ავტორი:

ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"

ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"

26-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო პირველად დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. არჩევნების წინასწარმა შედეგებმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კვლავ ლუკაშენკოა, ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში გამოიყვანა. პროტესტის ტალღა ამ დრომდე არ წყდება.

მთავარი ოპონენტი, ოპოზიციური ძალების ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ქვეყნიდან გააძევეს. მან ლიეტუვას შეაფარა თავი და ახლა ბელარუს ხალხს ვიდეო მიმართვების საშუალებით ესაუბრება. 37 წლის სვეტლანა ტიხანოვსკაია, საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც მისი ქმარი, ცნობილი ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, დააკავეს (ბლოგერი 2020 წლის მაისში დააკავეს).

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ბელარუსში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

საერთაშორისო არენაზე ბელარუსის საკითხი ახლა განხილვის მთავარი თემაა. ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერენ ხელახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის“, "სოციალისტებისა და დემოკრატების“, "განაახლე ევროპის“, "მწვანეებისა“ და "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ.

  • გავიცნოთ ლუკაშენკოს პერსონა უკეთ:

65 წლის პრეზიდენტი 1994 წლიდან ხელისუფლებაშია და 9 აგვისტოს არჩევნების შედეგი გულისხმობს, რომ ის მეექვსე ვადით იქნება ბელარუსის პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციებმა არჩევნებამდეც მასობრივი სახე მიიღო.

ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის ლიდერს, მას კორონავირუსთან ბრძოლა მოუწია. ლუკაშენკომ, რომელიც პანდემიის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ არაყი და საუნა ვირუსისგან იცავდა, მოგვიანებით თქვა, რომ COVID-19-ით დაინფიცირდა და სიმპტომების გამოვლენის გარეშე გამოჯანმრთელდა.

ამას გარდა, არჩევნებამდე ბელარუსს რუს ჯარისკაცებზე ეჭვის მიტანის გამო რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბა. ბელარუსის ხელისუფლებამ 30-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დააკავა და ისინი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით ტერორისტული აქტის განხორციელების დაგეგმვაში დაადანაშაულა. რუსეთმა ეს ინფორმაცია უარყო, ლუკაშენკომ კი ქვეყანა(რუსეთი) "ტყუილში“ დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში ლუკაშენკომ და ვლადიმირ პუტინმა ორჯერ ისაუბრეს ტელეფონით. ლუკაშენკოს განცხადებით, პუტინი მას საგარეო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში დახმარების გაწევას დაჰპირდა.

  • "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“

რატომ - დიქტატორი? პრეზიდენტის ურთიერთობები ევროკავშირთან საკმაოდ დაძაბული იყო არჩევნებამდეც და ახლა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ლუკაშენკოს მიერ ოპონენტების რეპრესირებამ გამოიწვია სწორედ ის, რომ მას "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" უწოდებენ.

ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც მას ავტორიტეტად თვლის. ნაწილობრივ ეს, სავარაუდოდ, იმანაც განაპირობა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში დემოკრატიული პროცესები შეფერხებულია.

ლუკაშენკოს პოლიტიკური კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მოსკოვში ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი კარიერის წინსვლა დაიწყო. მომავალ პრეზიდენტს 1994 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ცენტრში ბელარუსის საკმაოდ სუსტი ეკონომიკის "გადარჩენა“ ჰქონდა მოქცეული. ის ხალხს დაჰპირდა, რომ სიღარიბისგან გადაარჩენდა, გაანადგურებდა მაფიას, შეამცირებდა ინფლაციას და აღადგენდა კავშირს რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. 1994 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის მოპოვების შედეგად, ის ბელარუსის პირველი პრეზიდენტი გახდა.

  • ურთიერთობა რუსეთთან

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველივე დღეებში ალექსანდრე ლუკაშენკომ რეფერენდუმი ჩაატარა, რომლითაც ქვეყანაში სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდა, ასევე, შეიქმნა დროშა და გერბი და დაიწყო რუსეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია. 1995 წელს ბელარუსსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

2001 წელს დაიწყო ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მეორე ვადა, მან ხმების 75% მიიღო, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ეუთომ განაცხადეს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო სტანდარტები არ იყო დაცული. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლუკაშენკოს გამარჯვება პირადად მიულოცა. მაგრამ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისთანავე ლუკაშენკომ რუსეთთან კამათი დაიწყო. ორმა ქვეყანამ ვერ გამონახა საერთო ენა მმართველობის საკითხებსა და ერთიანი ვალუტის შემოღებაზე. რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა გაზის სკანდალის გამოც გამწვავდა.

პრეზიდენტის მმართველობას არ იწონებდა დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა, თუმცა, ის აცხადებდა, რომ ბელარუსში "ფერადი რევოლუციებისა“ და "დასავლელი ბანდიტების მიერ წესრიგის დამყარებას“ არ დაუშვებდა.

2006 და 2010 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. 2010 წლის არჩევნები აშშ-მა "გაყალბებულად" ჩათვალა, ეუთოს შეფასებით კი, პროცესი გამჭვირვალე იყო. 2011 წელს ქვეყანაში მძიმე სავალუტო კრიზისი დადგა, თუმცა ლუკაშენკო ეკონომიკურ კრიზისს არ ცნობდა. 2015 წელს ის მეხუთედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 2018 წლის აგვისტოში კორუფციის სკანდალის გამო ლუკაშენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი და სხვა თანამდებობის პირები გაათავისუფლა.

  • ლუკაშენკოსა და პუტინის ურთიერთობა

ალექსანდრე ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან არა მარტო პარტნიორული, არამედ მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუმცა, 2016 წლიდან პრეზიდენტის განცხადებებს ცვლილება დაეტყო. იმ პერიოდში ლუკაშენკომ ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ განაცხადა, ძმები ვართ, თუმცა რუსეთის ხელის ბიჭები არ ვიქნებითო. 2017 წელს ლუკაშენკომ რუსეთი გააკრიტიკა და წლების წინ დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

  • ურთიერთობა საქართველოსთან

ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რამდენჯერმე იმყოფებოდა. ბოლოს ის 2018 წლის მარტში, უმცროს ვაჟთან ერთად ჩამოვიდა. ბელარუსის პირველმა პირმა ვიზიტის დროს საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა, ასევე, გადასცა კარტოფილიც.

  • ადრეული წლები და განათლება

პოლიტიკისა და მრავალჯერ პრეზიდენტობის გარდა, რისი თქმა შეიძლება კიდევ "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე“? საინტერესოა მისი ახალგაზრდობა და პირადი ცხოვრებაც.

ბელარუსის ლიდერი 1954 წლის 30 აგვისტოს ვიტებსკის რაიონში, საქალაქო დასახლება კოპისში დაიბადა. მომავალ პრეზიდენტს მხოლოდ დედა, ეკატერინა ტროფიმოვნა ზრდიდა, რომელიც ფერმაში მუშაობდა. მამაზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის მეტყევე იყო. ლუკაშენკო სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა. ბავშვობა სოფელ ალექსანდრიაში გაატარა, სადაც სკოლაში ადგილობრივ ბავშვებთან ერთად დადიოდა. მოგვიანებით, მოგილევსკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღების შემდეგ, ქალაქ შკლოვში საშუალო სკოლაში, კომკავშირის კომიტეტის მდივნად დაინიშნა. სკოლაში რამდენიმე თვე იმუშავა, შემდეგ ჯარში გამოიძახეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა.

1980 წელს მეორედ წავიდა არმიაში, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში სატანკო საკითხების პოლიტიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა.

1985 წელს, ბელარუსის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის დასრულების შემდეგ, მომავალმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეკონომიკურ საკითხებში დიპლომი აიღო, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმო "გოროდეცს", სადაც ახალგაზრდა სპეცილისტის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი.

  • პირადი ცხოვრება

ალექსანდრე ლუკაშენკოს პირადი ცხოვრება ხშირად გამხდარა განსჯის საგანი. 1975 წელს ბელარუსის ლიდერი სკოლის მეგობარ გალინა ჟელნეროვიჩზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ვაჟი - ვიქტორი და დმიტრი ეყოლა. ლუკაშენკოს უფროსი ვაჟი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში მუშაობს, დმიტრი კი - პრეზიდენტის სპორტული კლუბის ცენტრალურ საბჭოს ხელმძღვანელობს. როგორც ერთ-ერთი ტაბლოიდი წერს, ლუკაშენკომ უფროსი ვაჟი, ვიქტორი საჯაროდ დაახასიათა, როგორც "უსარგებლო სუსტი ადამიანი, რომელიც უფრო და უფრო სუსტდება".

ალექსანდრ ლუკაშენკოსა და გალინა ჟელნეროვიჩის ქორწილის ფოტო

ქვეყნის მედია საშუალებები ბოლო წლებში წერდნენ, რომ პრეზიდენტი ცოლთან ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა არც განქორწინებას აპირებს. ლუკაშენკოს ცოლი ქმრისგან განცალკევებით, სოფელ რიჟკოვიჩში ცხოვრობს, თუმცა მეუღლის მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფება და მასთან ურთიერთობაზე კომენტარს არ აკეთებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წელს ლუკაშენკოს ოჯახის ექიმთან, ირინა აბელსკაიასთან ვაჟი ეყოლა.

ლუკაშენკო ვაჟებთან ერთად. ფოტო 2019 წელსაა გადაღებული

პრეზიდენტს 7 შვილიშვილი - ორი ბიჭი და 5 გოგონა ჰყავს და მათთან დიდი დროის გატარებას ცდილობს. შვილიშვილებთან ყოფნის გარდა, თავისუფალ დროს ლუკაშენოკო უთმობს ყინულის ჰოკეის, რომლითაც ის ბავშვობიდანაა გატაცებული. მუდმივად ვარჯიშობს, უფრთხილდება ფორმას და ატარებს სათხილამურო შეჯიბრებს, სადაც თავად ადგენს წესებს.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ტურნირებზე ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად, ლუკაშენკოსთვის პარტნიორობა გაუწევიათ ვლადიმირ პუტინს, დიმიტრი მედვედევს და ნურსულთან ნაზარბაევს.

უფროსი ლუკაშენკოს გარდა, ადგილობრივი მედიასაშუალებები უკვე ინტერესდებიან უმცროსი ლუკაშენკოს პირადი ცხოვრებითაც. ის ხშირად დაჰყვება მამას სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტებზე, შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. მედიაში აქტიურად განხილავენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უმცროს ვაჟს საპრეზიდენტო სკამს უმზადებს, თუმცა ამ კითხვაზე მან განაცხადა, რომ თავისი შვილისთვის საპრეზიდენტო ბედს არ ისურვებს.

ლუკაშენკო თავს მართლმადიდებელ ათეისტს უწოდებს. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს კონსერვატიული ადამიანი და არ უნდა გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა "აიპადი", აიფონი" და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ:"ღარიბი“ პრეზიდენტი მილიონიანი მანქანა-აგარაკებით - რა ქონებას ფლობს ალექსანდრ ლუკაშენკო

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

კობი ბრაიანტის დაღუპვის საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდა - არის თუ არა მთავარი დამნაშავე დისპეტჩერი?

რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა