ავტორი:

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

იყო თუ არა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა მორალურად გაუმართლებელი? საკითხს პირველი ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 75 წლის შემდეგ BBC ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც განხილულია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, ამ კუთხით სხვადასხვა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი და სამომავლო სცენარი, რასაც ბირთვული ომი, მოხდენის შემთხვევაში, კაცობრიობას უქადის.

  • ყასბის დანა და აშშ-ს პრეზიდენტი

ადრეულ 1980-იან წლებში, ჰარვარდის სამართლის პროფესორმა, რობერტ ფიშერმა წამოაყენა ახალი, საზარელი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ ერები დილემას ბირთვული შეტევის განხორციელების შესახებ. მისი რჩევით, ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის საჭირო კოდები ჩემოდანში კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ, ბომბის ასაფეთქებელი ეს საშუალება კაფსულაში უნდა მოთავსებულიყო, რომელიც მოხალისის გულის მახლობლად ჩამონტაჟებოდა. ეს ადამიანი პრეზიდენტს უნდა ხლებოდა ყველგან, სადაც ის წავიდოდა და თან უნდა ეტარებინა მძიმე ყასბის დანა. ატომური თავდასხმის განხორციელებამდე, მთავარსარდალს ის ჯერ საკუთარი ხელით უნდა მოეკლა, რათა საჭირო კოდები მისი გულიდან ამოეგლიჯა.

როდესაც ფიშერმა ეს თავის მეგობრებს, პენტაგონში შესთავაზა, მათ დაიწყეს მტკიცება, რომ ატომური ბომბის გამოყენების ამგვარი გზა პრეზიდენტის საღი განსჯის უნარს დაამახინჯებდა. თუმცა ფიშერისთვის სწორედ ეს იყო ყველაფრის არსი. ათასობით ადამიანის მოკვლამდე, ლიდერს ჯერ "ადამიანისთვის უნდა ჩაეხედა თვალებში და გაეაზრებინა, რა იყო სიკვდილი და უდანაშაულო მსხვერპლი. მას უნდა ენახა სისხლი თეთრი სახლის ხალიჩაზე".

  • კაცობრიობის ტანჯვის განუზომელი მასშტაბი

მართალია, ყასბის დანით ადამიანის მკვლელობა მორალთან შეუსაბამო ქმედებაა, თუმცა გეოპოლიტიკის გადმოსახედიდან, წარსულის ლიდერები ატომურ ქმედებებს პოლიტიკური თუ სამხედრო აუცილებლობით ამართლებდნენ. 75 წლის წინ, ჰიროშსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბების ჩამოგდების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება მისი შედეგით გამართლდა და არა - მორალით. ორმა ბომბმა, კოდური სახელწოდებებით - "პატარა ბიჭმა" (1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი) და "მსუქანმა კაცმა" (9 აგვისტოს ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბი) მეორე მსოფლიო ომი დაასრულა, ხელი შეუშალა უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას და, როგორც მიიჩნევა, წინ აღუდგა ბირთვულ ომს მთელი დარჩენილი 20 საუკუნის განმავლობაში.

თუმცა, ეს ბოლომდე არ ფარავს იმ ფაქტს, რომ მაშინ კაცობრიობის ორმა ყველაზე დამანგრეველმა საგანმა ატომის საზარელი ძალა უდანაშაულო მოქალაქეებით დასახლებულ ორ ქალაქს დაატეხა თავს. ამან მოიტანა: ცეცხლოვანი ქარიშხლისა და რადიაციის შედეგად ყველაზე ცოტა, 200 ათასი გარდაცვლილი ადამიანი; ამაზე 10 ათასობით მეტი დაშავებული; გამოსხივების, კიბოსა და ტრავმების თაობიდან თაობაზე გადამდები, აურაცხელი მემკვიდრეობა. შესაძლოა ინდივიდუალური ისტორიების გახსენებაც, თუმცა ალბათ, მაინც არ არსებობს ადეკვატური საშუალება, რომლითაც კაცობრიობის ამგვარი ტანჯვის მასშტაბი გაიზომებოდა.

შეიძლება, ოდესმე მართებული იყოს ბირთვული თავდასხმის განხორციელება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? რა გარემოებებში იქნებოდა ეს მორალურად მისაღები? უკანასკნელ წლებში, მკვლევრები და ფილოსოფოსები სწორედ ბირთვული იარაღების შესახებ მორალურ შეკითხვებს შეეჭიდნენ, მათი დასკვნები კი ცხადყოფს, რომ მარტივი პასუხები თითქმის, არ არსებობს.

  • უფრო დიდი სიკეთე

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ აშშ-ს მთავრობის არგუმენტი სამწუხარო, თუმცა აუცილებელ ქმედებას უსვამდა ხაზს, რომელიც უფრო დიდ სიკეთეს ემსახურებოდა. აშშ-ის ომის მდივანმა, ჰენრი სტიმსონმა 1947 წელს თქვა, რომ ალტერნატივა - სახმელეთო შეჭრა მილიონზე მეტი ამერიკელი და პოტენციურად, გაცილებით მეტი იაპონელი ჯარისკაცის დაღუპვას გამოიწვევდა. ალბათ სწორედ ამიტომ, 1945 წელს გამოკითხვაში ამერიკელების 85%-მა დაბომბვას მხარი დაუჭირა.

  • ხუთი ადამიანის სიცოცხლე ერთის სანაცვლოდ

იაპონელმა ფილოსოფოსმა, მასაჰირო მარიოკამ პარალელები გაავლო ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვასა და უტილიტალისტურ დილემას შორის, რომელსაც "ტროლეიბუსის პრობლემა" ეწოდება. ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია და მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვერსია ადამიანებისთვის კითხვის დასმაა, შეწირავდნენ თუ არა ერთი ადამიანის სიცოცხლეს ხუთის გადასარჩენად და შეუცვლიდნენ თუ არა რკინიგზაზე მიმავალ ტროლეიბუსს მიმართულებას ისე, რომ მას ამ ადამიანისთვის გადაევლო. მორიოკას სტუდენტების უმრავლესობამ, რომელთაც მან "ტროლეიბუსის პრობლემის" ეს ვერსია წარუდგინა, უპასუხა, რომ მიმართულებას ისე შეცვლიდნენ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაღუპულიყო. მორიოკას თქმით, "ისინი შოკირებულები იყვნენ იმის გაგებით, რომ ზუსტად იგივე გადაწყვეტილება მიიღეს, რაც - ტრუმენმა და სტიმსონმა".

ჰარი ტრუმენი და ჰენრი სტიმსონი

თუმცა ფილოსოფოსის თქმით, ჰიროშიმასა და ნაგასაკის დანახვა უტილიტარისტული ლოგიკით, ანუ უფრო მეტი სიკეთის არგუმენტით გარდაცვლილთა და დაშავებულთა პერსპექტივას ახშობს. "ასე თავს ვაჩვენებთ, თითქოს მსხვერპლთა გადმოსახედი საერთოდ არ არსებობს, რაც მორალურად და სულიერად გაუმართლებელი, პრობლემატური და წინააღმდეგობრივია", - ამბობს ფილოსოფოსი.

  • შემაძრწუნებელი სიახლოვე ძალადობასთან

შესაძლოა, ზოგ პრეზიდენტს აეღო დანა, თუმცა როგორც იდეის ავტორს მეგობრებმა პენტაგონში მიუთითეს, ქმედებასთან საზარელი ფიზიკური სიახლოვე მათ შეაჩერებდა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ასე მოკვლა ყველა იმ დეტალს შეიცავს, რის გამოც სასტიკი მკვლელობა აკრძალული და დასჯადია. ეს კონკრეტული ქმედება პოტენციურად, წინასწარ განზრახული, მიზანმიმართული, ინსტრუმენტალურია (იყენებს ადამიანს რაიმე მიზნისთვის), არავითარ კავშირში არ იმყოფება თავდაცვის აუცილებლობასთან. თუ კაცობრიობა თანხმდება, რომ მკვლელობა ინდივიდებისთვის ყოველთვის გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამართლება ლიდერებისთვის და ერებისთვის?

ფსიქოლოგების თანახმად, როდესაც ადამიანს რთავენ სცენარში, რაც ხელისკვრას, დანის დარტყმას თუ იარაღიდან გასროლას გულისხმობს, უფრო დიდი სიკეთის მისაღებად მკლელობას ისინი ნაკლებად უჭერენ მხარს. "ტროლეიბუსის პრობლემის“ შეცვლილ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც კაცის ხიდიდან გადაგდებას მოიცავს, რათა ტროლეიბუსმა მხოლოდ ის გაიტანოს და ხუთ ადამიანთან ვეღარ მიაღწიოს, ადამიანები წინა ვერსიასთან შედარებით, უფრო მეტად ყოყმანობენ. მათემატიკა ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ სურათს იძლევა - ერთი სიცოცხლე ხუთისთვის, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ხელის კვრას თვლის ისეთ დეტალად, რომ მოქმედება უძნელდებათ. საპირისპიროდ, როდესაც ადამიანს ზიანის უშუალოდ დანახვის ნაკლები შესაძლებლობა აქვს, გონებრივი დაბრკოლებები, რომელმაც შესაძლოა, შეაჩეროს ან ყოყმანისკენ უბიძგოს, ნაკლებია.

  • ზნეობრივი საფუძვლების არაერთგვაროვნება

5 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახლა უფრო ნაკლები - აშშ-ს მოქალაქეების 56% ისევ ემხრობა იმ აზრს, რომ ატომური ბომბების ჩამოგდება გამართლებული იყო. რასაკვირველია, იაპონელების გადმოსახედი რადიკალურად განსხვავებულია. მათგან მხოლოდ 15% ეთანხმება ამ აზრს, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ იაპონელების 40%-ის აზრით, მოვლენა "გარდაუვალი" იყო, მათი 49%-ის თქმით, ამას "დღესაც კი ვერ პატიობენ ამერიკელებს". სხვა ერებიც, ბირთვულ თავდასხმებს აშშ-სთან შედარებით უფრო ნაკლებად ამართლებენ. ერთ-ერთ კვლევაში, მსოფლიოს გარშემო მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა: "არის თუ არა მორალურად არასწორი ბირთვული იარაღის გამოყენება"? აშშ-ს მოქალაქეების ბევრად ნაკლებმა რაოდენობამ მიუთითა, რომ ეს არასწორია, ვიდრე - გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის, ანუ, ანალოგიურად, ბირთვული სახელმწიფოების მკვიდრებმა.

დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა მოსაზრება, რომ ადამიანების "ზნეობრივი საფუძვლები", ანუ როგორც ისინი სწორსა და არასწორს ერთმანეთისგან არჩევენ, საკმაოდ ჩახლართულია და განსხვავდება კულტურის, პოლიტიკური იდეოლოგიისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მაგალითად, ლიბერალები გადაწყვეტილებას უფრო "ზრუნვისა" და "სამართლიანობის" საფუძველზე იღებენ; ტრადიციული კონსერვატორები პრიორიტეტს ისეთ მორალურ ღირებულებებს ანიჭებენ, როგორიცაა "ერთგულება" და "ავტორიტეტის პატივისცემა". ეს არ ნიშნავს, რომ კონსერვატორები ზრუნვასა და სამართლიანობას არ აქცევენ ყურადღებას, ან ლიბერალები ორგულები არიან, უბრალოდ, ყველას სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შეუძლებელია, პასუხი გაეცეს კითხვას, არის თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენება თავისთავად სწორი თუ არასწორი, ან, უნდა იყოს ეს ტაბუ თუ დასაშვები რაიმე გარემოებაში, რადგან ეს კონკრეტული ინდივიდის მორალურ ჩარჩოზეა დამოკიდებული.

  • ბირთვული ზამთარი

ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მსჯელობისას კიდევ არსებობს ერთი განზომილება:

21-ე საუკუნეში თერმობირთვული ბომბების ასაფეთქებელი ძალა იმდენად დიდია, რომ ბირთვული ზამთრის გამოწვევის რეალურ რისკს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც დედამიწამდე მზის სხივები წლების განმავლობაში ვეღარ მოაღწევს. მეცნიერების შეფასებით, ბირთვული ომის შემთხვევაში ასობით მილიონი ადამიანი მაშინვე დაიღუპება, მილიარდობით ადამიანი შიმშილისგან გარდაიცვლება და შესაძლოა, ამას მთლიანად, კაცობრიობის, როგორც სახეობის გადაშენება მოჰყვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ბირთვული ომის მორალურობა უფრო განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე - პრობლემისთვის მხოლოდ ეროვნული კონფლიქტების პრიზმიდან შეხედვით.

ასეა თუ ისე, 1945 წლის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების მქონე აშშ-ს არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომლამდეც 75 წლის წინ ჰარი ტრუმენი მივიდა. მას შემდეგ, როგორც რესპუბლიკელებს, ისე - დემოკრატებს, სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან ერთად, ჰქონდათ შესაძლებლობა და ძალა, გაეაქტიურებინათ კოდები, რომელიც მათი მტრების წინააღმდეგ ატომური ბომბის ასაფეთქებლად იყო საჭირო.

შეთავაზება, ეს კოდები უდანაშაულო მოხალისის გულთან ჩაემონტაჟებინათ, არასდროს განხორციელებულა. თუმცა მაინც, ტრუმენის შემდეგ ისინი არც ერთ ლიდერს არ გამოუყენებია. როგორიც არ უნდა იყოს შეხედულებები ატომური შეიარაღების შესახებ, აღნიშნული ფაქტი უდავოდ, დიდი გამარჯვებაა. წყარო

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

ტრაგედია ჩეხეთში - კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია