ავტორი:

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

ერთწლიანი განშორების შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფუტკარაძეების 11 სულიანი ოჯახი კვლავ სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 2019 წლის 4 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გელა და მადონა ფუტკარაძეებს 9 შვილი ჩამოართა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. მაშინ ცხრა ბავშვიდან ყველაზე უმცროსი 5 თვის იყო, ხოლო უფროსი -16-ის.

ფუტკარაძეების ამბავი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ფაქტის შესახებ "ფეისბუქზე" დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაწერა. აღნიშნულმა პრობლემამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-სთან საუბარში, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი, ცისანა ჩიკვაიძე ოჯახისთვის ბავშების ჩამორთმევას, მცირეწლოვნებისთვის შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებით ხსნიდა.

მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა, რის შედეგადაც მათ საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ბავშვების სახლში დაბრუნების ემოციური მომენტი სოციალურ ქსელში ტარიელ მახარაძემ გაავრცელა.

AMBEBI.GE 9 შვილის დედას, მადონა ფუტკარაძეს ესაუბრა:

- პირველ რიგში, გილოცავთ! გავიზიარეთ თქვენი ემოციები...

- დიდი მადლობა! ჩვენს ოჯახში ზეიმია. უზომოდ გახარებულები ვართ ყველანი. ჯოჯოხეთური ერთი წლის შემდეგ ენით აღუწერელი სიხარული ტრიალებს. ჩვენი პრობლემა მთელმა საქართველომ მიიტანა გულთან. თითქოს მთელი ქვეყანა გაერთიანდა ჩვენს ირგვლივ. ვინ არ ჩაერია საქმეში. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატს პაატა შავაძეს. ძალიან იბრძოდა.

ასევე, საპატრიარქოს, ჩვენს მეუფეს და ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი. ძალიან დაგვეხმარნენ ემიგრანტები. რუსეთში მცხოვრები ილია ძოწენიძის მიმართ როგორ გამოვთქვა მადლობა, არ ვიცი. მან შეუქმნა ჩემს შვილებს უზრუნველყოფილი ცხოვრება. გამოგვიგზავნა ფული, რითაც სრულად შევძლებთ კარგი პირობების შექმნას ბავშვებისთვის. ახლაც რემონტი მიმდინარეობს ჩვენს სახლში. ჩემი მეუღლე მიდის ქალაქში, რომ ავეჯი იყიდოს, მოწესრიგდება ყველაფერი.

- რატომ ჩამოგართვეს ბავშვები და გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში? თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება?

- მე თვითონაც არ ვიცი რა მიზეზით წაიყვანეს ჩემი შვილები. მაინტერესებს, ვსვამ კითხვას: ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე სოციალურ მუშაკს აქვს უფლება ბავშვი პოლიციაში დაკითხვაზე ისე წაიყვანოს, რომ მშობლის ნებართვა არ ჰქონდეს, მშობელი არ ესწრებოდეს დაკითხვას?! სოციალურმა მუშაკებმა ისე წაიყვანეს ჩემი შვილები სკოლიდან დაკითხვაზე, რომ არაფერი ვიცოდი. რაც უნდოდათ ის ათქმევინეს ბავშვებს. დრო იხელთეს, რომ ბავშვები წაეყვანათ.

ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი იმ დროს ზუსტად, ბავშვებისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსულან სახლში და ბავშვები უკითხავად მიჰყავდათ. მთელი სამეზობლო დამდგარა ფეხზე და იმდენი ქნეს მეზობლებმა, რომ ჩვენ მისვლამდე ბავშვები არ გაატანეს. ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, რასაც მაშინ განვიცდიდი. ვინც დედაა, ის მიხვდება და წარმოიდგენს.

