მაჩაბლის #8-ში 41 დევნილი ოჯახის გასახლების პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება დაახლოებით 50-ზე მეტი საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი. პერიმეტრი შემოფარგლულია და იქ შესვლის უფლებას სამართალდამცავები არავის არ აძლევენ. ამ წუთებში სატვირთო მანქანებში დევნილების ავეჯის ჩატვირთვა მიმდინარეობს.
დევნილების გასახლების პროცესს ევროკავშირის ორი წარმომადგენელი აკვირდება. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა კახა ტერაშვილმა განაცხადა, სამაჩაბლოდან დევნილი რვა ოჯახი მაჩაბლის #8-ში აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა. ტერაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, სად გადაყავთ დევნილები. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დევნილები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში გადაყავთ.
შენობის დაუყოვნებლივ დაცლის შესახებ გაფრთხილება, დევნილებმა ერთი კვირის წინ მიიღეს. მაჩაბლის #8-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროდან ჯერ არავინ მისულა.