ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი დააკავეს

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი დააკავეს

თბილისის მთავარი სამმართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული კომპლექსური ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

დაკავებულნი არიან - საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი 1970 წელს დაბადებული ზურაბ ეცადაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი 1948 წელს დაბადებული რობერტ მნაცაკანოვი, რომლებიც დროის სხვადასხვა პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ეუფლებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18, მე-19 საუკუნის, საქართველოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე უნიკალურ წიგნებს.

ეჭვმიტანილები წიგნებზე ბიბლიოთეკის შტამპს შლიდნენ და შუამავალი პირების მეშვეობით ახდენდნენ მათ რეალიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

გარდა ამისა, დიდი ოდენობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენის ფაქტზე დააკავეს სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორი, 1974 წელს დაბადებული არჩილ გელოვანი, რომელიც სისტემატურად ყიდულობდა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან გატაცებულ წიგნებს.

ზურაბ ეცადაშვილის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული 2500-მდე წიგნი, ხოლო რობერტ მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას კი 52 წიგნი ამოიღეს.

ასევე, არჩილ გელოვანის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 41 ცალი სხვადასხვა დასახელების, ეროვნული არქივის ბიბლიოთეკიდან გატაცებული, ამავე და სხვა ბიბლიოთეკების შტამპის მქონე და შტამპწაშლილი მე-19 საუკუნის წიგნი.

წინასწარ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილებით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი და თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