ავტორი:

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

9 წლის ნიკოლოზ ხარატის ვიდეომ, მისმა ნამღერმა, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა - მას ფორტეპიანოზე თანხლებას დედა უკეთებდა, ის ქართულ სიმღერას საოპერო მომღერალივით ასრულებდა. ნიკოლოზი როგორც ხმით, ასევე სმენით, იმიტაციის უნარით და არტისტულობით გამოირჩევა. ვიდეო ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა გააზიარა... როგორც ნიკოლოზის დედა ელისო არაბიძე ამბობს, ხუმრობა-ხუმრობით ჩაწერილი ვიდეო თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა და ამდენი ადამიანი ნახავდა, ვერც კი წარმოიდგენდა. „თან, მიჩვეულები ვართ ნიკოლოზის ასე სიმღერას და განსაკუთრებულად არც მივიჩნევთ“, - ამბობს ბავშვის დედა. ხოლო არის თუ არა თავად ქალბატონი ელისო მუსიკოსი, ამაზე ასე გვპასუხობს: „მუსიკოსი არ ვარ, უბრალოდ, მიყვარს მუსიკა და სიმღერა, მამა წლების განმავლობაში „ერისიონში“ მღეროდა, სმენა მაქვს, ვუკრავ, მეგობრები კარგად მღერიან და მათ ავყვები ხოლმე. როგორც ყველა, ბავშვობაში მუსიკაზე მეც დავდიოდი, - მოკლედ, მოყვარული მუსიკოსი მეთქმის. ნიკოლოზის გარდა, ტუპი გოგონა მყავს, 21 წლის ხდებიან და მუსიკა მათაც ძალიან უყვართ. მართალია, ჩემი გოგოები, მაგ თაობის ახალგაზრდები, დღეს ელექტრონულ მუსიკას უსმენენ, მაგრამ ქართული სიმღერა განსაკუთრებულად უყვართ. როგორც ნიკოლოზი, ისინიც სულ მღერიან“ - აღნიშნავს ქალბატონი ელისო.

რაც შეეხება თავად ნიკოლოზს, 186-ე სკოლის მეოთხეკლასელია, ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და უკვე ორი წელია, რაც დათო არჩვაძესთან დადის. „სკოლაში მასწავლებელები ერთადერთი, რასაც ნიკოლოზის შესახებ საყვედურის სახით მეუბნებიან, ის არის, რომ სკოლაში სულ მღერის, დასვენებაზეც და გაკვეთილზეც. მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, - კლასი მესამე სართულზე გვაქვს და იმ დღეს ქვემოდან მესმოდა ბოლო ხმაზე როგორ მღეროდაო... მაგრამ ეს არის მისი გართობა, სხვა არაფერი უნდა, არც აიპადი, არც კომპიუტერი, არც არანაირი თამაში... ელექტროკლავიში ახლახანს ვიყიდეთ და ეს ყველაზე ძალიან ჩემს მეუღლეს გაუხარდა - ყურსასმენებს გაიკეთებს და ხმა მარტო მას ესმის და ჩვენ დავისვენებთო... მოკლედ, უკრავს და მღერის, აწყობს რაღაცებს... ახლა ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში მინდა, რომ მივიყვანო. იმ ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის მიზეზი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, - უბრალოდ, მითხრა, დაჯექი და ეს სიმღერა დაუკარი, უნდა ვიმღეროო. მეც დავჯექი ინსტრუმენტთან, იმ დროს ჩემი გოგო შემოვიდა და მითხრა, - მოდი, გადავიღოთო. თან, ვიდეო როცა „ფესიბუქის“ ჩემს გვერდზე ავტვირთე, უკვე 2 კვირა იყო გასული. ხომ ვამბობ, ასეთ ნახვას, მოწონებას, სითბოს, სიყვარულს არ ველოდი. თვითონაც უხაროდა, - ნახე, დედა, როგორ მოსწონთ! თავად კომპოზიტორმაც დაგვიკომენტარა და მოგვიწონა.

