ავტორი:

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც.

„გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოეშვას და არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ19 დაამარცხა. მისივე თქმით, ვირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.

„ყველას გთხოვთ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივცეთ, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ, ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ იმართება და იმ ილუზიის შექმნა ისევ ხდება, რომ ქვეყანამ კოვიდინფექცია დაამარცხა. არა ბატონებო, კოვიდინფექციის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად, გლობალურად. ამ მხრივ კი გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება, საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სასურსათო ბაზრობაზე აქტიურად მუშაობს და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი. 24 კორონავირუსზე პოზიტიური იყო. 84 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა - კარანტინში გადაყვანა რთულდება. დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება გარდაბნის სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალარში.

გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სრულად მოვიცვათ ადამიანები. სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, გადაყვანილები იქნებიან სამკურნალოდ, რათა დროულად ჩავახშოთ მცირე ეპიდაფეთქება. არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება, რამეთუ, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე- ლილოს ბაზრობა, დინამოს ბაზრობა, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება მეტი ყურადღება, აუცილებელია თერმოსკრინინგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი" - რას ამბობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი