ავტორი:

"აუცილებლად დავბრუნდები და ცოდნას ჩემს ქვეყანას მოვახმარ..." - ქართველი ახალგაზრდა ნორვეგიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

"აუცილებლად დავბრუნდები და ცოდნას ჩემს ქვეყანას მოვახმარ..." - ქართველი ახალგაზრდა ნორვეგიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი, ლადო ბირკაძე ნორვეგიაში, ჰიდროენერგეტიკის დეველოპმენტის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. მსოფლიოში ცნობილ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) ლადო სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

მაგისტრატურაზე ქართველი 29 წლის სტუდენტი ორი წლის განმავლობაში ისწავლის. როგორ დაინტერესდა ჰიდროელექტროსადგურებით, რა გამოცდილება აქვს და რა გეგმები აქვს სწავლის დასრულების შემდეგ - ამ ყველაფრის შესახებ ლადო ბირკაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- ენერგეტიკის სფეროთი და ჰიდროელექტროსადგურებით ბავშობიდან ვარ დაინტერესებული. მამაჩემმა, შამილ ბირკაძემ ფირმა Georgian Hydro Power შექმნა, რომელიც აშენებს და აპროექტებს ჰესებს. სწორედ ამ საქმიანობაში ჩავერთე, რის შემდეგაც ჩემი ინტერესი ჰიდროელექტროსადგურების მიმართ გაიზარდა და გადავწყვიტე, ამ სპეციალობას ბოლომდე გავყოლოდი.

სწავლა არასდროს შემიწყვეტია, ბაკალავრიატზე ინდუსტრიულ ინჟინერიას ვსწავლობდი, მაგისტრის პირველი ხარისხი კი პოლონეთში ავიღე, სადაც ფაკულტეტზე - Power Engineering-ზე ვსწავლობდი. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე - სწორედ აქედან გამიშვეს ნორვეგიის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ცოდნის მიღებას ჰიდროენერგეტიკის განვითარების ფაკულტეტზე (Hydropower Development) განვაგრძობ.

უკვე მეოთხე წელია, საპროექტო კომპანია Georgian Hydro Power-ში ვმუშაობ. მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე ჰესის დაპროექტებაში, როგორიცაა: ბახვი 2 - 36 MW (მეგავატი); დვირი - 2 MW; ბახვი 4 - 3 MW; ჯონოული 2 - 34 MW; აკარვეთა - 21 MW; უბისა - 2 MW; ბახვი 5 - 2 MW. ასევე, ახლა შენდება ონის კასკადი, რომლის ტოპოგრაფია მთლიანად მე გავაკეთა. პარალელურად, შევისწავლი სხვა განახლებადი ენერგიების წყაროებს, როგორიცაა მაგალითად, ქარის და მზის ენერგია.

- როდის გადაწყვიტეთ სასწავლებლად უცხოეთში წასვლა, რატომ მაინცდამაინც ნორვეგია და კონკრეტულად, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (NTNU)?

- ნორვეგიაში წასვლა შარშან გადავწყვიტე. ეს ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის მხრივ ევროპაში N1 ქვეყანაა, ნორვეგიის ენერგოგენერაციის თითქმის 95% ჰიდროელექტრო სადგურებიდან მოდის - იქ დაახლოებით, 1 600 ჰიდროელექტრო სადგურია.

რაც შეეხება უნივერსიტეტს, პროგრამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შევიტყე. NTNU ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში ევროპაში საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება. მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ სწავლა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მიდის, რაც მთელი პროექტის პროგრამულად მომზადებას გულისხმობს. თითქმის ყველაფრის სწავლება პროგრამულად ხდება, რა როგორ უნდა ააწყო, ეს კი დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც ვიცით, მხოლოდ ოთხი სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა იყო შემოთავაზებული. როგორი იყო მასში მოხვედრისთვის საჭირო კრიტერიუმები და საბოლოოდ, როგორ ფიქრობთ, რის გამო შეგარჩიეს სწორედ თქვენ?

- NTNU-ში სწავლის მსურველს დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის საიტზე კონკრეტული ფაკულტეტებია მითითებული, რომელიც იქ სწავლის გაგრძელების წინაპირობაა) და მაღალი უნდა ჰქონდეს საბოლოო საშუალო ქულა (GPA). ასევე, ითხოვენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ IELTS ან TOEF-ის სერტიფიკატს, მინიმუმ, C2 დონეს.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის იქ მოხვედრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან გამოცდის ჩაბარება საჭირო არ ყოფილა. უნივერსიტეტისთვის საბუთები - მხოლოდ დიპლომი და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა გამეგზავნა. იმ დროისთვის არც TOEFL-ის და არც IELTS-ის სერტიფიკატი არ მქონდა, რადგან მანამდე არ დამჭირვებია - როგორც ბაკალავრიატი, ისე მაგისტრატურა ინგლისურად მაქვს დამთავრებული.

ასეთ შემთხვევაში, ევროპაში სერტიფიკატს აღარ ითხოვენ, მაგრამ ნორვეგია გამონაკლისი აღმოჩნდა. სწორედ ეს გახდა ჩემთვის ერთ-ერთი დაბრკოლება, თუმცა IELTS-ის სერტიფიკატის ასაღებად, დაჩქარებული რეჟიმით გავიარე სწავლება, 1 თვეში სრულად მოვემზადე და დამაკმაყოფილებელი ქულა მივიღე. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი, რამაც ჩემი არჩევა განაპირობა, 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება იყო, რაც მათთვის ბევრს ნიშნავდა.

- რა პერიოდს გაატარებთ ნორვეგიაში და როგორია სწავლის დაფინანსების პირობები?

- წესით, აგვისტოში უნდა წავსულიყავი, რადგან სწავლა ამ თვეში იწყება, თუმცა პანდემიის გამო, ნორვეგიამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოქალაქეების ჩასვლა აკრძალა. ამიტომ, ჯერ გამგზავრებას ვერ ვახერხებ, თუმცა ონლაინ სწავლება უკვე დაწყებულია. იანვრამდე, პირველი სემესტრი სწორედ ასე ვისწავლი, შემდეგ კი ნორვეგიაში ჩავალ და წელიწადნახევრის განმავლობაში ვისწავლი (სწავლა სულ 2-წლიანია).

ხარჯები სრულად ფინანსდება, მათ შორის, თბილისი-ტრონდჰეიმის ორმხრივი ბილეთი, ვიზის გადასახადი; ყოველთვე ირიცხება სტიპენდია ( ეს თანხა ყოველ წელს იცვლება, რადგან მოცემულ წელს არსებულ საცხოვრებელ ფასებზეა დამოკიდებული).

- ზოგადად, შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ - ბავშვობიდან რა გაინტერესებდათ და სხვა რა აქტივობები და წარმატებები გქონიათ?

- ბავშობიდან მიზიდავდა ფიზიკა, მათემატიკა და ასტრონომია. საკუთარი პატარა ობსერვატორიაც მქონდა მოწყობილი დაჩაზე - ტელესკოპით, ნოუთბუქით, წიგნებით... დავდიოდი ასტრონომიის მოყვარულების სპეციალურ წრეებზე. რაც შეეხება პროგრამებს, გაცვლითი პროგრამით, Erasmus-ით რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, კერძოდ, ნახევარი წლით ლატვიაში, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ასევე თურქეთის ფატიჰის უნივერსიტეტში.

მაგისტრატურა პოლონეთში, ვარშავის ტექნიკურ უნივერსიტეტში დავამთავრე, სპეციალობით “Power Engineering”. იმის გამო,რომ სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებითაც ვარ დაინტერესებული, ვარშავის უნივერსიტეტში ჩემი სადიპლომო ნაშრომი ქარის ელექტროსადგურის დაპროექტებას ეხებოდა.

რაც შეეხება სხვა ინტერესებს, ვცდილობ, აქტიური ვიყო სხვადასხვა მირთულებით, განსაკურებით მუსიკა მიყვარს - ჩემი საყვარელი ბენდის, „მეტალიკის“ კონცერტზე ექვსჯერ ვარ ნამყოფი და ვგეგმავ, მათ კიდევ არაერთხელ მოვუსმინო. თავად გიტარაზე ვუკრავ და ჩემი ბენდიც მქონდა.

- რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი ნორვეგიაში და შემდეგ რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი ნორვეგიაში ყოფნის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ავითვისო ის, რასაც უნივერსიტეტი მომცემს, გავიღრმავო ცოდნა ჰესების თანამედროვე წესითა და სტანდარტებით დაპროექტების კუთხით. NTNU-ის დიდი გამოცდილება აქვს ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში. მან გამოსცა 17 ტომი წიგნების, რომელიც მთელ მათ გამოცდილებას შეიცავს და რომელიც ჩვენი ძირითადი ლიტერატურა იქნება უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს, ნორვეგიაში დასაქმდეს. თუმცა, იქ დასაქმება ჩემს გეგმებში არ შედის, რადგან ვაპირებ, დავბრუნდე და ის ცოდნა, რასაც ნორვეგიაში მივიღებ, საქართველოს, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას მოვახმარო. მინდა, ჩემი ცოდნა სამომავლოდ, ჩემს ქვეყანას გამოადგეს.

- რას ურჩევდით და გაუზიარებდით თქვენი გამოცდილებიდან ერთი მხრივ, თქვენი სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ხოლო მეორე მხრივ, უცხოეთში სწავლის მსურველებს?

- პირველ რიგში, ინგლისურის მინიმუმ C2 დონეზე სწავლას ვურჩევდი. იკითხონ ტექნიკური ლიტერატურა, სტატიები ინტერნეტში, რადგან უცხოეთში ენის გარეშე ვერაფერს გახდებიან, განსაკუთრებით, ტერმინოლოგია უნდა შეისწავლონ. ერთია, როდესაც ლიტერატურულ ინგლისურს კარგად ფლობ, მეორე კი ტექნიკური ინგლისურია - ეს ორი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული რამაა. ინტერნეტში საკმაოდ დიდი დოზითაა ხელმისაწვდომი განცხადებები გაცვლითი პროგრამებთან დაკავშირებით და ამისთვის საჭირო მოთხოვნები.

ყველა სასურველ ადგილას უნდა გააგზავნოთ საბუთები, რომ სასურველ სპეციალობაზე მოხვედრის მეტი შანსი ჰქონდეთ. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ სწავლით, სტუდენტი არამარტო განათლებას იღებს თავის დარგში, არამედ, იღებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ასევე, იძენს კონტაქტებს, რაც ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)