ავტორი:

"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე

"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ჭკვიანი შუქნიშნების“ სისტემა დედაქალაქში საცობების პრობლემას ნაწილობრივ განტვირთავს.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი კომპანია, რომლისგანაც მერია ჭკვიან შუქნიშნებს, კამერებსა და კონტროლერებს შეისყიდის.

„უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად თბილისის მასშტაბით დაინერგება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი გახლავთ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები, რომელიც დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიან მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა ასევე, შეუფერხებლად მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო მომსახურების ავტომობილების გადაადგილება. ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარება გერმანიის მთავრობა და ამ პროექტის შემუშავებაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია. შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე უკვე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა, უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება.

კახა კალაძის თქმით, ავტობუსების პარკის განახლების პარალელურად, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მგზავრების გადაყვანა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს.

„წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა მოხდეს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ვაპირებთ შემოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ავტობუსებმა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა. როდესაც აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ ვთქვით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროცესები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ეს მეტროსადგურებია:

  • „გურამიშვილი“
  • „სადგურის მოედანი“
  • „სარაჯიშვილი“
  • „მარჯანიშვილი“
  • „თავისუფლების მოედანი“
  • „300 არაგველი“
  • „რუსთაველი“
  • „ისანი“
  • „წერეთლის გამზირი“
  • „ნაძალადევი“

„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვყოფს თანხებს იმისათვის, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ და ჩავატაროთ რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე იქნება პროექტები და შევძლებთ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს მეტროსადგურ „გოცირიძეში“ და ასევე, იგეგმება მეტროსადგურების - „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია.

„მეტროსადგურ „გოცირიძეში“ დაიწყო პროექტის განხორციელება, რეაბილიტაცია დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურებს - „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, აქ გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები წარმოადგინეს და ნოემბრისთვის უნდა ჩაგვაბარონ სრული პროექტი. ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სამუშაოების განხორციელებაზე და რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ კონკრეტული ორი სადგურის რეაბილიტაციას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე მიმდინარეობს ვაგონების განახლება და შესყიდვა.

„დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-რეაბილიტაციის პროგრამა. არსებული ვაგონები, რომლის რეაბილიტაციაც არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე ჩაშვებული გვაქვს და წლის ბოლოსთვის განახლებული შემადგენლობები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუმცა, არის შემადგენლობის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები "მიჰა ჰამოდის" ფრაზეოლოგიით იწყებენ "ტინგიცს" და ხელისუფლობანას თამაშობენ" - გია ხუხაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" - რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი

"ჰამოვიდეს, რა ვქნა" - რას ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე