ავტორი:

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეისთვის ქვეყანაში 3 საყურადღებო წერტილია, ესაა მესტიის, ყაზბეგისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ინტენსიური ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლირებადი და მართვადია.

„ზოგადად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით, 1336 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საკმაოდ ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გარკვეულწილად 3 საყურადღებო წერტილი გვაქვს. ერთი - კვლავ რჩება მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც 3367 PCR კვლევა ჩატარდა. დამატებით 1009 კვლევა ჩატარდა მესტიის გარეთ, რადგან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ლაბორატორიებს მიმართეს. მთლიანად მესტიასთან დაკავშირებული გვაქვს 47 დადებითი შემთხვევა, რომელშიც შედის ყველაზე დიდი, ე.წ. ლენჯერის კლასტერი და ასევე სხვა კონტაქტები.

მეორე საყურადღებო წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 4 საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ხოლო 10 კონტაქტი. მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 377 PCR კვლევაა ჩატარებული.

მესამე, ასევე საყურადღებო წერტილი ორი დღის წინ ქობულეთში გაჩნდა, სადაც დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამივე უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კაფე „ჰავანას“, სადაც დაწყებულია ინტენსიური კვლევები როგორც ამ ადამიანების კონტაქტებთან, ასევე თავად კაფეში.

91 PCR კვლევა ჩატარდა და 3-ია დადებითი, ხოლო 4-ზე დამატებითი ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. პარალელურად, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტირებულ პირებში სწრაფი ტესტები ჩატარდა და ჯერჯერობით ყველას შედეგი უარყოფითია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევა მართვადია, რადგან კლინიკურად მძიმე შემთხვევები არ არის.

„ისინი გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მიმდინარეობს დაკვირვება. სამივე წერტილში ინტენსიური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს “, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის შეფასებით, ქობულეთის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი არ არსებობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ქობულეთის ე.წ. ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.

„ქობულეთში არავითარი „წითელ ზონად“გამოცხადების საშიშროება არ არის. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იმყოფება. თავად გახლდით ქობულეთში და საკმაოდ სიმშვიდეა, არავითარი პანიკა არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აჭარის ეპიდემიოლოგიური სამსახური, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინტენსიურად მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მის თქმით, საქართველოში მდებარე სასტუმროების უმრავლესობა ითვალისწინებს იმ ზომებს, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესდა.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რაიონში მომიწია ყოფნა და არსებულ სიტუაციას ვაკვირდებოდი, როგორც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, ასევე სხვა ადგილებში. მინდა გითხრათ, რომ ყველა სასტუმროში საკმაოდ კარგად იცავენ წესებს. საზოგადოებას გათავისებული აქვს, რომ კორონავირუსული ინფექცია არსად გამქრალა და ჩვენს გვერდით არის, ამ ბოლო შემთხვევებმა სწორედ ეს დაადასტურა. კარგია, როდესაც მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ვირუსზე შემოწმება ჩაიტარეს. ასეთი 1009 ადამიანია, რომლებიც თვითდინებით მივიდნენ სხვადასხვა ლაბორატორიებში და თავიანთი სტატუსი გადაიმოწმეს, მათგან დაახლოებით 12-მდე ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია და ადრეულ ეტაპზე მოხდა მათი საავადმყოფოებსა და კარანტინში გადაყვანა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

როგორია ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  საკარანტინე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა?

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?