ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე აირჩია.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ნახევარ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. საბჭოს გადაწყვეტილება აკადემიური საბჭოს წევრმა გიორგი დავითაშვილმა გაახმოვანა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავითაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნუგზარ სურგულაძის კანდიდატურას საბჭოს წევრების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. აკადემიური საბჭოს სხდომას 12 წევრიდან 8 ესწრებოდა და მათ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნდათ.
სხდომაზე ნუგზარ სურგულაძის კანდიდატურა გიორგი დავითაშვილმა და ფრიდონ თოდუამ დაასახელეს. იყო სხვა კანდიდატურებიც, მათ შორის უნივერსიტეტის პრორექტორი ირინა დარჩიას კანდიდატურაც. სხდომაზე დარჩიამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის საბჭოს წევრების დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ის თბილისში არ იმყოფებოდა და დღეს ჩამოვიდა. მან აღნიშნა, რომ მისი მუშაობის მთავარი მიზანი იქნება რექტორის არჩევნების კარგად ჩატარება, ასევე, როგორც მან აღნიშნა, მან უნდა გაიმართოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებიც, რადგან არსებულ საბჭოს უფლებამოსილება ეწურება. მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა, ეს არის მისთვის დიდი პატივი და დიდი ტვირთიც.