- ე.ი. ნიკოლოზ გასართობები არ იზიდავს.

- ხომ ვამბობ, სიმღერის გარდა არაფერი უნდა. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ვახტანგ კახიძის კონცერტზე წავიყვანე. მის იმ პროექტს დავესწარით, სადაც ქართველი მომღერლები - გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, გოგა მესხი და მაკა ზამბახიძე მონაწილეობენ. გაგიჟდა, ისე მოეწონა. კონცერტის ბოლოს მითხრა, ვახტანგ კახიძეს ხელი მინდა, რომ ჩამოვართვა. კულისებში შემაყვანინა თავი, მივიდა და ბატონ ვატოს უთხრა - რა მაგრად უკრავთ პიანინოზეო... გარშემო სიცილით მოკვდნენ. აქვს მოთხოვნილება, ასეთ კონცერტებზე ვატარო.

- სკოლაში როგორ სწავლობს?

- კარგად სწავლობს - მათემატიკა და ქართული მეტად უყვარს. ასევე კარგად ხატავდა. გამოფენებიც ჰქონდა, ახლა რაღაც გაჩერებულია... ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ბავშვია.

- ოპერის მომღერალივით რომ მღერის, უფრო სწორად ბაძავს. ამაზე რას იტყვით?

- თვითონ ამბობს, რომ ოპერის მომღერლობა არ მინდაო. ასე ხუმრობით გაშლის ხოლმე ხელებს და მღერის. დათო არჩვაძე მეუბნება - ხმას ისე მოგცემს, ისე დაიჭერს, არაფერი შეეშლება, მაოცებსო. ისე, პატარაობიდან ასეა.

ნიკოლოზ ხარატი:

- სამი წლიდან ვმღერი. ჩემთვის სიმღერა დამშვიდებაა და რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე ვიყო, მახალისებს და კარგ ხასიათზე მაყენებს.

- ცუდ გუნებაზე რატომ და როდის ხარ ხოლმე?

- რა ვიცი, როცა ბავშვები მაბრაზებენ ან როცა ვმღერი, პიანინოზე ვურკავ და ძაღლი არ მაცლის. ცუდ ხასიათზე ვიყავი კიდევ, როცა ძაღლი ავად მყავდა. ქართული სიმღერა მიყვარს, უცხოურ სიმღერებს არ ვმღერი. თბილი სიმღერები მსიამოვნებს... ქართველი მუსიკოსების - მერაბ სეფაშვილის, ბუბა კიკაბიძის, დათო არჩვაძის ნამღერი მომწონს და მინდა, რომ ნიკოლოზ რაჭველივით, ხატია ბუნიათიშვილივით და ვახტანგ კახიძესავით ვუკრავდე. დათო არჩვაძე მეუბნება, რომ სუფთად უნდა ვიმღეო და შეცდომა არ უნდა დავუშვა, მეც ვცდილობ, არ შემეშალოს. თან, მეუბნება, რომ გეტყობა, რომ სუფთად იმღერებო...

- სპორტიც არ გიზიდავს?

- ცურვაზე დავდივარ. სამთო მოტო ჰყავს მამაჩემს და ეს სპორტიც ძალიან მომწონს...

- მგონი, პაროდიის უნარიც გაქვს...

- ბუბა კიკაბიძეს იმდენი ხანი ვბაძავდი, რომ მგონი, ხმა დამიბოხდა... კომპიუტერს არც ვეკარები, იშვიათად, თვეში ერთხელ თუ ჩავრთავ. დავდივარ ცურვაზე, ჩემი ნახატები მაქვს და ასეთი რაღაცები მსიამოვნებს. მადლობა მინდა, ვუთხრა დათო არჩვაძეს და ემზარ შარაშიძეს, ვინც ხმა დამიმუშავეს და ნამღერი დამიხვეწეს.

- რაზე ოცნებობ?

- მინდა, რომ ვიმღერო ძალიან კარგად, უფრო გავაუმჯობესო. ოპერის მომღერლობა არ მინდა. სცენაზე საესტრადო სიმღერებს შევასრულებ.

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"