ავტორი:

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგის, ნიკა ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ინციდენტში გარკვეულ მონაწილეობას აღიარებს, თუმცა, წარდგენილ ბრალს არც ნაწილობრივ და არც სრულად არ ეთანხმება.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც საქმის კვალიფიკაციას ეთანხმება.

"არავითარი ნაწილობრივი ბრალის აღიარება არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ ნიკა ჟვანია თავის პირვანდელ ჩვენებაში ინციდენტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს. ბრალის ნაწილობრივ, ან მთლიანად აღიარებაზე საუბარი არ არის. მსგავსი სამართლებრივი ქმედება ჟვანიას მხრიდან არ განხორციელებულა. ჯერჯერობით, საქმეში ყველანაირი სამართლებრივი სტატუსი უცნობია, არაფერი ახალი არ მომხდარა, არავის არაფერი არ უღიარებია. თავდაპირველ ჩვენებაში, რაც დაადასტურა, სწორედ ამაზეა საუბარი", -აცხადებს ადვოკატი.

გიორგი ყავლაშვილის თქმით, ნიკა ჟვანია ჩხუბში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია მის ქმედებას არ შეესაბამება.

"რა თქმა უნდა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ნიკა ჟვანია ამბობს, რომ ინციდენტსა და ჩხუბში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია მის ქმედებას არ შეესაბამება. ბრალს არ აღიარებს. თუმცა, ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს - კი. ეს გიორგი შაქარაშვილის ეპიზოდს არ უკავშირდება, რასაც შემდეგ ტრაგედია მოჰყვა.

საუბარია "მერსედესის" მარკის ავტომობილის გაჩერებაზე, რის შემდეგაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლა ხდება. შემდეგ, ნიკა ჟვანია ჯდება ისევ ავტომობილში და მიდის, რაც პირვანდელ ჩვენებაშიც თქვა", - აცხადებს ადვოკატი.

როგორც გიორგი ყავლაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ასევე აღიარებს, რომ ხელკეტი ჰქონდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რომელიც მალევე ამოიწურა და ეს ფაქტი გიორგი შაქარაშვილის ეპიზოდს არ უკავშირდება.

"ჩვენებაში ამბობს, რომ ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო. ჟვანიას და მის მეგობრებსაც ეგონათ, რომ იქ იყვენ ადამიანები, ვინც ესენი სცემეს. კონფლიქტისა და სიტუაციის გასანეიტრალებლად ეს ხელკეტი ამიტომ გადმოვიტანეო, რომ მეტი ინციდენტი არ მომხდარიყო და რაღაცნაირად ამით მოწინააღმდეგე შეეჩერებინა. თუმცა, ინციდენტი იმ წუთში ამოიწურა, დასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ. სხვა სახის მონაწილეობას არც აღიარებს, არც ჩვენებაში უთითებს და არც სხვა რაიმე მტკიცებულება არის ბრალდების მხრიდან", - განმარტავს ადვოკატი.

მისი შეფასებით, ნიკა ჟვანიას მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

"ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით დაველოდებით საბოლოოდ მტკიცებულებებს, რასაც გამოძიება შეადგენს. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. მომხდარი ტრაგედია მართლაც საშინელებაა და ამას ასე აღიქვამს ნებისმიერი ადამიანი. ამ ტრაგედიას არ უნდა მოჰყვეს ადამიანების იმაზე მეტად დასჯა, ვიდრე ემუქრებათ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ნიკა ჟვანიას გააზრებული აქვს, რომ ინციდენტში მონაწილეობისთვის რაღაც სასჯელი უნდა მიიღოს, თუმცა, ჩვენი ამოცანაა, ეს ადეკვატური იყოს", - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში რეიდები ტარდება, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია" - ადვოკატი

"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

"საეჭვო "ტოიოტა ქამრი" ბაჩალიაშვილის სახლთან, მის გაუჩინარებამდე მორიგეობდა" - რა ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამისტის ახლობლებმა პროკურატურას