ავტორი:

მითია თუ რეალობა, რომ ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მავნებელია? - ცნობილი ინფექციონისტის განსხვავებული მოსაზრება

მითია თუ რეალობა, რომ ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მავნებელია? - ცნობილი ინფექციონისტის განსხვავებული მოსაზრება

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ღორის ხორცი უფრო მავნებელია, ვიდრე საქონლის. ამიტომ ყოველდღიური მოხმარებისას ისინი ამ უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას.

მათი არგუმენტი ის არის, რომ ღორის ხორცი, საქონლის ხორცთან შედარებით ცხიმიანი და უფრო მეტის ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.

ცნობილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ეს მოსაზრება მორიგი სამედიცინო მითია. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ის "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"ისევ სამედიცინო მითების შესახებ:

შეიძლება ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს და ამდენ მსჯელობას არც იმსახურებდეს, ზოგს გაუკვირდება, ამ გაგანია პანდემიის დროს რა დროს ეს არისო, უბრალოდ საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების კიდევ ერთი უმარტივესი მაგალითი მინდა მოვიყვანო:

პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ არ ჭამს ღორის ხორცს და დარწმუნებულები არიან, რომ ამით ძალიან უწყობენ ხელს თავიანთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით ხშირია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

გაუგებარია, საიდან მოდის ეს ძალიან მყარად დამკვიდრებული აზრი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ღორის ხორცს რაიმე სპეციფიური მავნებლობა ახასიათებდეს ძროხის ხორცთან შედარებით. ღორის ხორცთან მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ალბათ არის ის, რომ ცხიმიანია, თუმცა არგუმენტად ეს ვერ გამოდგება, რადგან თუ ჩვენ განვიხილავთ კუნთოვან ნაწილს (ანუ „მჭლე“), სატურირებული ცხიმის შემცველობით ძროხის ხორცი აღემატება ღორისას. მეორეს მხრივ, მთელი რიგი ვიტამინების/მინერალების შემცველობით ღორის ხორცს უპირატესობებიც გააჩნია (გარდა რკინისა, რომელიც მეტია ძროხის ხორცში).

ასევე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს) არ უნდა მივცეთ ღორის ხორცი. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში ბავშვთა კვებაში ჩვეულებრივ არის წარმოდგენილი ღორის ხორცი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცის გამოყენება.

დასკვნა კი ის არის, რომ როდესაც რაღაც შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს (ან პირიქით, როდესაც რაღაც პროდუქტის თუ ნივთიერების მარგებლობის გვჯერა), კარგი იქნება, თუ შესაბამის არგუმენტებს მოვიძიებთ. ეს პირველ რიგში ეხებათ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლესაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პაციენტებისთვის თუნდაც ასეთი მარტივი რეკომენდაციების მიცემის დროს და მათი ეს რჩევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით" - წერს ბუწაშვილი.

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვას გეგმავს მერია?