შემთხვევაში გვიანი არ არის.

- ლევან, პროექტი რომ მოიგო, შენს ცხოვრებაში რა მოხდება?

- ძალიან მაგარი კითხვაა. მაგაზე არ ვფიქრობ, რომ მოვიგო, ალბათ არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, უფრო მეტი ადამიანის სიყვარული მექნება, რაც ნაწილობრივ უკვე მაქვს კიდეც, იმიტომ, რომ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ბევრი ადამიანი მეხმიანება და ხაზს იმას უსვამენ, რომ უყვართ ჩემი გულწრფელობა სცენაზე. თუ პროექტს მოვიგებ, რაღაცნაირად ეს ხალხის დამსახურება იქნება.

- დედამ თბილი სტატუსი მოგიძღვნა იტალიიდან, ემიგრანტი ყოფილა...

- კი, დედა ემიგრანტია. მის იქ ყოფნაზეც ბევრი ვინერვიულე, მოგეხსენებათ, იტალიაში კორონავირუსის დროს რაც ხდებოდა... ძალიან ნერვიულობს იმას, რომ აქ არ არის და შორიდან უწევს ჩემთვის ამ პერიოდში თვალყურის დევნება, გულშემატკივრობა... დედას ვეტყვი, რომ არ ინერვიულოს, ყველაფერი კარგად იქნება. მე აქედან ასე გავამხნევებ მას.

19 ივლისს დიდი სცენის მეორე სეზონის მესამე ლაივშოუა. "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული ელის, ყველაზე მუსიკალურ მეგაპროექტში დიდი გამოწვევების დრო დგება, ნატო მეტონიძის ტურში შოუს მონაწილეები ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ, კონკურსანტების რეპერტუარზე სწორედ ქართული სცენის ვარსკვლავმა ნატო მეტონიძემ იზრუნა, მასტერკლასიც ჩაუტარა და თითოეული სიმღერა კონკურსანტებმა, სწორედ მისი მითითებებით დაამუშავეს.

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს