ავტორი:

"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?

"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გართულებული კონფლიქტის ფონზე, თურქეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიან ტაქტიკურ და საფრენ-ტაქტიკურ სამხედრო სწავლებას იწყებენ, რომელშიც ორი ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, სწავლება, ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

ამასთანავე, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებული სიტუაციაზე ტელეფონით ესაუბრა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების განხილვისას, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ "დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს... ასევე, არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა." თუმცა, ამ განცხადებების ფონზე, რუსეთი განაგრძობს ორივე მხარის იარაღით მომარაგებას.

ცნობისთვის, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მაღალი თანამდებობის სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. დანაკარგი აქვს სომხურ მხარესაც... მოსალოდნელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის უფრო მეტი გამწვავება და როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში, ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია გვესაუბრა.

- ის ფაქტი, რომ გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების სწავლება 1-5 აგვისტოს ბაქოსა და ნახიჩევანში, ხოლო სამხედრო ავიაციის სწავლება 29 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში ჩატარდება, სამხედრო მნიშვნელობის გარდა, პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორიც არის, რადგან თურქეთმა, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია, თავის განცხადებაში, ამ ქვეყანას, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნა რა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთ შემთხვევებში, ძალის დემონსტრირებისთვის, სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ სამხედრო სწავლებებს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რათა ვითარების ესკალაცია არ მოხდეს. ასე რომ, ველოდები, რომ დროთა განმავლობაში ვითარება ჩაწყნარდება.

- საინტერესოა რუსეთის როლი ამ პროცესებში, რომელიც, ფაქტობრივად, დიპლომატიური განცხადებით შემოიფარგლა. შესაძლოა თუ არა, კრემლის ინერტულობას სომხეთში ანტირუსული განწყობების გაძლიერება მოჰყვეს?

- სომხეთი არის ყარაბაღის კონფლიქტის მძევალი და ამ შედეგის ფონზე უწევს მას რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამხედრო პარტნიორები არიან, რუსეთი ამ შემთხვევაში, ცდილობს მედიატორის როლი მოირგოს, ამავდროულად კი, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აწვდის იარაღს. შესაბამისად, მას აწყობს ყარაბაღის კონფლიქტი მაქსიმალურად დროში გაიწელოს. შედეგად კი, გაჭიანურებული კონფლიქტის მეშვეობით, მას ორივე ქვეყანასა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გავლენები ჰქონდეს. შესაბამისად, ამ ჭრილში ძალიან კარგად ჯდება რუსეთის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები.

რაც შეეხება სომხეთში არსებულ იმედგაცრუებას, რუსეთის განწყობას თავისი წინაპირობები ჰქონდა, ესაა: სომხეთში მომხდარი რევოლუცია, ნიკოლ ფაშინიანი თავისი გუნდით და მისი დაპირებები, რომელიც რუსულ სისტემას უპირისპირდებოდა. ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში არ იქნებოდა კორუფცია, კლანური მმართველობა, დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები და სხვა... ასე რომ, ამ შეთხვევაში, სომხეთი ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაციაში, რადგან ამ პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, რუსეთი ბევრს არაფერს გააკეთებს სომხეთისთვის, თუმცა, ეცდება ორივე ქვეყანაზე გავლენა შეინარჩუნოს. ამის დასაბალანსებლად მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია, რომელიც ამ ეტაპზე მკაფიო არ არის. ამიტომაც მოსახლეობაში რჩება ასეთი განწყობა - თუ არა რუსეთი, აბა - ვინ?!.. შესაბამისად, სომხეთის საგარეო მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევებს ამ ეტაპზე არ ველი.

- ფაქტია, რომ ყარაბაღის პრობლემა უახლოეს მომავალში არ ამოიწურება. ასეთ ვითარებაში, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?

- თუ მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, ეს საქართველოს უსაფრთხოებაზე, ჩვენი მდებარეობიდან და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დამანგრევლად იმოქმედებს. სომხეთისთვის საქართველო დასავლეთთან დასაკავშირებლად ერთადერთი სახმელეთო გზაა. ამასთანავე, საჰაერო გზით, მაგრამ მაინც, იარაღის მიწოდება საქართველოს ცის გავლით ხდება, ასე რომ, რეგიონში არასტაბილურობა და კონფლიქტის გამწვავება, კატასტროფულად იმოქმედებს ჩვენზე. არადა, საფრთხე ძალიან დიდია, განსაკუთრებით ყარაბაღის კოფლიქტის კონტექსტში, რომელიც სულაც არ არის გაყინული და დროდადრო ძალიან მწვავედ იფეთქებს ხოლმე. ცხელი ფაზები კიდევ იქნება....

თუმცა ამ რისკების ფონზე, ვერ ვნახეთ, რომ მთავრობაში ეროვნული უშიშროების საბჭო გამართულიყო, მათ არ შეუფასებიათ კონკრეტული პროცესები და საფრთხეები; ასევე, არც იმაზე უმსჯელიათ, თუ რა ზომები უნდა მიიღოს საქართველომ, როგორც მეზობელმა ქვეყანამ, რათა კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. არც უსაფრთხოების გზებზე ულაპარაკიათ, არადა, სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა იქ, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენებია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკი არის აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაც - ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სომხეთი სერბეთიდან საქართველოს გავლით შეიარაღებას იღებდა. ამით ვიღაცები, გასაგებია ვინც, ორივე ქვეყნის საზოგადოების აზრზე მანიპულირებას ცდილობდნენ, რათა ვითარება გამწვავებულიყო. არადა, ურთიერთობებში სირთულეები ნამდვილად არსებობს, თუნდაც დავით გარეჯის თემა გავიხსენოთ... ასე რომ, ჩვენს არაკეთილმოსურნე ოკუპანტ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე ჩვენსა და აზერბაიჯანის მთავარ მხარდამჭერ თურქეთს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის გაფუჭება სურს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ასე რომ, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხელისუფლება საპასუხოდან რეაქტიულ რეჟიმზე გადაერთოს, რისკები ადეკვატურად შეაფასოს და ამ რისკებს გონივრული, სამშვიდობო ინიციატივები დაუპირისპიროს, რათა ოკუპანტ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი გავლენები გააძლიეროს.

გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში - ვინ იქნებიან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"საპარლამენტო მდუმარებაში" - 21 დეპუტატი, ვისაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია

გახარია პირველი, კობახიძე მეორე? -  "ქართულმა ოცნებამ"  საარჩევნო სიის პირველი  ათეული შესაძლოა უკვე  მიმდინარე კვირას წარადგინოს