ავტორი:

"არანაირი საფრთხე და ელექტროშოკი არ უხსენებია ჩემთან" - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ექსკლუზიური ინტერვიუ

"არანაირი საფრთხე და ელექტროშოკი არ უხსენებია ჩემთან" - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ექსკლუზიური ინტერვიუ

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილ 23 წლის პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა. როგორც გაირკვა, ეს ფსიქოლოგი ქეთი კობალაძეა, რომელთანაც ინტერვიუ ambebi.ge-მ ექსკლუზიურად ჩაწერა:

ქეთი კობალაძე, თამუნა ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი:

- არც ერთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, ვინაიდან ეს ეთიკის, ამავე დროს, ფსიქოლოგის და პაციენტის ურთიერთობის საკითხია. ყველა კითხვაზე გამოძიებას ვუპასუხე, უამრავი კითხვა დამისვეს და არსებობს ჩემი ხელმოწერილი პასუხები.

- მესმის და თამუნას ინტერესებიდან გამომდინარე, იმას არც გკითხავთ, რა პრობლემები ჰქონდა, ან რა დიაგნოზი დაუსვით, რას გიამბობდათ...

- მერწმუნეთ, არავითარი საიდუმლო ჩემს ხელთ არ არის, როგორც ფსიქოლოგმა, რაც ვიცოდი, რაც შემეძლო, მხოლოდ ის ვთქვი.

- უბრალოდ, მაინტერესებს, სუიციდის მოტივი შეიძლებოდა გამხდარიყო ის პრობლემა, რაც მას აწუხებდა? მტკიცებით ვერაფერს იტყვით, მხოლოდ ვერსია როგორია თქვენი...

- მტკიცებით ვერაფერს გეტყვით. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, გოგონა დიდი ხნის უნახავი მყავდა, სულ რამდენჯერმე ვნახე, კოვიდინფექციის გამო დიდი წყვეტა გვქონდა - თებერვალში იარა ჩემთან, მერე პანდემიამ მოგვისწრო, ბოლოს კი გამოცდები და დიპლომი ჰქონდა დასაწერი. ყველას ძირითადი კითხვა ის არის, მოიკლავდა თუ არა თავსო. რაც მასზე ჩამომიყალიბდა, ძირითადი პორტრეტი, ის ვუთხარი გამოძიებას. არ ვიცი, თამუნას დიდი ხანია არ შევხვედრივარ და ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ადამიანი ურთულესი მექანიზმია, იმდენად ადაპტირებადია, იმდენად გამძლე, სპონტანური, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ისეთ პატივს ვცემ ჩემს პროფესიას, ვერანაირ მკითხაობას ვერ დავიწყებ.

- რა გითხრათ თამუნამ, როგორ გიპოვათ, ვინ ურჩია თქვენთან მოსვლა?

- არც ვიცი, როგორ მიპოვა, ვკითხე და ასე მითხრა, "ფეისბუქზე" დავწერე და თქვენი თავი მირჩიეს, ვიღაცამ გაგიწიათ რეკომენდაციაო.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე გოგონამ, როგორ დაახასიათებდით?

- თამუნა სრულწლოვანი გოგონა იყო, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი. სულ რამდენჯერმე იყო ჩემთან, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. პანდემიამდე ერთი თვე იარა, მერე არც კი მოუწერია ონლაინ. ფსიქოლოგთან ვიზიტი ნებაყოფლობითია და ვერავის დააძალებ, მოდი, ილაპარაკეო. მე იმან გამაკვირვა, რომ ასეთი ახალგაზრდა გოგო ჩემი ასაკის ფსიქოლოგთან რომ მოვიდა. უამრავი ახალგაზრდა ფსიქოლოგია, თანამედროვე მეთოდებით და დამაინტერესა, საიდან მოხვედი-თქო. არ მითხრა, ვინ ურჩია, მარტო ის თქვა, რაც გითხარით...

- როგორ ფიქრობთ, საკმარისად გახსნილი იყო თქვენთან?

- ვფიქრობ, სათანადოდ ვერ მოასწრო გახსნა...

- სიტყვა სუიციდი, ან მასზე ფიქრები უხსენებია თქვენთან?

- არა, არა. დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები, გაცილებით მარტივად და უცებ აკეთებენ დასკვნებს და ხელაღებით შეუძლიათ რაღაცა რაღაცას დაუკავშირონ. ადამიანი იმდენად რთული მექანიზმია და იმდენად ხანგრძლიავია ეს პროცესი, არიქა, მოვიდა და მაშინვე რაღაც დასკვნა გამოვიტანე, ასე არაა. არ ვარ ასეთი გადასარევი ფსიქოლოგი, დავინახო ადამიანი და ეგრევე დასკვნები გამოვიტანო.

- როცა ეს ამბავი შეიტყვეთ, ალბათ, ძალიან შეწუხდით..

- შევწუხდი რომელია, უცნობ ახალგაზრდაზე რომ გაიგებ, წუხდები და მით უმეტეს, ადამიანს როდესაც გაიცნობ, რამდენჯერმე შეხვდები და კონტაქტი გაქვს, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდი. საბოლოოდ ჯერ ხომ არაფერია დადგენილი? ვიცით, რომ სუიციდი ჩაიდინა? ვიცით, საბოლოო ვერსია? ძალიან ცუდ განცდებში ჩავვარდი და ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი. ფსიქოლოგიც ადამიანია და შესაძლოა, უფრო მეტი ემოციაც აქვს.

- რადგან აგრძელებდა სიარულს, გამოდის, კმაყოფილი იყო თქვენი მომსახურებით...

- როგორ გითხრათ, სულ პოზიტიურად იყო განწყობილი და მადლობებს მიხდიდა.

- პარალელურად ნევროლოგი ხომ არ გირჩევიათ მისთვის?

- არც ნევროლოგი და არც წამლები არ მირჩევია, სულ ამბობდა, დედა ექიმიაო. და თუ ვინმეზე საუბრობდა, ძალიან პოზიტიურად საუბრობდა. ჩაკითხვები არ მქონია, რასაც საუბრობდა, ეს იყო მისთვის ამ რამდენიმეჯერ მოსვლის მთელი არსი, რომ ესაუბრა და მალე წასულიყო.

- ალბათ გაიგებდით, რომ თამუნას თან ელექტროშოკი დაჰქონდა. ეს თუ უთქვამს თქვენთვის, ან საფრთხეზე თუ უსაუბრია თქვენთან?

- ძალიან გამიკვირდა... არანაირი საფრთხე და ელექტროშოკი არ უხსენებია ჩემთან. თამუნა ზრდასრული ადამიანი იყო, ევროპაში ნამყოფი და ალბათ თვითონ მოახერხებდა რამეს. ამაზე ნამდვილად არაფერი ვიცი.

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს - დაკავებულმა საგზაო წესები დაარღვია და ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ დაემორჩილა

"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას