პოლიცია ელექტრონულ გამოძიებაზე გადადის

პოლიცია ელექტრონულ გამოძიებაზე გადადის

ქართული სამართალდამცავი სისტემა ელექტრონულ გამოძიებაზე გადადის. შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული ბაზა, სადაც მოთავსებული იქნება ყველა სახის საგამოძიებო მასალები. თუმცა, გამოძიების სრულ ელექტროზინირებამდე, პარალელურად საგამოძიებო ოქმები ქაღალდზეც შედგება. აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ გამოძიებაზე უკვე გადავიდნენ დიდუბე-ჩუღურეთის და ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოები.

საქართველოს დანარჩენი რეგიონების საგამოძიებო ნაწილების ელექტრონულ გამოძიებაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება.

პარალელურად, ელექტრონული გამოძიების შესახებ სამართალდამცავები პოლიციის აკადემიაში სპეციალურ კურსებს გაივლიან. როგორც ისინი პირად საუბრებში აცხადებენ, ელექტრონული გამოძიება საკმაოდ გაამარტივებს მუშაობის ეფექტს, გამომძიებელს დაეზოგება დრო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სპეციალური კომპიუტერული ბაზა შეიქმნება, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან სასამართლო, შსს და სასჯელაღსრულების სამინისტრო. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს საგამოძიებო დროის ფაქტორს. კერძოდ, თუ აქამდე გამომძიებელს ექსპერტიზის დასანიშნად, სასამართლოდან ცნობების გამოსათხოვად თუ სხვა საგამოძიებო მოქმედების შესასრულებლად ადგილზე მისვლა სჭირდებოდა, ელექტრონული გამოძიების შემთხვევაში ასე აღარ მოხდება; ერთიან ბაზაში გაერთიანებული დაწესებულებები საჭირო დოკუმენტაციას ერთმანეთს სწორედ მათთვის შექმნილი ბაზის საშუალებით მიაწვდიან.

თუმცა, სრულად ელექტრონულ გამოძიებაზე გადასვლამდე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე ჩვეულებრივ შეადგენენ ოქმებს, რომელსაც მოგვიანებით პოლიციის მონაცემთა ბაზაში შეიტანენ. არ არის გამორიცხული, რომ ელექტრონული გამოძიების შემთხვევაში პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე პორტატული კომპიუტერებით იარონ, თუმცა ეს ახლო მომავალში სავარუდოდ არ მოხდება.

შსს-ს ინიციატივას ადვოკატები სკეპტიკურად უყურებენ.

ა/ო "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე, მანანა კობახიძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ელექტრონული დოკუმენტი დოკუმენტი არ არის და რომ, ქაღალდი აუცილებლად იარსებებს.

"საქმე მაინც იარსებებს. სასამართლოში ელექტრონულ ფაილებს ხომ არ წაიღებენ? ქაღალდს მთლიანად ვერ ამოიღებენ, რადგან შესაბამის პირს ხომ უნდა გადაეცეს ოქმი? იგივე ბრალდებულს, რომ ხელი მოაწეროს? აქედან გამომდინარე, მთლიანად ელექტრონული არ იქნება. კონტროლის მხრივ ელექტრონული ვერსიის შექმნა კარგია."

ცნობისთვის, ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, საბრალდებო დასკვნა გაუქმდა. მისი არსებობის დროს კი, როდესაც საქმეზე გამოძიება დასრულდებოდა, ეჭვმიტანილს ციხეში ბარდებოდა საბრალდებო დასკვნა, რომლისთვის ხელი უნდა მოეწერა. ახალი საპროცესო კოდექსის შემთხვევაში კი საბრალდებო დასკვნა გაუქმდა, შესაბამისად ბრალდებულს დოკუმენტისთვის ხელის მოწერა აღარ მოუწევს. გამოძიება კი მხოლოდ ბრალდებულის გამოკითხვით შემოიფარგლება. პირის დაკითხვა კი უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოხდება.

ადვოკატი ეკა ბესელია, ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივის შესახებ სმენია, მაგრამ ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტი არ უნახავს, კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ჯერ ერთი, ტერმინი "ელექტრონული გამოძიება" არასწორია. რას ნიშნავს ელექტრონული გამოძიება? არის ჩვეულებრივი გამოძიება, რომელიც შეაქვთ კომპიუტერში. ეს სულ სხვა საკითხია. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არაფერი ვიცი."

"რეზონანსი" ელექტრონული გამოძიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც მოგვთხოვეს, რომ შეკითხვები ელექტრონული ფოსტით გაგვეგზავნა. თუმცა, ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. იმ შემთხვევაში თუ შსს-ს პრესცენტრი "რეზონანსის" შეკითხვებს უპასუხებს, მკითხველს მათ შესახებ ვაცნობებთ.

სალომე გოგოხია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