ავტორი:

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული რეფორმირების ფარგლებში, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები შეიქმნა, რომლებშიც მყვინთავ-მაშველები გაერთიანდებიან.

უწყების ცნობით, დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. აღნიშნული სიახლე მყვინთავ-მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

მყვინთავი მაშველის პროფესიის ადამიანს, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რკინის ნერვების პატრონი, რადგან ის მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც ადამიანის ცოცხლად გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ისტორიები, რომლებსაც მყვინთავი მაშველები იხსენებენ, მათი სამსახურის რისკებს კარგად წარმოაჩენს.

ვარაზი წოწონავა

ვარაზი წოწონავა, სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი:

- ოცი წელია ამ სამსახურში ვარ, უამრავი მძიმე საქმე მახსოვს, რომელთა შორისაც არაერთი გამორჩეულად რთული ამბავი იყო. ერთ-ერთი ასეთი საქმეა, მიმდინარე წლის მარტში, ცაგერში მომხდარი ტრაგედია, როდესაც ხიდიდან მანქანა გადავარდა და მდინარის დინებამ, 6-კმიან არხში შეიტანა. ღამის 3 საათი იყო, შემთხვევის ადგილას რომ მივედით, მაშინვე ძებნა დავიწყეთ, ხალხი გველოდებოდა. მაშველების დახმარებით, ერთი დაკარგული ვიპოვეთ და მეორეს ვეძებდით... პაუზაც არ გაგვიკეთებია, მეორე დაკარგულის ჭირისუფალიც იქ იყო და მოუთმენლად გველოდნენ... ჩავედი, მაგრამ ვერ ვიპოვე, მაგრამ არც კი შეგვისვენია, ისე შევედით იმ 6-კმიან არხში. იმდენად ციოდა, ყინულს ვამტვრევდით და ისე ჩავდიოდით წყალში, მეორე რომ გვეპოვა. სამი დღე-ღამე ვეძებდით, ისეთი სიცივე იყო, არასდროს დამავიწყდება... მორიგ ჯერზე რომ ჩავედი, სულ რაღაც 15-წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე, - არხის ბოლოში, დაგუბება აქვს წყალს და იქ, კედელთან იყო. ასე, მოსაყოლად ადვილია, მაგრამ უძიმესი საქმე იყო. დამხმარე ძალა მოდიოდა, რათა შევეცვალეთ, მაგრამ მე სულ იქ ვიყავი...

- სად არის გამორჩეულად მძიმე სამუშაო?

- მიიჩნევა, რომ "ენგურჰესში" გადავარდნილის პოვნისთვის გაწეული შრომა უშედეგოა, თუმცა, გამიმართლა. წლების წინ, "ენგურჰესის" კაშხალში გადავარდა ადამიანი - მეორე ნაპირიდან ტივით შეშა გადმოჰქონდათ. რამდენიმე ადამიანი იყო, ქარი ამოვარდა, ტივი ამოუტრიალდათ და წყალში გადაცვივდნენ. ერთს ვეღარ პოულობდნენ, დანარჩენები გადარჩნენ... დაგვირეკეს და დახმარება გვთხოვეს. ზუგდიდის სახანძრო სამსახურის თანამშრომელთან ერთად უნდა მემუშავა. იმ დროისთვის უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა და ვუთხარი - დამოუკიდებლად ვცდი-თქო, ვნახოთ, რა გამომივა-მეთქი. ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, ენგურის კაშხალში არავის არასდროს არაფერი უპოვია, თუ იპოვით, რაღაც საოცრება იქნებაო. იმ ხუთმა გადარჩენილმა მაჩვენა დაახლოებითი ადგილი, საიდანაც წყალში გადაცვივდნენ. გამიკვირდა, რადგან თითქმის ნაპირთან ყოფილან გასული. თურმე, "ენგურჰესში" ასეთი სურათია - ნაპირიდან 300 მეტრში 18 მეტრამდეა წყლის სიღრმე, ანუ რამდენიმე ნაბიჯში ძალიან ღრმაა. ჩავედი თუ არა, ძალიან მალე, სულ რამდენიმე წუთში ვიპოვე დაკარგული. არასდროს დამავიწყდება ჩემი ემოცია - ვყვიროდი, ვიპოვე-მეთქი...

- ხელფასი გაგეზარდათ 100%-ით, ეს სტიმულია?

- ძალიან დიდი სტიმულია, რადგან ყველა ჩვენგანის უკან ოჯახები დგას და ძალიან გაგვიხარდა იმის გაგება, რომ თუ ადრე 1000 ლარამდე ჰქონდა, ახლა მათი ხელფასი 2000-მდე გაიზარდა. თუმცა, შედარებით დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, არასდროს გავჩერებულვართ და თავდაუზოგავად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. როდესაც წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, თუნდაც ცხედარი მაინც რომ უპოვო, იმ დროს ძნელია სხვა რამეებზე იფიქრო.

