ავტორი:

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება

ტყიბულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები ამ დრომდე იძიებენ და ცდილობენ გაარკვიონ, რა გახდა 34 წლის ზაურ (კუკა) სოფრომაძის სასტიკი მკვლელობის მიზეზი.

ახალგაზრდა კაცი ტყიბულში, საკუთარ ავტომობილში მაშინ ჩაცხრილეს, როცა ის წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, რამდენიმე იყო, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. დაჭრილი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე, იქიდან კი მშობლიურ სახლში, თერჯოლის სოფელ რუფოთში გადაასვენეს, სადაც ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო და ტყიბულის პოლიციაში მოწმეები დაიკითხნენ.

9 აგვისტოს 5 მამაკაცის დაკავებაზე ინფორმაცია ამ პირების ოჯახის წევრებმა გაავრცელეს, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. მამაკაცების ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ისინი გვიან ღამით დააკავეს სამართალდამცავებმა და სასტიკად სცემს. მათი მტკიცებით, ასე დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით კი, ამ პირებს მოკლულთან კავშირი არ ჰქონიათ.

სავარაუდოდ, საქმის ირგვლივ განცხადებას სამართალდამცავები მალე გააკეთებენ, მანამდე კი მომხდარის რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

ერთი ვერსიით, მომხდარი ადრე დაწყებულ კონფლიქტს და ერთ-ერთ ადგილობრივ კრიმინალთან მოკლულის დაპირისპირებას უკავშირდება. როგორც ამბობენ, 2015 წელს კუკა სოფრომაძე და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ კრიმინალურ ავტორიტეტს ზაზა კუპატაძეს. ამის ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. კადრებიდან კარგად ჩანს, როგორ ესხმის თავს რამდენიმე პირი მამაკაცს და როგორ უსწორდება ფიზიკურად. ამ ფიზიკური ანგარისწორებისთვის დაისაჯა თუ არა მაშინ ვინმე და გამოიძიეს თუ არა ეს ფაქტი სამართალდამცავებმა, ეს ჩვენთვის უცნობია. როგორც ამბობენ, ქურდული წესებით საქმის გარჩევა მათ შორის ისევ გრძელდებოდა.

არსებული ინფორმაციით, თერჯოლელ კუკა სოფრომაძეს და ტყიბულელ ზაზა კუპატაძეს შორის დაპირისპირება წლები გრძელდებოდა. ამბობენ, ორივე კრიმინალური სამყაროს სხვადასხვა დაჯგუფების წევრია და ტყიბულში ქვანახშირის მსხვილ ბიზნესს აკონტროლებდნენო. არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, თუმცა ჯერ ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და ამაზე მოკლულის ახლობლები არ საუბრობენ.

ცნობილია, რომ კუკა სოფრომაძეს ტყიბულის შესასვლელთან ჩაუსაფრდნენ. იმ საღამოს ის ახლობლის სახლში ტყიბულში, ნათლობაზე იყო და გამთენიას ნათლობიდან შინ ბრუნდებოდა.

კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა ჩხუბი სუფრაზე მოხდა და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა. თუმცა ახლობლები მეგობრის სახლში ჩხუბს გამორიცხავენ, ამბობენ, - ნათლობაზე მხოლოდ ახლობლები იყვნენ და იქ კონფლიქტი არ მოხდებოდაო.

საქმის გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ ისიც უცნობია დაკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა ზაზა კუპატაძე, რომლისკენაც ხელს იშვერენ.

მერის წარმომადგენელი სოფელ რუბოთში ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს. ის დადებითად ახასიათებს მოკლულს.

სოციალური ქსელით დავუკავშირდით მოკლულის ბიძაშვილს, სოფიო სოფრომაძეს, რომელიც ამჟამად იტალიაშია და ვთხოვეთ კუკა სოფრომაძეზე ესაუბრა.

სოფიო სოფრომაძე:

- განადგურებული ვარ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და ვერ ამიხსნია ვინ მოკლა ჩვენი საყვარელი კუკა. ჩემი ბიძაშვილია, არა მამის ძმისშვილი, მაგრამ ერთი ბაბუის შვილები ვართ.

საოცრად გულიანი, თბილი და წყნარი ადამიანი იყო. ჩვეულებრივ, პატიოსან ალალ-მართალ ოჯახში გაზრდილი ბიჭი, მშობლები გარდაცვლილი ყავს. არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი პატარა ბიჭი დარჩა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა დადებითად მოიხსენიებს. არა იმიტომ, რომ მიცვალებულზე არ ლაპარაკობენ ცუდს, არა, ის უბრალოდ მართლა ასეთი იყო.

კარგა ხანი სპორტს მისდევდა, ჭიდაობას, ვარჯიშობდა აქტიურად ...შემდეგ წლებში ისე ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, მე თბილისში ვმუშაობდი, კუკა ცოლ-შვილით რაიონში იყო. მერე საერთოდ უცხოეთში წამოვედი და ასე ყოველდღიურობა მისი არ ვიცი, თუმცა გეტყვით, რომ ალალმართალი ბიჭი იყო.

- მისი მკვლელობის შემდეგ ახსენეს კუპატაძის გვარი, ამბობენ, რომ მასთან ჰქონდა დაპირისპირება და არ გამორიცხავენ შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობას, ამაზე რას იტყვით?

- ეს სახელი და გვარი, კუპატაძე პირველად საინფორმაციო საშუალებებით მოვისმინე, როცა ეს თავზარდამცემი ამბავი გადმოსცეს.

მეტს ვერაფერს გეტყვით, იმედია, მალე გავიგებთ, ვინ იყო ის ცხოველი, ვისაც ასე მოქცევა შეეძლო...

ვიცი, რომ მეგობრის შვილის ნათლობაში იყო და მგონი, ნათლია იყო იქ, ამიტომ წავიდა ტყიბულში. ერთი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ის ვინც ეს გააკეთა, საშინელი ცხოველია ჩემთვის, ჩემი ბიძაშვილი არაფერს დააშავებდა ისეთს, რომ ასე გაემეტებინათ სასიკვდილოდ და თითქმის 20 ტყვია დაეხალათ. მესმის, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეკამათება, უთანხმოება, ჩხუბი და ამ დროს რაღაც შემთხვევაც მოყვეს და აფექტის მდგომარეობაში მკვლელობაც, მაგრამ ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი მკვლელობის ჩამდენი სიკვდილით უნდა ისჯებოდეს...

- ცნობილია, რომ ნათლობაზე იყო, იქ სუფრაზე ხომ არ მოხდა იმ დღეს რამე კონფლიქტი?

- არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები რა შეიძლება მომხდარიყო. თუ გავითვალისწინებთ დღეს კოვიდით გამოწვეულ სიტუაციას, იქ სულ შინაურები იქნებოდნენ და ვეჭვობ, იქ რამე მომხდარიყო. ისევ მედიით შევიტყვე, რომ ვიღაც ხუთი პირი არის პოლიციის განყოფილებაში, ერთ-ერთი პირის მეუღლე აკეთებდა კომენტარს ჟურნალისტთან, ჩემი ქმარი პოლიციამ სცემაო. სხვა მეტი მეც არაფერი ვიცი და მეც სულმოუთქმელად ველოდები სიმართლის გარკვევას როგორც ყველა ჩვენიანი.

- ნასამართლევი იყო კუკა? მის კრიმინალურ ავტორიტეტობაზე რამე შეგიძლიათ თქვათ?

- ნასამართლევი რამდენად იყო, ვერ გეტყვით დანამდვილებით. აი, მაგ ავტორიტეტობაზეც მოვისმინე საინფორმაციოებით. მის პირადში არ ვარ ჩახედული, თუმცა ეგეც მეუცნაურა, დანამდვილებით ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ...

ჩვენი ინფორმაციით, 2016 წელს კუკა სოფრომაძე დაკავებული იყო, მაგრამ ეს უკავშირდებოდა თუ არა იმ ცემის ინციდენტს, თუ სხვა ბრალდებით იყო დაკავებული, ჩვენთვის უცნობია. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო - დაკავებული მარნეული-თბილისის გზაზე საკუთარი "მარშრუტკით" გადაადგილდებოდა

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს... მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო" - რას იხსენებს traveler.ge-ს დამფუძნებლი ტრაგედიის დღიდან