5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, სულ ტირილ-ტირილით წაიყვანეს ბავშვები, პოლიციის ძალით. არ ვატანდით. გვითხრეს, რომ ექვს თვეში დაგვიბრუნებდნენ ბავშვებს, მას შემდეგ რაც სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგდებოდა. გავიდა ერთი ჯოჯოხეთური წელი და ახლა შევძელით ბავშვების დაბრუნება. ეს ერთი წელი იყო წამოუდგენლად რთული როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩემთვის. წარმოიდგინეთ 5 თვის ჩვილი, რომელსაც ძუძუს ვაწოვებდი, საღამოობით რომ სახლში არ იყო, რა დღეში ვიქნებოდი. ერთი სიცოცხლე წამართვეს, ბავშვები რომ წაიყვანეს.

- ამ პერიოდის განმავლობაში ხომ ნახულობდით შვილებს?

- კი, ვნახულობდით. ამაზე პრობლემა არ შეგვქმნია მე და ჩემს მეუღლეს. მაგრამ ერთი სიკვდილი იყო , როდესაც უკან მარტოები მოვდიოდით. გვეტირებოდნენ და გვთხოვდნენ, წაგვიყვანეო. როგორც ვიცი, მინდობით აღზრდაში რომ იყვნენ ჩემი შვილები, იმ ოჯახს თითო ბავშვზე 450 ლარს ურიცხავდნენ. როდესაც ჩემთან იყვნენ ჩემი შვილები თითო ბავშვზე დაახლოებით 100 ლარი მერიცხებოდა.

თუ აქვს სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს, რატომ არ უწყობს ხელს თავად ოჯახებს? 4 000 ლარზე მეტი რომ ჩემთვის მოეცათ თვეში, ხომ მექნებოდა უფრო უკეთესი პირობები?! ათას ლარად რამდენი რამ გამეკეთებინა? ყველა ერთ ოჯახში იყო მინდობაში, მხეიძეების ოჯახში იყვნენ სოფელ განთიადში, აქვე. ოჯახი მაქსიმუმს აკეთებდა ჩემი შვილებისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა ვუხდი მათ.

- სანამ ბავშვებს წაიყვანდნენ, სახელმწიფომ ბათუმში ბინა შეგიძინათ, რომელიც გაყიდეთ. რატომ გაყიდეთ ეს საცხოვრებელი? როგორია ახლა თქვენი მატერიალური მდგომარეობა? შეძლებთ ბავშვების რჩენას?

- ეს ბინა იმიტომ გავყიდეთ, რომ უფრო დიდი ფართი შეგვეძინა. და სოფელში ვიყიდეთ კერძო სახლი, დიდი ეზოთი, სადაც გვაქვს ხეხილის პლანტაციები, ყანები და ვამუშვებთ მიწას. გავრცელდა ჭორი, თითქოს ჩვენ ბინა გავყიდეთ და ბავშვებს ფული დავუხარჯეთ. უკეთესი პირობები, მეტი სივრცე და თავის რჩენის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, იმიტომ გავაკეთეთ ეს.

არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს უმადური ვარ იმით, რითაც მეხმარებიან. უბრალოდ მინდა, რომ დედები შვილებს არასოდეს დააშორონ. ეს აღუწერელი ტკივილია... მინდა, რომ ყველას ყავდეს თავისი შვილი ოჯახში და ბავშვები თავიანთ დედ-მამასთან გაიზარდონ. ყველა ქართველ დედას ვუსურვებ, რომ თვითონ გაზარდონ საკუთარი შვილები.

მივმართავ ყველა სოციალურ მუშაკს, თუ თანამდებობის პირს - მშობლებისა და შვილების დაშორების მაგივრად, ოჯახს შეუქმენით პირობები, თუ რაიმეს საშუალება გაქვთ. ნურც მზრუნველობას მოაკლებთ და ნურც - დედ-მამის სითბოს. თუ ის შეუძლიათ, მინდობით აღზრდაში იმდენი ფული დაურიცხონ ოჯახებს, იმის ნახევარი რომ დაურიცხონ მშობლებს, ასეთი საშინელებები ხომ არ მოხდება ?!

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"