ავტორი:

"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან

"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

დღემდე მძიმე საყურებელია კადრები, რომელიც იმ დროს მედიამ ცხელ წერტილებში გადაიღო და შემოინახა. ერთ-ერთი ასეთია 2008 წლის აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში გადაღებული ფოტო, რომლის ავტორი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკოა. კადრზე აღბეჭდილია თავგატეხილი მოხუცი და იქვე მყოფი რუსი ჯარისკაცები.

"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. ნაცემი და თავგატეხილი პაპა, გულგრილად რომ უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს. ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება ამ კადრიდან - წარსულისაც და მომავლისათვისაც..." - წერს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ხვადაგიანი და ბაბჩენკოს საავტორო ფოტოს აზიარებს.

ცნობისთვის, არკადი ბაბჩენკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდა; ის შემდგომ წლებშიც პერიოდულად ჩადიოდა ცხინვალის რეგიონში და იქაურ ვითარებაზე, კოკოითის კორუფციული “ხელმძღვანელობისა” და რუსი სამხედროების კლანურ გარიგებებზე წერდა.

მოგვიანებით, არაერთ ინტერვიუში ბაბჩენკო აცხადებდა, რომ ცხინვალში გაემგზავრა იმ განწყობით, რომ საქართველო თავს დაესხა ე.წ. სამხრეთ ისეთს. თუმცა კონფლიქტის ზონაში ბევრი რამ გადააფასა.

2017 წლის აგვისტოში "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში არკადი ბაბჩენკომ აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე დღეები ასე გაიხსენა:

"ყველაზე მძიმე 10 და 11 აგვისტო იყო. ცხინვალში მშვიდობისმყოფელების შტაბი მდებარეობდა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. გამოვედი შტაბიდან, ვხედავ, დგას კოლონა… ვხედავ სხედან ჩეჩნები. ვეუბნები: „საით, ბიჭებო?“, ისინი მეუბნებიან: "თამარაშენის გასაწმენდად, ოთხი საათით". ვეუბნები: „შეიძლება თქვენთან ერთად?“, ისინი: „დაჯექი, რა თქმა უნდა“.

მე ტანკზე შევხტი და მათთან ერთად წავედი. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაირი თამარაშენის გასაწმენდად ჯარი არ მიდიოდა, ის გორის დასაკავებლად წავიდა. ეს უკვე საქართველოს სიღრმეში მარში იყო. მივედით სოფელ ზემო ნიქოზამდე – ასეთი სოფელია გორსა და ცხინვალს შორის. როგორც ყოველთვის, ისევ გამოვტოვეთ მოსახვევი. ჯარი იქ არ უნდა შესულიყო, უნდა შემოევლო. თუმცა რუკები არ არის, არაფერი არ არის, არავინ არაფერი იცის. რუკები ძველია. შევედით სოფელში. კოლონა ალყაში აღმოჩნდა. იყო ბრძოლა.

იყო საკმაოდ სერიოზული ბრძოლა. ჩემი აზრით, იყო 13 გარდაცვლილი, დაწვეს ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი კამაზი თუ „ურალი“. სერიოზული ბრძოლა იყო, იქ ერთი დღე-ღამე გავატარეთ. მეორე დილით წავედით გორში, წავაწყდით ქართულ განადგურებულ კოლონას, რომელიც უკვე ჩვენი კოლონის სათავო ნაწილის ალყაში აღმოჩნდა. იყო რამდენიმე განადგურებული მანქანა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი ხალხი. მივედით გორამდე. და ამ დროს ჩამოფრინდა სარკოზი, მედვედევს შეუთანხმდა და ომი გააუქმეს. ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე იყო", – იხსნებდა ბაბჩენკო.

ის ცნობილი იყო, როგორც რუსეთის ხელისუფლების, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი. 41 წლის არკადი ბაბჩენკო 2018 წელს მოკლედ. მას დნეპროპეტროვსკის რაიონში, ნიკოლსკო-სლობოდსკაიას ქუჩაზე, ზურგში ესროლეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.