ავტორი:

"არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეს ასე შევხვედროდი, მაგრამ..." - "დიდი სცენის" ნახევრად ბერძენი კონკურსანტი რთული გადაწყვეტილების მოლოდინში

"არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეს ასე შევხვედროდი, მაგრამ..." - "დიდი სცენის" ნახევრად ბერძენი კონკურსანტი რთული გადაწყვეტილების მოლოდინში

აკაკი პაპუნიდი მეგაშოუს ერთადერთი ბერძნული გვარის მქონე კონკურსანტია. როგორც ამბობს, "დიდ სცენაში" იმის გამო მოვიდა, რომ სცენა მოენატრა, რადგან გასულ წლებში სხვადასხვა კონკურსის მონაწილე იყო. ამჯერად აუტსაიდერია, ეს კი ყველაზე მეტად არ უნდოდა, რადგანაც ლაივის დღეს 26 ივლისს 23 წელი უსრულდება, იუბილარია. რომ ვერ დაძლიოს კონკურსის სირთულეები, შესაძლოა, შოუს დატოვებაც მოუწიოს, თუმცა იმედი აქვს, რომ ასე არ მოხდება.

"ნახევრად ბერძენი ვარ. არადა, დედით ქართველი, სინამდვილეში დედაჩემი ვაშაკიძეა, უბრალოდ, გვარი ბევრი წლის წინ საბერძნეთში წასასვლელად გადაიკეთა და მეც ასე აღმოვჩნდი პაპუნიდი. საბუთებით ვაშაკიძე რომ ყოფილიყო, მეც ვაშაკიძე ვიქნებოდი... მამა ბერძენია და მასთან კონტაქტი არ მაქვს... მე დედაჩემის საბერძნეთში ყოფნისას დავიბადე. მერე აქეთ წამოვედი, საქართველოში გავიზარდე და სრულწლოვანი რომ გავხდი, ისევ წავედი" - გვეუბნება აკაკი.

- დედა რამდენი ხანია, იქ არის?

- საბერძნეთში 25 წელი ცხოვრობდა და დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც ჩამოვიდა. ნახევარი ცხოვრება ლამის იქით გაატარა.

- სწავლობ სადმე თუ უკვე დაამთავრე?

- უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია. ისე, მუსიკის მიმართულებით კი მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ მოხერხდა. თან, საბერძნეთში ვიყავი იმ პერიოდში, როცა სწავლა უნდა გამეგრძელებინა. მოკლედ, უდიპლომო ვარ.

- ახლა "დიდ სცენაში" აუტსაიდერი ხარ. რა გრძნობაა ეს?

- რასაც მეგობრებს ვეუბნებოდი, იმას გავიმეორებ, ძალიან არ მინდოდა, რომ ამ ლაივზე აუტსაიდერებში მოვხვედრილიყავი. კვირას, 26-ში, ხომ გითხარით, ჩემი დაბადების დღეა და ასე შეხვედრა არ მინდოდა, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, კონკურსია. კარგი სიმღერა კი გვაქვს...ისე არ ვარ განწყობილი, რომ ოღონდ შოუში დავრჩე. რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ დავრჩები.

- როგორ ხსნი შენს აუტსაიდერობას?

- ეტყობა, ჩემი ემოციები და გრძნობები ვერ მივიტანე მაყურებლის გულამდე. ამას დიდი ვოკალური ტექნიკა არ სჭირდებოდა, უბრალოდ, უნდა მეგრძნო და მაყურებლისთვის გადამეცა. ამოცანა ბოლომდე ვერ შევასრულე. ახლა ჭკუას ვისწავლი და ჩემს ნამღერში უფრო მეტ ემოციას ჩავდებ.

- რატომღაც მგონია, რომ პროექტში უნდა დარჩე - რას ფიქრობ?

- დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მინდა, სამართლიანიობამ გაიმარჯვოს და ჩემი ნამღერის სწორი შეფასებები მოხდეს. ისე არ მინდა, რომ აუცილებლად მე გავიდე. ვინც კარგად იმღერებს და დაიმსახურებს, ის უნდა დარჩეს. ეს შეფასება მაყურებელმა უნდა გააკეთოს. დუეტი კარგი იმ შემთხვევაში გამოვა, თუ ორივე კონკურსანტი კარგად იმღერებს. მაგ მხრივ იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და მაყურებლის უმეტესობა დაიბნევა კიდეც... იმაზე ფიქრს - ვინ დარჩება და ვინ გავარდება, მირჩევნია, ხარისხზე ვიფიქრო.

- როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები. როგორ აფასებ პროექტში შენს მონაწილეობას?

- პირველ რიგში უდიდესი გამოცდილებაა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მასში მოვხვდი და ვმონაწილეობ. კონკურსანტები ვამბობდით, როგორი შედეგიც არ უნდა გაგრძელდეს, ამ ყველაფრად ღირს, მხოლოდ ლაივზე სცენაზე დგომას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, რჩება თბილი მოგონებები, რადგანაც მონაწლეები დავმეგობრდით - საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან.

ბევრს ნიშნავდა ჩენთვის ისიც, რომ ნატო მეტონიძემ გვამეცადინა, ასეთი გამოცდილი მომღერალი რომ დაგვიდგა გვერდით, თითოეულს ყოველი ფრაზა აგვიხსნა, როგორ გვემღერა. დიდი ყურადღება მოგვაქცია და ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად უყვარს და აფასებს ქართულ სიმღერას. ეს ემოცია ჩვენზეც გადმოვიდა. საერთოდ, ბედნიერებაა, რომ ასეთ მუსიკოსებთან გვიწევს ურთიერთობა და კონტაქტი. ნიკოლოზ რაჭველის ტურიც იქნება ორკესტრთან და თუ დავრჩი, მასში მონაწილეობას არაფერი აჯობებს. ხოლო თავად ბენდთან მუშაობა ცალკე აღნიშვნის ღირსია და სიამოვნებაა.

- ისე, თავიდან ათეულში მოხვედრას ელოდი?

- არ ველოდი, მაგრამ ათიდან მეხუთე აღმოვჩნდი და ის ემოციაც დაუვიწყარია. ჩემამდე ყველა ბიჭი იყო არჩეული, თითქოს იმედი აღარ მქონდა, მაგრამ უცებ ჩემი გვარი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა.

- სიმღერა რა არის შენთვის?

- სიმღერის მოსმენა იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზეც ვარ. ერთია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მაინც მუსიკას ვუსმენ და ეგ მაწყნარებს, მამხიარულებს და განწყობას მიქმნის. ჩემთვის სიმღერა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ზუტად ამიტომ. ხომ ვამბობ, როგორც არ უნდა ვიყო, დავჯდები, ნახევარი საათი მუსიკას მოვუსმენ და ვმშვიდდები.

- დაოჯახებული ხარ და პატარასაც ელოდები, ხომ?

- წელიწად-ნახევარია, დაოჯახებული ვარ. მეუღლე ორსულადაა, ჯერ ვერ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს, იმას, რომ მამა უნდა გავხდე, თუმცა რაღაც დიდის და კარგის მოლოდინი რომ მაქვს, ეს ფაქტია და ძალიან მიხარია.

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს