ავტორი:

ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც სმენია შემთხვევა, როცა სხვა ადამიანს, განსაკუთრებით, ასაკოვანს სახლი მოტყუებით გაუყიდეს ან გადაიფორმეს, უკან დაბრუნება კი შეუძლებელი გახდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ხანდახან დაუსჯელებიც რჩებიან-ხოლმე.

ადვოკატები, რომელთაც მსგავს საქმეებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, განმარტავენ, რომ მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი ასაკოვანი ადამიანები ძირითადად, მათივე გარემოცვის მხრიდან ხდებიან-ხოლმე, რომლებიც მოვლა-პატრონობას ჰპირდებიან, შემდეგ კი პირობას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ.

იურიდიული კომპანია OK&CG-ის დირექტორის ადვოკატ დავით მუმლაძის განმარტებით, ასეთ საქმეებზე სასამართლო დავები წლობით იწელება და სახელმწიფოს არაეფექტური მექანიზმებისა თუ ამ კუთხით საზოგადოების დაბალი ცნობიერების გამო, დაზარალებულები სამართალს ვერ პოულობენ.

„ამ ვითარებაში დაზარალებულ პირებად ძირითადად გვევლინებიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონების მისაკუთრებით დაინტერესებული პირების მხრიდან მოტყუების ან/და შეცდომაში შეწყვანის შედეგად კარგავენ კუთვნილ უძრავ ქონებებს, რიგ შემთხვევაში ერთადერთ საცხოვრებელ სახლს.

ასეთ ქმედებებში კი ძირითადად, ჩართულები არიან მესაკუთრის ოჯახის წევრები და ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები. ისინი ბოროტად სარგებლობენ იმ ფაქტორით, რომ ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მესაკუთრე მათ ენდობა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები მესაკუთრეს ატყუებენ, თითქოსდა მისი ხელმოწერა ესაჭიროებათ მკურნალობის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების, ფართში რეგისტრაციის ან სხვა ახვა აფსურდული მიზეზით, რეალურად კი ხელს აწერინებენ ჩუქების, ნასყიდობის ხელშეკრულებებს და რიგ შემთხვევაშიმინდობილობაზექონების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. სამწუხაროდ, ასაკოვან ადამიანებს მაღალი ნდობის გამო ეჭვი არ შეაქვთ აღნიშნული პირების კეთილსინდისიერებაში და წაუკითხავად აწერენ ხელს ამ დოკუმენტეს“, - განმარტავს დავით მუმლაძე.

ადვოკატის თქმით, ასაკოვანი ან შრომისუუნარო ადამიანების კუთვნილი ქონების მოტყუებით მისაკუთრების ყველაზე გავრცელებული ფორმა მესაკუთრესთან სამისდღეშიო ხელშეკრულების დადება წარმოადენს.

„აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ქონების დაუფლების მსურველი პირები ქონების გადაცემის სანაცვლოდ კისრულობენ სიცოცხლის ბოლომდე მესაკუთრის მოვლა-პატრონობას და მათ უზრუნველყოფას ყველა საჭიროებით, მათ შორის საცხოვრებელი პირობებით, კვების მედიკამენტების და სხვა ყოველდღიური აუცილებლობებით. რეალურად, აღნიშნული შინაარსის ხელშეკრულების დადება რიგ შემთხვევებში მიზნად ისახავს ქონების დაუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული პირების მიერ არ ხდება მესაკუთრის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება აღნიშნული პირები მაინც ეუფლებიან მესაკუთრის ქონებას“, - აღნიშნავს ადვოკატი.

შესაბამისად, ადვოკატის მიერ ნახსენები ხელშეკრულების დადება საკმაოდ სარისკოა და რიგ შემთხვევებში, ის არ ემსახურება კეთილსინდისიერ მიზნებს. დავით მუმლაძის რჩევით, ყველა შემთხვევაში, როცა მსგავსი ხელშეკრულების დადებას გვთავაზობენ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება იმპულსურად არ მივიღოთ.

ამასთან, დავით მუმლაძე ასეთ საქმეებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. მისი თქმით, საკმაოდ რთულია, ამგვარი გარიგებების საფუძველზე მისაკუთრებული ქონება დაზარალებულს დაუბრუნდეს ან შესაძლო დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

„არსებული რეგულაციების მიხედვით ზემოაღნიშნული გარიგებების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში შესაძლებელია რამდენიმე წუთში მოხდეს მაშინ, როდესაც ამ გარიგების ნამდვილობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ან/და სამოქალაქო წესით სასამართლო დავა საჭიროებს რამდენიმე წელს, შესაბამისად კანონმდებლობა, ისევე როგორც მართლმსაჯულების სისტება ამ ფაქტების აღსაკვეთად ნაკლებად ეფექტურია და დავებიც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრის საწინააღმდეოდ სრულდება“, - განმარტავს ადვოკატი.

მისივე თქმით, თავად არაერთხელ უმუშავია ასეთ საქმეებზე და ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია. მათი აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების ყველა რგოლის ეფექტურად მუშაობა წარმოადგენს.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