წყალქვეშა საძიებო ტექნიკა კი არა, ნავიც კი არ გვქონდა და მშენებლობაზე სამუშაო ხელთათმანები გვეცვა

მახარე ბზეკალავა

მახარე ბზეკალავა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სწრაფი რეაგირების სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილების უფროსი:

- დაახლოებით 22 წელია, მყვინთავად ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გვინახავს და გადაგვიტანია. ადრეულ წლებში, მხოლოდ სასუნთქი აპარატი გვქონდა, გაყინულ წყალში ნახევრად შიშვლები ჩავდიოდით და თერმოიზოლირებული სამოსის შიგნით შალის ტანსაცმელს, მატყლის წინდებსა და უამრავ თბილ ტანსაცმელს ვიცვამდით. მაშინ მყვინთავების საკმარისი რაოდენობაც არ გვყავდა, უბედური შემთხვევები კი უფრო მეტი ხდებოდა და გადაქანცულები ვიყავით. ეკიპირებაზე რომ არაფერი ვთქვა, ამხელა გამოცდილებაც არ გვქონდა, ახლა საერთაშორისო სერთიფიკატები გვაქვს, მაშინ ღია წყლებში მყვინთავის სერთიფიკატი გვქონდა, ისე ვმუშაობდით, ყველანაირ ნორმას ვარღვევდით, თუმცა, სიტუაცია ითხოვდა და მაინც ვმუშაობდით. დაღუპული ადამიანის ძებნის თხოვნით მოსულ ადამიანს ძნელია, უარი უთხრა, რადგან ადამიანური ფაქტორი ძალიან დიდია. არადა, წყალქვეშა საძიებო ტექნიკა კი არა, ნავიც კი არ გვქონდა და მშენებლობაზე სამუშაო ხელთათმანები გვეცვა. თუმცა, ისეთი უფროსი გვყავდა, ელგუჯა ჯამრიშვილი, შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მუდამ ცდილობდა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, როგორმე ჩვენი პირობები გაეუმჯობესებინა, რათა მუშაობის პროცესში ჯანმრთელობა არ დაგვზიანებოდა.

- პირველი გამოძახება გახსოვთ?

- დიახ, აჭარელი ბიჭი იყო მტკვარში გადავარდნილი, გვარიც კი მახსოვს, ხიმშიაშვილი. ძალიან ციოდა, თან ღამის 2 საათზე დავიწყეთ ძებნა და რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ ამოვიყვანეთ. ღამე ისედაც რთულია მუშაობა, მით უფრო, რომ მდინარეში ისე ბნელა, თვალთან მიტანილი თითი არ ჩანს. ამას ემატება, ის, რომ დაზღვევა ვერ გაკონტროლებს, ჩვენ რომ თოკით გვაქვს კომუნაკიცია, სხვადასხვა რაოდენობის ჩამოქაჩვა, სხვადასხვა რამეს ნიშნავს. კიდევ, სიღრმეში მუშაობისას, ადამიანს აზროვნება უნელდება და შესაძლოა, ისეთი რამ გააკეთოს, რაც სრულიად არ არის გათვლილი.

წინა წლებში, ხარისხიანი სიღრმის საზომიც კი არ გვქონდა, რაც მუშაობის პროცესში, ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. ახლა ხანდახან ვფიქრობ, რატომ ავირჩიე ეს გზა, მაშინ, როდესაც მუშაობა ძალიან სარისკო იყო, ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მეშინოდა სირთულეების, არც წყლის და მიცვალებულის შიში მქონდა, თორემ აქამდე უამრავჯერ დავანებებდი თავს.

მქონია შემთხვევა, რომ სასუნთქი აპარატი პირში ჩამყინვია. გაყინული ტბის წყალში 8 საათი ვეძებდით ადამიანს და ფიზიკურად გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მაინც ვიპოვეთ

- დამწყებებს რა სირთულეების გადალახვა უწევთ?

- უამრავი რამის, მორევში მოყოლისას ორიენტაციას კარგავენ, რადგან ის თითისტარივით გატრიალებს. ამას ემატება, ის, რომ როდესაც ხილვადობა არ არის, ამ სიტუაციაში მუშაობა სასიცოცხლოდ სარისკოა. მქონია შემთხვევა, რომ სასუნთქი აპარატი პირში ჩამყინვია. გაყინული ტბის წყალში 8 საათი ვეძებდით ადამიანს და ფიზიკურად გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მაინც ვიპოვეთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში სიტუაცია დალაგდა და გამოსწორდა. ხელფასების მომატება ძალიან დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, რადგან ეს არის საქმე, რომელიც უდიდეს ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს. სახლიდან საქმეზე გამოსული მყვინთავი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ოჯახში მატერიალურ პრობლემებს ვერ აგვარებს, არადა, ლამის ყოველდღე სიკვდილს თვალებში უყურებს. გარდა ამისა, ახალ თაობასაც უნდა ჰქონდეს და უღირდეს ამ სარისკო საქმის შესწავლა. არც ერთი ღონისძიება, სამთო იქნებოდა თუ წყალზე სამაშველო, არასდროს ჩაგვიგდია იმიტომ, რომ დაბალი ანაზღაურება გვქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, პირობების გაუმჯობესება დამატებით სტიმულია.

ხელფასების მომატება ძალიან დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, რადგან ეს არის საქმე, რომელიც უდიდეს ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს. სახლიდან საქმეზე გამოსული მყვინთავი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ოჯახში მატერიალურ პრობლემებს ვერ აგვარებს, არადა, ლამის ყოველდღე სიკვდილს თვალებში უყურებს

- ახალ თაობაში რამდენად შეინიშნება ამ საქმის მიმართ ინტერესი?

- ძალიან დიდია, მოტივირებული ახალგაზრდები მოდიან. მე ძირითადად, რთულ საქმეებზე მიწევს გასვლა და დამწყებებიც თან მყავს, რომლებიც თვალებსა და ხელებში მიყურებენ, რომ ყველაფერი აითვისონ.

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი და გამყრელიძე-ზახაშვილის ემოციები ყუთების გახსნის დროს - ფოტოები აეროპორტიდან

შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე