ავტორი:

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.

მისივე თქმით, ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.

„ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საკმაოდ დიდი ზარალია, რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. დავიწყეთ შემოვლითი გზების აღდგენა, კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რომ ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი, უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

„პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

ონის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმა გუშინ გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა.

5 ახალი ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შემთხვევების უახლესი მონაცემები

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად, ონის სოფელ ღებში მისასვლელი გზა დაიტბორა - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილობრივი